Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში


ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკავშირის მეთვალყურეთა დამოუკიდებელი მისია მუშაობას შეუდგება, საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა. ის აქტიურად მონაწილეობდა სამშვიდობო პროცესში, რომელიც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის -პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დაიწყო. ხავიერ სოლანა მონაწილეობდა 12 აგვისტოს გაფორმებული 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გარკვეული მიმართულებებით დაკონკრეტებისა და რუსეთის არმიისთვის უკანდახევის ვადების დაწესების პროცესში. გეგმის მომდევნო და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი 1 ოქტომბერს იწყება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მორიგი ვიზიტი საქართველოში სწორედ ამ ეტაპის დაწყებას ემთხვევა. ხავიერ სოლანა 30 სექტემბერს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს კახა ლომაიას; შემდეგ კი, ვითარების ადგილზე გასაცნობად, გაემგზავრა გორში. მოგვიანებით ის პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია ავლაბრის რეზიდენციაში.

ევროკავშირის 22 ქვეყნის დაახლოებით 300 უიარაღო, მშვიდობიანი მეთვალყურე, გერმანელი დიპლომატის ჰანსიორგ ჰაბერის ხელმძღვანელობით, მისიის შესრულებას 1 ოქტომბრიდან შეუდგება. მათი ძირითადი ამოცანაა იყვნენ ყურადღებით და შეისწავლონ, რამდენად სრულდება სარკოზის 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. მხარეებს შორის შეთანხმებული მომდევნო მოთხოვნა ასეთია: 1-დან 10 ოქტომბრამდე რუსეთის არმიამ უნდა დატოვოს საქართველოს მთელი ტერიტორია ჯერჯერობით მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. ევროკავშირის მეთვალყურეები 70-კაციან ჯგუფებად 4 ქალაქში - გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში გადანაწილდებიან. თბილისში მისია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში დაიდებს ბინას და ასევე თბილისში განთავსდება სწრაფი რეაგირების რეზერვი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა საქართველოში ამ პროცესისთვის მწვანე შუქის ასანთებად ჩამოვიდა.

30 სექტემბერს ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას და, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსაც, თუ რას მოელის თბილისი 10 ოქტომბრისთვის:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”რასაც დანამდვილებით მოველით 10 ოქტომბრისთვის, ეს არის 7 აგვისტომდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენა - (საქართველოში რუსეთის შემოჭრამდე... თუმცა რუსეთის ინტერვენცია წინა დღეებში დაიწყო, მაგრამ როცა მსოფლიომ შეიტყო ამის შესახებ, ანუ როცა საქართველომ რუსეთს უპასუხა...). ეს სტატუს-კვო ნიშნავს იმ პოზიციებზე დაბრუნებას, რომლებსაც ეგრეთ წოდებული რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთში... იმ პოზიციებზე დაბრუნებას, რომლებსაც აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები, რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით... ეს იქნება კომპლექსური პროცესი და ჩვენ საკითხს ღიად და მოქნილად მივუდგებით. ეს იქნება პირველი ეტაპი. მომდევნო (და ასევე პარალელური) ეტაპი იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში... აგრეთვე პროცესის ინტერნაციონალიზაცია და რუსების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, საქართველოს დეოკუპაცია... რადგანაც ამჟამად ეს ტერიტორიები ოკუპირებულია უცხო ქვეყნის სამხედრო ძალის მიერ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ.”

რუსების უკანდახევას ასევე ეტაპობრივად განიხილავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. 10 ოქტომბერს, როცა პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს, იმედებს ხავიერ სოლანაც უკავშირებს.

(სოლანას ხმა) ”დიდი იმედი მაქვს, რომ 10 ოქტომბრამდე რუსეთის ძალები გავლენ. ეს არის ჩვენი მიზანი და პრიორიტეტული მოვალეობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია შეთანხმების მიხედვით და ძალიან გვსურს, რომ ეს შესრულდეს. აგრეთვე გვსურს კოორდინაცია დავამყაროთ რუსებთან, რუს სამხედროებთან, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან იმისათვის, რომ დროის ამ მონაკვეთმა კარგი, კონსტრუქციული კოორდინაციის ფონზე ჩაიაროს.”


ხავიერ სოლანას ევროკავშირის მისიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გადალახვის ამოცანაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. თუმცა აღნიშნა, რომ მეთვალყურეები მზად არიან შევიდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებს, სოლანას თქმით, ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება:

(სოლანას ხმა) ”ნიშნავს თუ არა ეს, რომ 300 მეთვალყურე ერთბაშად განთავსდება ყველგან? ეს ასე ვერ იქნება. ეს პროცესია, რომლის დასასრული, როგორც იცით, 10 ოქტომბერს იქნება... ისინი ხვალ დაიწყებენ.”


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა მადლიერია ყველასი, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ევროკავშირის მიერ 20 დღის წინ დადებული პირობის ასე სწრაფად შესრულების პროცესში, რაც, მისივე თქმით, საკმაოდ რთული გასაკეთებელი იყო. სოლანა მოუწოდებს ხელშეკრულებაში ჩართულ ყველა მხარეს, ისევე შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც ეს ევროკავშირმა შეასრულა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG