Accessibility links

logo-print

მომავალი წლიდან საქართველოს სასამართლო სისტემას უვადოდ დანიშნული მოსამართლეები ეყოლება


უვადო მოსამართლეების კანდიდატების გამოსავლენად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პრეტენდენტების ტესტირება გაიმართა. ამ გამოცდამ ის 11 მოსამართლე

უნდა გამოავლინოს, რომლებიც 2009 წლიდან, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პირველად საქართველოს სასამართლო სისტემაში, უვადო მოსამართლეები გახდებიან. შემდგომ ეტაპზე ყველა 10 წლიანი ვადით დანიშნულ მოსამართლეს საშუალება ექნება, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მომზადების შემდეგ, უვადო მოსამართლე გახდეს.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 9 თვიანი კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ თერთმეტი მოსამართლე სწავლების პრაქტიკულ კურსზე გადავა და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნავს მათ უვადო მოსამართლეებად იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ სიახლეს სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებას უწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „ჯერ ერთი, შევა ცვლილებები კონსტიტუციაში და შემდეგ ეს კანდიდატები დაამთავრებენ სკოლას და დაინიშნებიან უვადოდ და ამით დასრულდება რეფორმა ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით. ჩვენ გვეყოლება სრულყოფილად მომზადებული მოსამართლეები.“(სტილი დაცულია)

კოტე კუბლაშვილმა ეს განცხადება უვადო მოსამართლეების ტესტირების დაწყების წინ გააკეთა. ტესტირების შედეგები ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს მათ მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება ჯერჯერობით არც კი შესულა საქართველოს პარლამენტში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ წლამდე განხორციელდება და უვადო მოსამართლეობის ინსტიტუტი 2009 წლიდან ამოქმედდება:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემის შემოღება არის მოსამართლეთა ხელშეუხებლობის, უცვლელობის და სტაბილურობის უმთავრესი გარანტია. ამ პრინციპის უზრუნველყოფით ჩვენ დავამთავრებთ მოსამართლეთა დანიშვნის ახალი სისტემის შექმნას.“(სტილი დაცულია)

კოტე კუბლაშვილი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ სხვა ცვლილებებზეც საუბრობს, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებისა და დაცვის მხარის უფლებების გაძლიერების შესახებ.

ამ ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „უვადო დანიშვნა შეიძლება მართლაც იყოს გარანტია, მაგრამ მეორე შემთხვევა არის, რომ კანონი არ იძლეოდეს საშუალებას უვადოდ დანიშნული მარტივად გაათავისუფლო. ეს ინიციატივები უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რათა რადიკალური შემობრუნება მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში.“(სტილი დაცულია)

უვადო მოსამართლეების ინსტიტუტი, სავარაუდოდ, 2009 წლიდან ამოქმედდება. წინადადება შეიქმნას ეს ახალი ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას მან სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება „დემოკრატიის ახალი ტალღის“ რეფორმების შემადგენელ ერთ-ერთ ძირითად ამოცანად დასახა.

ქართულ საზოგადოებაში ამ ამოცანაზე მსჯელობა ახლა იწყება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები ერთთვიან საჯარო განხილვას მოითხოვს, რომლის დროსაც მოსამართლეთა უვადო დანიშვნისა თუ ზოგადად სასამართლო სისტემის რეფორმირების სხვადასხვა ალტერნატივები გაჩნდება. მათ შეჯერებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სპეციალური კომისია შეეცდება, რომელიც საბოლოო პროექტს დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG