Accessibility links

logo-print

როდის გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის?


აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დაამყაროს.

ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის განმარტება, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სათანადო პირობები. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ევროპასთან თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობას უახლოეს მომავალში დაამყარებს. ევროკავშირის წარმომადგენელთა აზრით კი, ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმის ამოქმედებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის სივრცეში შესასვლელად საქართველოს მზადყოფნის შესამოწმებლად ოქტომბრის შუა რიცხვებში თბილისს ევროკავშირის 25 კაციანი ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრება. მათ მიერ მომზადებულ შეფასებამდეც ცნობილია ის პირობები, რომელთა შესრულების გარეშე საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობა ვერ დამყარდება. საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის პერ ეკლუნდის კომენტარი:

[პერ ეკლუნდის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რამდენიმე წლით შორს არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები 2009 წლიდან დაიწყება. ჩემი ვარაუდით, ეს ხელშეკრულება შეიძლება 2011 წელს გაფორმდეს.“

ამ განცხადების შემდეგ პერ ეკლუნდმა დასძინა, საქართველომ ეს დრო წარმოებული პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას უნდა მოახმაროს და ამისთვის საჭირო ინსტიტუტებიც შექმნასო: მაგალითად, აამოქმედოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური და აღადგინოს ანტიმონოპოლიური სამსახურიო.

[პერ ეკლუნდის ხმა] „ვფიქრობ, ყველა მთავრობამ უნდა გააკეთოს სარგებლის ანალიზი. ევროკავშირის პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საქართველოსთან ვაჭრობა არაფერია, იმიტომ რომ ეს არის 0,1 პროცენტი. საქართველოს კი გაუჭირდება ევროკავშირთან ვაჭრობის გარეშე.“

ამჟამად ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, მასზე მოდის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობის დაახლოებით მესამედი.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველომ უნდა შეძლოს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაც, რომლებიც საჭიროა ევროკავშირთან ამჟამად მოქმედი ვაჭრობის პრეფერენციული სისტემის „ჯი-ეს-პი პლუსის“ შესანარჩუნებლად. ამ სისტემის მოქმედების ვადა წლის ბოლოს იწურება. მისი გაგრძელება დამოკიდებულია საქართველოს პარლამენტის მიერ ორი კონვენციის რატიფიკაციასა და, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შრომის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე.
ეს უკანასკნელი მოთხოვნა გაფიცვების კოლექტიური ორგანიზებისა და პროფკავშირების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რასაც საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება.

ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებით ურთიერთობის დამყარება მანამდე ვერ მოხერხდება, სანამ საქართველო ეკონომიკურ პოლიტიკას არ შეცვლის:

[ლადო პაპავას ხმა] „ეს სხვა ენაზე ნიშნავს, რომ უნდა გაუქმდეს ის შრომის კოდექსი, რომელმაც პრაქტიკულად საქრთველოში...
... ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, მთავრობამ უნდა შეცვალოს ეკონომიკური მოდელი.“

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებით საქართველომ შეიძლება ნაკლები სარგებელი მიიღოს:

[პაატა შეშელიძის ხმა] „თუკი ევროპის კავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დადგება ასეთი ტიპის საკითხი, რომ საქართველომ უნდა მოახდინოს ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზაცია ევროპის კავშირთან, მაშინ ჩვენ შეიძლება ისე ვერ ვიხეიროთ, როგორც დღევანდელ სიტუაციაში.“(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ კოვზირიძის აზრით კი, ყველაფრის ჰარმონიზაცია თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც არ მომხდარა:

[თამარ კოვზირიძის ხმა] „ყველა წევრს თავისი საგადასახადო სისტემა აქვს. აქედან გამომდინარე,ყველაფერი ის, რაც უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის სისტემას, არის მოლაპარაკების საგანი ჩვენსა და ევროკავშირს შორის.“

ამ საკითხებზე დისკუსია საქართველოს საზოგადოებაში მხოლოდ ახლა იწყება. პირველ ოქტომბერს სპეციალურად ორგანიზებულ ფორუმზე ევროკავშირ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ მთავრობის, საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა პირველი დიალოგი გაიმართება.
XS
SM
MD
LG