Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში აფხაზი სეპარატისტები ქართული პასპორტების ამოღებას იწყებენ


გავრცელებული ცნობებით, აფხაზი სეპარატისტები და მათთან ერთად რუსი ოკუპანტები გალის რაიონის ქართული მოსახლეობიდან




საქართველოს პასპორტების ამოღებას იწყებენ. ამასთან, ქართველებს გალის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის გადასახადს უწესებენ ... აფხაზეთის მედიაცენტრის ცნობით, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის დაწესებული გადასახადი იზრდება იმისდა მიხედვით, რამდენი დღით ტოვებს ესა თუ ის პირი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიას..
საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, გალის რაიონის მოსახლეობიდან საქართველოს პასპორტების ამოღების დაწყებით, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა გრძელდება.


გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, რომელსაც ჩვენ ტელეფონით ზუგდიდში დავუკავშირდით, გვითხრა, რომ გალიდან ზუგდიდში გადმოსვლა რამდენიმე დღის წინ მოახერხა. ზუგდიდში მყოფმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მკვიდრმა არაფერი იცოდა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებაც აფხაზმა სეპარატისტებმა და მათთან ერთად რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფლებში დაგეგმეს.. ვგულისხმობთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის აფხაზეთის პასპორტების ჩამორთმევას.

[გალის რაიონის მკვიდრის ხმა] ” ოტობაიაში და ნაბაკევში არაფერი ეგეთი არ ხდება.. სხვაგან არ ვიცი, ხვალ-ზეგ რა იქნება, ვერ გეტყვით, შეიძლება 4 -5 დღის მერე ისევ ჩავიდე.. ”

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული კანონის თანახმად, გალის რაიონის მოსახლეობას გალის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის გადასახადი 5 ლარი დაუწესდა.. გადასახადი დაწესდა ენგურის ხიდზე ტვირთის გადატანაზეც: 1 კილოგრამი ტვირთის გადატანა საქართველოს მოქალაქეებს 30 თეთრი დაუჯდებათ.. აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის დაწესებული გადასახადი გაიზრდება იმისდა მიხედვით, რამდენი დღე დაყო გალის რაიონის ამა თუ იმ მოსახლემ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გარეთ.. თუ ასეა, ზუგდიდის რაიონში დროებით გადმოსულ გალის რაიონის მკვიდრს, რომელსაც ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ, საკუთარ სოფელში დაბრუნებისთვის იმდენჯერ 5 ლარის გადახდა მოუწევს, რამდენსაც, მთლიანობაში, ზუგდიდში გაატარებს... რა იქნება ხვალ-ზეგ, არ ვიციო, გვითხა მან.. ხვალ და ზეგ კი შეიძლება იყოს ის, რასაც აფხაზები და რუსები გალის რაიონში გეგმავენ.. გალის რაიონის მოსახლეობიდან საქართველოს პასპორტების ამოღების გეგმა, როგორც უკვე ვთქვით , საქართველოს ხელისუფლებაში ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს. გავრცელებული ცნობებით, გალის რაიონის ქართველობას, საქართველოს პასპორტებზე უარის თქმის სანაცვლოდ, აფხაზი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები თვეში 60 ლარის ეკვივალენტ რუსულ შემწეობას სთავაზობენ. აფხაზთა მხარე ყველა ქართველისგან მოითხოვს აფხაზური პასპორტის აღებას. ამ გარემოების გამო ექსპერტები გალის რაიონიდან ქართველების გამოდევნის ახალი ტალღის დაწყებას არ გამორიცხავენ...

” არ გაგვიკვირდება რეპრესიების იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც წლების მანძილზე ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ტარდებოდა. თუმცა ეს სამართლებირივადაც და პოლიტიკურადაც ყოვლად უკანონო ქმედება იქნება”, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე..

საქართველოს ხელისუფლებას გალის რაიონის მოსახლეობის დაცვა არ შეუძლია.. ერთადერთი იმედი კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლას უკავშირდება, თუმცა აფხაზთა მხარე და მასთან ერთად რუსეთის მხარე დამკვირვებლების კონფლიქტის ზონების სიღრმეში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია..

ერთ-ერთი კონფლიქტური ზონის სიღრმეში კი, ვგულისხმობთ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას, 20 სექტემბერს მოსკოვის მერს, იური ლუჟკოვს, ელოდებოდნენ. ლუჟკოვმა სოხუმის ცენტრში ”მოსკოვის სახლი ” უნდა ააშენოს.. ამჯერად მან აფხაზეთში ჩასვლა იმ საზეიმო სხდომაში მონაწილეობისთვის დაგეგმა, რომელიც აფხაზეთზე საქართველოს კონტროლის დაკარგვის 15 წლის თავის აღსანიშნავად ტარდება. ღონისძიება ტარდება ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით” რუსეთის მიერ ოკუპირებულად აცხადებს, მოსკოვის მერმაც ”მოსკოვის სახლი” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა ააშენოს... ახალი კანონის თანახმად კი, მსგავსი ქმედებები უნდა დაისაჯოს. იზღუდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილება, რაც უცხოეთის ნებისმიერ მოქალაქეს ავალდებულებს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდეს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. შეზღუდვის მეორე კატეგორია ეხება საკუთრების საკითხს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების განკარგვის უფლება კანონიერად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც აღდგება ოფიციალური თბილისის კონტროლი ამ ტერიტორიებზე და, მესამე, იზღუდება სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ანუ საქართველოს უკონტროლო რეგიონებში იკრძალება ყოველგვარი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად.

ამ შეზღუდვებს აწესებს საქართველოს კანონი.. მაგრამ ეს შეზღუდვები ჯერჯერობით ხელს ვერ შეუშლის სოხუმის ან ცხინვალის მოსკოველ სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ და იქვე საკუთარი ბიზნესინტერესების რეალიზება მოახდინონ.








XS
SM
MD
LG