Accessibility links

logo-print

საფინანსო კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. როგორ განვითარდება პროცესი?


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ორშაბათს გამართული კენჭისყრის შედეგმა გლობალური ფინანსური შოკი გამოიწვია.

როგორც ცნობილია, ამ კენჭისყრის შედეგად ჩავარდა აშშ-ის მთავრობის გეგმა, 700 მილიარდი დოლარით დაეხმაროს კრიზისით მოცულ საფინანსო სექტორს. ამდენად, ორშაბათის კენჭისყრას დიდ იმედებს უკავშირებდნენ. მაგრამ კანონმდებლების უარმა კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა: მკვეთრი დაღმასვლა გამოიწვია ამერიკის საფონდო ბირჟაზე. უოლ სტრიტის წამყვანმა, დაუ-ჯოუნსის ინდექსმა ერთადერთ დღეში დაკარგა 770 პუნქტი, რაც უდიდესი დანაკარგია ამ ინდექსის არსებობის მთელს 38-წლიან ისტორიაში. თუმცა, ვაშინგტონის გეგმის ჩავარდნის შედეგები კიდევ გაცილებით უფრო მასშტაბურია.

შოკმა, უოლ სტრიტთან ერთად, აზიისა და ევროპის ბირჟებიც მოიცვა, ავსტრალიის, იაპონიის, ევროპის ქვეყნების ლიდერები აშშ-ს გამოსავლის მიგნებისაკენ მოუწოდებენ. ევროპაში ამ დღეებში რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტის ნაციონალიზაცია ამჯობინეს.

[ვერონის ხმა] “ქარიშხალი შეერთებულ შტატებში იმდენად დიდი და იმდენად ძლიერია, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა, ევროპაზე გავლენა არ მოეხდინაო”, განმარტავს ეკონომიკის ექსპერტი, ბრიუსლის “ბროიგელის ცენტრის” თანამშრომელი ნიკოლა ვერონი.

[ვერონის ხმა] “საყოველთაო უნდობლობას უზარმაზარი გავლენა აქვს ბანკთაშორის ბაზარზე. საკრედიტო ბაზრები, ფაქტობრივად, გაყინულია და ეს ხდება ერთდროულად ევროპასა და შეერთებულ შტატებში. არის შეგრძნება, რომ სისტემა ძლიერ ურთიერთდამოკიდებულებას ეფუძნება და ევროპა გარკვეულწილ იზიარებს შეერთებული შტატების ფინანსურ ბედს”.

კრიზისმა ევროპის საბანკო სისტემაში წამოჭრა შეკითხვა, მასაც ხომ არ ჭირდება მრავალმილიარდიანი დახმარების პროგრამა? თუმცა, ევროპის საბანკო სტრუქტურა უფრო რთულია და ასეთი პროგრამის წარმატებას კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ახლავს, ვიდრე აშშ-ის შემთხვევაში.

განსაკუთრებით მწვავე კრიზისს განიცდიან ქვეყნები მიმდინარე ოპერაციებში არსებული ბალანსის დიდი დეფიციტით. გამარტივებულად რომ ითქვას, საქმე ეხება საქონლისა და მომსახურების ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობას, რასაც ბალანსის მწვავე დეფიციტის მქონე ქვეყნებში უცხოური ბანკებიდან კრედიტებით ფარავენ.

[კრისტენსენის ხმა] “საბანკო სექტორს პრობლემები აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. ძნელია ნაღდი ფულის შოვნა, ნაღდი ფული ძალიან ძვირია, საპროცენტო განაკვეთი იზრდება. ეს, რასაკვირველია, ძალიან აზარალებს ქვეყნებს, რომლებშიც დიდია დაფინანსების საჭიროება. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი, ბალტიის სახელმწიფოები - ყველა გამოირჩევა მიმდინარე ოპერაციების ბალანსის ძალიან მწვავე დეფიციტით. ეს დეფიციტი უნდა დაფინანსდეს კრედიტებით, ძირითადად, დასავლეთ ევროპის ბანკებიდან. მათ კი ძალიან მკაცრი საკრედიტო პოლიტიკა აქვთ სწორედ ახლა, რადგან თვითონაც უჭირთ კრედიტების შოვნა. ასე რომ, მთავარი სარკედიტო წყარო - გლობალური ბანკები ამკაცრებენ თავიანთ სარკდიტო პოლიტიკას, ეს კი იწვევს ამ ქვეყნების მიმდინარე ოპერაციების ბალანსის დეფიციტის მატებას. განსაკუთრებით ძლიერ ზეწოლას განიცდიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, აგრეთვე თურქეთი, სამხრეთი აფრიკა, უკრაინა,”- განმარტავს ლარს კრისტენსენი, “დანსკე ბანკის” კოპენჰაგენელი ანალიტიკოსი.

ექსპერტები შიშობენ, რომ ამჟამინდელი კრიზისი, შესაძლოა, შეერთებული შტატების ეკონომიკის ხანგრძლივ რეცესიას მოასწავებდეს, შეერთებულ შტატებს კი დანარჩენი მსოფლიოც მიჰყვება. მიზეზი ის არის, რომ აშშ, 300-მილიონიანი მოსახლეობით, მსოფლიოს უდიდესი სამომხმარებლო ბაზარია, მას უკავშირდება ბევრი ექსპორტიორის ბედი მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ბუნებრივია შეშფოთება, რომელიც ჩინეთის პერმიერ-მინისტრმა ვენ ძიაბაომ გამოთქვა: “თუ შეერთებული შტატების საფინანსო და ეკონომიკურ სისტმებში საქმე ცუდად წავიდა, შედეგებს ჩინეთში, აზიაში, მთელს მსოფლიოში ვიგრძნობთო”. ეს შეფასება ვენ ძიაბაომ კვირას ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

ამასობაში, მთავრობები და ცენტრალური ბანკები ზომებს მიმართავენ საფინანსო სექტორისადმი შერყეული ნდობის აღსადგენად. იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ უფრო მეტი ნაღდი ფული მიაწოდა ბაზრებს, ლიკვიდურობის და კრედიტების გაცემის ხელშესაწყობად. რუსეთში რამდენიმე საათით შეაჩერეს ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე. საფრანგეთში პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საგანგებო შეხვედრაზე მიიწვია ექსპერტები, მრჩევლები ეკონომიკის დარგში.

და, რაც მთავარია, პოლიტიკური ლიდერების მზერა ვაშინგტონისკენაა მიმართული: ელიან საფინანსო სექტორის მხარდამჭერ შეცვლილ გეგმას - გეგმას, რომელიც მოიპოვებს ამერიკელი კანონმდებლების მხარდაჭერას.

თუ რატომ უარყო აშშ-ში საფინანსო სექტორის დასახმარებლად შემუშავებული გეგმა ამერიკელი კანონმდებლების უმრავლესობამ, ეს რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. თუმცა, მთავარ მიზეზად ითვლება ის გარემოება, რომ საფინანსო სექტორისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების მიწოდება მიუღებელია ბევრი რიგითი ამერიკელისთვის, ანუ ამომრჩევლისთვის. მათი აზრის გათვალისწინებას კი ამერიკელი კონგრესმენები გვერდს ვერ აუვლიან: საქმე ის არის, რომ კანონმდებლები პარტიული სიით კი არ არიან შესული კონგრესში, არამედ ყოველ მათგანს აქვს მანდატი, რომელიც საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს შეესაბამება. ამდენად, თუ კანონმდებლები არ შეასრულებენ თავიანთი უშუალო ამომრჩევლების მოთხოვნას, ვერც შემდეგ არჩევნებში გამარჯვების იმედი ექნებათ. ვაშინგტონის ადმინისტრაციის საფინანსო გეგმის უარყოფით ამერიკელი კანონმდებლების უმრავლესობამ, ფაქტიურად, ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულა.
XS
SM
MD
LG