Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესაში ბოლო დღეებში საფინანსო კრიზისის თემა დომინირებს - რეპორტაჟებში


დასავლეთის პრესაში ბოლო დღეებში საფინანსო კრიზისის თემა დომინირებს - რეპორტაჟებში, ანალიტიკურ მასალებში, ინტერვიუებში

განიხილება აშშ-ის საფინანსო სექტორის კრიზისიდან გამოყვანის, ჯერ-ჯერობით, წარუმატებელი ძალისხმევა და ამ წარუმატებლობის მიზეზები თუ შედეგები. საქართველო-რუსეთის კრიზისს შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა, თუმცა, პრაქტიკულად, დღე არ გავა, ერთი-ორმა წამყვანმა გამოცემამ მაინც რომ არ გამოაქვეყნოს სტატია ამ თემაზე.

“ნიუ იორკ ტაიმსი” დღევანდელ ნომერში ბეჭდავს სტატიას, რომელიც ჟურნალისტმა მაიკლ შვირცმა დაწერა მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მუზეუმის დათვალიერების შემდეგ. ჟურნალისტი გვამცნობს, რომ მუზეუმში ერთი მომცრო კუთხე ეთმობა “ნადავლს”, მოსკოვში ჩატანილს სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების შემდეგ: ეს ნადავლია დახეული ქართული დროშები, ნატოს სტილს მორგებული სამხედრო ფორმები, ამერიკული ავტომატური იარაღი. ფოტოექსპოზიცია სახელწოდებით “ კავკასია: აგვისტოს 5ი დღე”, ამერიკელი ჟურნალისტის შეფასებით, საქართველოში რუსეთს “აბსოლუტურ გამარჯვებულად” წარმოსახავს.

“მერე რა, რომ რუსეთი დიპლომატიური კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა საქართველოში შეჭრის (...) ან რომ მთელს მსოფლიოში დაგმეს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით აღიარება. არა უშავს - ათწლეულების მანძილზე სამარცხივნო მარცხების, ავღანეთში 80-იან და ჩეჩნეთში 90-იან წლებში განცდილი წარუმატელობის შემდეგ - რუსეთი ისევ გამარჯვებულია. “მადლობა უნდა ვუთხრათ ქართველებს ამ პატარა წარმატებული ომისთვის. დაგვეხმარა რუსებსო”, - ამბობს ოლეგ სერგიენკო, 38 წლის იურისტი, რომელსაც მოსკოვში ექსპოზიციის დათალიერების დროს გამოელაპარაკა “ნიუ იორკ ტაიმსის” კრესპონდენტი.

ბრიტანეთის ყოველდღიური “გარდიანის” ჟურნალისტ ჯონათან სტილს კი გროზნოში მოუწია ჩასვლა და მკითხველს უზიარებს შთაბეჭდილებებს ქალაქზე, რომელშიც ბოლოს 5 წლის წინ იყო. “როცა 5 წლის წინ ბოლოს ვიყავი გროზნოში, ის ნანგრევებად ქცეულ დრეზდენს ან ჰიროშიმას მოგაგონებდა. ახლა მთავარი ქუჩების გასწვრივ ახალი 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, კაფეები აუგიათ. ცენტრალურ მოედანზე მუშები ბოლო ქვებს დებენ მოკირწყლულ შესასვლელში შენობასთან, რომელსაც ევროპის უდიდეს მეჩეთად მოიხსენიებენ - ეს არის სტამბოლის ცისფერი მეჩეთის ასლი, დაფინანსებული და დიდწილად აგებული თურქეთის დახმარებით.”

“მოგვწონს ეს თუ არა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი, “ომი ჩეჩენთში პუტინმა მოიგო. იშვიათია, უცხოელმა ოკუპანტებმა, ნაციონალისტური ამბოხების დამარცხება ადგილობრივი ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენლების მეშვეობით შეძლონ”. ბრიტანელი ჟურნალისტი დაწვრილებით წერს ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვზე, რომლის უზარმაზარი გამოსახულებებიც მთელს გროზნოშია მოფენილი.

“მწარე ღიმილს თუ მოგვრის კაცს ხოტბა, კადიროვი რომ ასხამს რუსეთს. მე-19 საუკუნეში ცარისტული ინტერვენციის შემდეგ, კავკასიის არც ერთ ხალხს არ უბრძოლია ასეთი გააფთრებით რუსების წინააღმდეგ, არავინ დატანჯულა ასე ძალიან. მაგრამ ახლა ჩეჩნეთის პრეზიდენტი იკვეხნის, რომ სამხრეთ ოსეთში ჩეჩენი ჯარისაცებიც გააგზავნა რუსებთან ერთად. “ჩეჩნებს არასოდეს ნდომებიათ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დავრჩებით რუსეთის შემადგენლობაშიო”, რამზან კადიროვის ეს სიტყვები “გარდიანში” დაბეჭდილი სტატიის ავტორს მოჰყავს. ის, გროზნოში ჩასვლის გარდა, ჩეჩენ ემიგრანტებს ესაუბრა და აღმოაჩინა, რომ ისინი მხოლოდ დროებით გამოეთხოვნენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ოცნებას. იმედს მათ ორი ფაქტორი აძლევს: ჯერ ერთი, ომებმა, მრავალრიცხოვან ეთნიკურ რუსებს აიძულა ჩეჩნეთის დატოვება - მოსახლეები წავიდნენ, დარჩნენ მარტო ოკუპანტები. და მეორე ფაქტორია ახალი დიასპორა. ისლამიზაციის მოწინააღმდეგე ერთ-ერთ ჩეჩენ ემიგრანტს “გარდიანის” ჟურნალისტთან ინტერვიუში როგორც უთქვამს, “არაბულ ქვეყნებს, საბედნიეროდ, არასდროს შეუფარებიათ ჩეჩენი ლტოლვილები. ისინი არ განიცდიან ისლამურ გავლენას. ყველა დასავლეთში მიდის, უმეტსეწილად ევროპაში. განათლებას იღებენ და, ერთ მშვენიერ დღეს, მზად იქნებიან ჩეჩნეთში დასაბრუნებლად”.
XS
SM
MD
LG