Accessibility links

logo-print

აშშ-ს კონგრესში კენჭისყრა ტარდება საბანკო სექტორში კრიზისის თაობაზე


მსოფლიო ერთ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე დაძაბულად ელოდა ცნობას იმის თაობაზე, თუ როგორ გაართმევდა თავს შეერთებული შტატების მთავრობა საბანკო სექტორში გაჩენილ კრიზისს.

შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებსა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას შორის მრავალდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეულია შეთანხმება კანონპროექტის თაობაზე. ამ კანონპროექტით გათვალისწინებული საგანგებო ზომების პაკეტი დღეს წარედგინება დასამტკიცებლად კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მომავალ კვირაში კი - სენატს.

ათი დღის წინათ შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა წარმოადგინა სამგვერდიანი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების კრიზისით მოცული საბანკო სექტორისთვის 700 მილიარდი დოლარის გამოყოფას გამაჯანსაღებელი ზომებისთვის.

ამ თემაზე მას მერე დღე და ღამე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, კვირას კი კონგრესის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ის დოკუმენტი, რადაც გარდაიქმნა პოლსონის მემორანდუმი. მემორანდუმი შეიცვალა 110-გვერდიანი დოკუმენტით, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საგანგებო ზომების პაკეტი. მასში ასევე დამატებულია მრავალი პირობა, რომელთა მიზანია, დაარწმუნოს ამერიკელები, რომ ფინანსური სექტორის დახმარებისთვის გაღებული თანხა არ იქნება უბრალო სუბსიდია.

როცა ამ შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეეცადა, ამერიკელთა სწორედ ეს ეჭვები გაეფანტა:

[პელოსის ხმა] "ჩვენ გვსურს, მეინ სტრიტი, რიგითი ამერიკელები დავიცვათ უოლ სტრიტის კრიზისისგან. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქმე არ ეხება უოლ სტრიტის გათავისუფლებას ვალებისგან. ეს გახლავთ ინვესტიცია, რათა ჩვენი ეკონომიკა შემოვაბრუნოთ."

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების კიდევ ერთმა ლიდერმა, ჰარი რიდმა კი თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ შეთანხმებას ამერიკის ორივე მთავარი პარტია უჭერს მხარს:

[რიდის ხმა] "ეს ორპარტიული მიდგომა გახლავთ. მასში ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას. დღეს დილას ორივემ მოაწერა ხელი დოკუმენტს და თქვა, რომ ეს კარგი კანონპროექტია. ჩვენ ვაფასებთ ამას. ახლა კი ხმა უნდა მივცეთ ამ დოკუმენტს."

კენჭისყრის ბედი გარკვეული არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ რიგითი ამერიკელები ერთობ ეწინააღმდეგებიან გამაჯანსაღებელი ზომების გატარებას გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. ამიტომ დღევანდელი კენჭისყრა სავსეა დრამატიზმით. ასეთივე ზეწოლის ქვეშ იქნება მომავალ კვირაში შეერთებული შტატების სენატი.

რას გულისხმობს კანონპროექტი, რომელიც დიდი დეპრესიის შემდეგ, ანუ 30-იანი წლებიდან მოკიდებული, შეერთებული შტატების მთავრობის უდიდესი ინვესტიციაა ბაზარში.

მისი მთავარი ელემენტი ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო მზადაა, საფინანსო კრიზისით დაზარალებული ბანკებისგან შეისყიდოს ე.წ. ცუდი ვალები. ანუ ის ვალები, რომელთა გასტუმრება ვეღარ ხერხება.

ბინათმშენებლობის სფეროში წარმოშობილმა კრიზისმა მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა ამერიკის მოწინავე ბანკებს, რომლებიც უკონტროლოდ გასცემდნენ ჰიპოთეკურ სესხებს და თავადაც იღებდნენ ვალებს უფრო და უფრო მეტი სესხების გასაცემად. საბოლოოდ ეს სისტემა ბუშტივით გასკდა. ვალების გადახდის საშუალება აღარ ჰქონდათ აღარც ბინების პატრონებს და აღარც ბანკებს, რომლებიც სხვა ბანკებისგან სესხულობდნენ ფულს.

შეერთებული შტატების მთავრობის გეგმის თანახმად, ის არა მარტო ფინანსურად დაეხმარება გაჭირვებულ ბანკებს და მათ ვალებს გაისტუმრებს, არამედ სანაცვლოდ ამ ბანკების თანამფლობელიც გახდება. ეს კი მთავრობას საშუალებას მისცემს ბანკების გაჯანსაღების შემდეგ მათ მიერ მომავალში მიღებული მოგების მეწილე გახდეს და ამ გზით დაიბრუნოს თანხა, რომელსაც ის ახლა ჩადებს ბანკების გადარჩენის საქმეში.

პოლსონის გეგმაში შეტანილი მთავარი სიახლე სწორედ ეს გახლავთ - მთავრობის მეწილეობა მომავალ მოგებებში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ორშაბათს ვაშინგტონში გამოსვლისას გეგმის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის ეკონომიკა კვლავაც დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს:

[ბუშის ხმა] "დარწმუნებული ვარ, რომ გადარჩენის ამ გეგმით და სხვა ზომებით, რომლებსაც მიმართავენ ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი, დაიწყება ამერიკის ფინანსური სისტემის და მთელი ეკონომიკის ძლიერებისა და სტაბილურობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, რომ შორეული პერსპექტივით ამერიკა დაძლევს ამ გამოწვევებს და მსოფლიოში ყველაზე დინამიურ და პროდუქტიულ ეკონომიკად დარჩება."

მიუხედავად ამ ოპტიმიზმისა, ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკის ეკონომიკას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება პოზიციების დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG