Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფრიკა: უკრაინული გემი კვლავაც მეკობრეების ხელშია


უკრაინული გემი, რომელიც რუსული ტანკებითაა დატვირთული, კვლავაც მეკობრეების ხელში რჩება აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.


იქვე იმყოფებიან ამერიკული საბრძოლო გემები, რათა არ დაუშვან მეკობრეების მხრიდან 33 ტანკის საეჭვო კლიენტებისთვის მიყიდვა. გემის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ და მეკობრეებს წასასვლელი არსად აქვთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ისინი გემის გამოსასყიდად კვლავაც მილიონობით დოლარს ითხოვენ. ეს უცნაური ისტორია მინდა უფრო დაწვრილებით გიამბოთ.

დაზუსტებით ისიც კი არავინ იცის, საით მიემართებოდა ტანკებით დატვირთული გემი ”ფაინა”, როდესაც ის გასულ კვირაში მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში.

შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ინფორმაციით, ტე-72 მარკის ტანკები სუდანში, უცნობ მყიდველთან მიჰქონდათ. პარალელურად კენიის მთავრობამ განაცხადა, რომ ტანკები მან შეისყიდა, სამხედრო ძალების მოდერნიზაციის პროგრამის მიზნით. ამასვე აცხადებს უკრაინის მხარე.

თუ ამერიკის საზღვაო დაზვერვის ინფორმაცია სწორი აღმოჩნდება, ეს კენიის მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, წარმოაჩენს რა მას იარაღის ჩუმად შეტანაში პოტენციურად ჩართულ ძალად. სუდანის დედაქალაქ ხარტუმში მყოფი მთავრობისთვის იარაღის მიყიდვა კანონით ნებადართულია, მაგრამ იარაღით ვაჭრობას ემბარგო ადევს პრობლემურ დარფურის რეგიონში და, გარკვეული პირობებით, ავტონომიურ სამხრეთ სუდანში.

ამ გემის ამბავი ნათლად წარმოაჩენს, როგორი უკანონობა სუფევს აფრიკის რქის მიმდებარე წყლებში. ბრიტანეთის გადაზიდვების პალატა იქ არსებულ ვითარებას ”სავალალოს” უწოდებს. პალატის წარმომადგენელი გევინ სიმონდსი ამბობს:

[სიმონდსი]
”რაც უნდ უცნაურად ჟღერდეს, თორმეტი გემია გატაცებული, და გამოსასყიდის მოლოდინში, ეკიპაჟებიანად ტყვეობაში რჩება.”

”ფაინაზე” მყოფი ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება - მათ შორის არიან უკრაინელები, რუსები და ერთი ლატვიელი.

სავარაუდოდ, სომალელმა მეკობრეებმა, რომლებმაც ”ფაინა” გაიტაცეს, არ იცოდნენ იმ უჩვეულო ტვირთის შესახებ, რომელიც გემზე იყო. როგორც ჩანს, გემზე ტანკების აღმოჩენის შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ ძალიან გაუმართლათ და მაშინვე გაზარდეს მოთხოვნილი გამოსასყიდის რაოდენობა. ერთ მომენტში ისინი გემისა და ეკიპაჟის გათავისუფლებაში 35 მილიონ დოლარსაც კი ითხოვდნენ. ბოლოს, 20 მილიონზე შეჩერდნენ.

მაგრამ მეკობრეების გათვლა მცდარი აღმოჩნდა. ახალი ტანკებისგან, საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილებისგან შემდგარი ტვირთის მნიშვნელობა ძალიან დიდია და მას არავინ დაუტოვებს მეკობრეებს, რომლებმაც ეს შეიარაღება შეიძლება ტერორისტებს, აფრიკის დიქტატორულ რეჟიმებს ან სომალიში დაპირისპირებულ ძალებს მიჰყიდონ.

შეერთებულმა შტატებმა მაშინვე გაგზავნა სამი საბრძოლო გემი და ”ფაინა” მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა. ინციდენტის ადგილისკენ რუსული გემიც მიემართება.

”ფაინა” ახლა ვეღარსად წავა და მის ბორტზე მყოფი მეკობრეები მახეში არიან. დაძაბულობა იზრდება - ამას გამტაცებლებს შორის სროლაც მოწმობს, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, სამი მეკობროს სიკვდილი მოჰყვა. როგორც ჩანს, ისინი ვერ თანხმდებიან კვლავაც გააგრძელონ თუ არა გამოსასყიდი თანხის მოთხოვნა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარება, რომელიც ამ ინციდენტს მოჰყვა, აფრიკის რქის წყლებში არსებული ვითარების ირგვლივ საერთაშორისო ყურადღების გამძაფრებაა. მხოლოდ მიმდინარე წელს დაახლოებით 30 გემი იქნა გატაცებული და თორმეტი ჯერ კიდევ დაკავებულია. ბრიტანეთის გადაზიდვების პალატის წარმომადგენლის, სიმონდსის, თქმით, ბევრი ძალიან იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საკმარისად არ მუშაობს ვითარების გასაუმჯობესებლად:

[სიმონდსის ხმა]
”წარმოიდგინეთ, რომ გაიტაცეს 12 საერთაშორისო თვითმფრინავი, სადღაც აეროპორტში დააყენეს და გამოსასყიდად თორმეტ მილიონ დოლარს ითხოვენ. ამას ხომ უდიდესი გამოხმაურება მოჰყვებოდა. რატომღაც ჩვენ - ზღვებში მომუშავე ხალხს - ნაკლები პოლიტიკური მნიშვნელობა გვენიჭება.”

სიმონდსის თქმით, სანაოსნო სავაჭრო პალატის სურვილია საზღვაო და საჰაერო ძალებს შორის უკეთესი კოორდინაცია არსებობდეს, რათა ზღვებში კანონი უფრო ეფექტიანად იყოს დაცული.



  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG