Accessibility links

logo-print

ეუთოს შეფასებით, ბელორუსიაში არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს


უხეში გამოთვლით, კვირას ბელორუსიაში გამართულ

საპარლამენტო არჩევნებში ყოველი ოთხი კანდიდატიდან ერთი პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენდა. მაგრამ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციას წარმომადგენელთა პალატაში არც ერთი მანდატი არ ერგო. ეუთოს შეფასებით, არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებით დასავლეთთან გააუმჯობესებდა ურთიერთობას, მაგრამ, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა პროცესები სხვაგვარად განვითარდეს:

ალექსანდრ ლუკაშენკოს იმედი ჰქონდა, რომ კვირას გამართული არჩევნებით ბელორუსიისა და დასავლეთის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყებოდა.

მაგრამ არჩევნების შედეგები ძველ და ნაცნობ ვითარებას უფრო ჩამოჰგავს. წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში არც ერთი მანდატი არ ერგოთ.

ეუთოს, რომელსაც კენჭისყრაზე დაახლოებით 450 დამკვირვებელი ჰყავდა წარგზავნილი, მიაჩნია, რომ არჩევნები არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ეუთოს დამკვირვებლების განცხადების თანახმად, ამ არჩევნებზე ”მცირეოდენი გაუმჯობესება” შეიმჩნეოდა და საკუთრივ კენჭისყრის პროცესმა, ”მთლიანობაში, კარგად ჩაიარა.” მაგრამ განსაკუთრებული დარღვევები აღინიშნა ხმების დათვლის დროს. ეუთოს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ბიულეტენების დათვლის პროცესის დროს ისინი საარჩევნო უბნების დაახლოებით ერთ მესამედში არ დაუშვეს, ხოლო იქ, სადაც შესვლა მოხერხდა, რამდენიმე შემთხვევაში ”შედეგების მიზანმიმართული გაყალბება” აღირიცხა.

სანამ ეუთო პირველ განცხადებას გაავრცელებდა, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიდია იარმოშინამ, განაცხადა, რომ ქვეყნის 110 ადგილიან პარლამენტში არც ერთი მანდატი არ ერგო ოპოზიციას:

[იარმოშინა]
”კომენტარს არ გავაკეთებ. ერთადერთი, რის შესახებაც კომენტარი მაქვს, ციფრებია. ხოლო ციფრები ამას აჩვენებს. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ მოხვდნენ [ოპოზიციის კანდიდატები პარლამენტში], მათ ამომრჩევლებმა არ დაუჭირეს მხარი. მონაცემებს შორის მცირედი სხვაობა რომ ყოფილიყო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა რამეზე ლაპარაკი. მაგრამ თუკი ოპოზიციის წარმომადგენლების და გამარჯვებული კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ ამ მონაცემების შედარებაც კი არ შეიძლება ერთმანეთთან.”

ოპოზიციის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა კომუნისტური პარტიის ლიდერმა სერგეი კალიაკინმა მოიპოვა - თავის ოლქში მას მხოლოდ ხმათა 15.6 პროცენტი ერგო. არსებული ვითარებიდან აშკარად ჩანს, რომ ყველა ოლქის გამარჯვებული პრეზიდენტის მომხრე კანდიდატი იქნება.

ამგვარი შედეგები გასაკვირი არ იქნებოდა ბელორუსიის ტიპიურ არჩევნებში, რომლებიც, როგორც წესი, მკაცრად გაწერილი სცენარით ტარდებოდა ხოლმე.






მაგრამ პრეზიდენტ ლუკაშენკოს, რომელსაც ბოლო პერიოდში მოსკოვთან არაერთი უთანხმოება მოუვიდა გაზის ფასის ზრდისა და დასავლეთთან დაახლოების სურვილის გამო, სურდა ეს არჩევნები განსხვავებული ყოფილიყო. თავის მხრივ, ევროკავშირიც გამოვიდა მინიშნებით, რომ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს სანქციების შემსუბუქება შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

ამდენად, ლუკაშენკომ გარკვეული ზომები გაატარა იმისათვის, რომ ეს არჩევნები ზედაპირულად მაინც დამსგავსებოდა ლეგიტიმურ პოლიტიკურ შეჯიბრს.

260-ზე მეტი კანდიდატისგან შემდგარ სიაში დაახლოებით 80 პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენდა; საკუთრივ კენჭისყრის პროცესი კი ეუთოს დაახლოებით 450 დამკვირვებლის თანდასწრებით ჩატარდა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ეუთოს განცხადებით, მის დამკვირვებლებს არ მიეცათ თავისუფლად მუშაობის საშუალება.

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. კვირას მინსკში გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 800-მა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრ კაზულინი, რომელიც 2006 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მეტოქე იყო, ახლახან ნაადრევად გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც მას მაშინდელი არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ხუთ-ნახევარი წელი უნდა დაეყო.

ამ საპარლამენტო არჩევნებში მანდატისთვის მისი ქალიშვილი ვოლგა იბრძოდა, თუმცა მან ხმათა მხოლოდ 8.6 პროცენტი მიიღო. კაზულინის თქმით, ოპოზიციას გაყალბების დამამტკიცებელი ”ბევრი ფაქტი და მტკიცებულება” აქვს, თუმცა ის დასავლეთს მოუწოდებს მაინც გააგრძელოს დიალოგი მინსკთან:

[კაზულინის ხმა]
”რასაკვირველია, არ შეიძლება [დასავლეთმა] ბელორუსიის პოლიტიკურ რეჟიმს კარი დაუხუროს. საჭიროა მასთან მუშაობა; საჭიროა მათ ასწავლონ, როგორ ხდება ყველაფერი ცივილიზებულ საზოგადოებაში, ცივილიზებულ სამყაროში. მაგრამ ვფიქრობ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დიალოგი წარმოადგენს თანამშრომლობას, რომელიც ორივე მხარის მიერ ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას. ამდენად, თუკი დასავლეთი ბელორუსიის პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ უნდა ვეცადოთ ამ რეჟიმმაც გადადგას შესაბამისი ნაბიჯები - დეკლარაციები და განცხადებები კი არა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები და ბელორუსიის საზოგადოების კონკრეტული დემოკრატიზაცია.”

ახალმა წარმომადგენელთა პალატამ პირველი სესია 25 ოქტომბერს უნდა გამართოს.
XS
SM
MD
LG