Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა


თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბერს საკაბელო ტელეკომპანია „მაესტროსა“ და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის ლიცენზირების თაობაზე არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.


„მაესტროს“, თითქმის ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, უარი ეთქვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წარმოებაზე. ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი მამუკა ღლონტი ამბობს, რომ მოსარჩელე მხარეს არაფერში წაადგა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დემოკრატიული რეფორმების ტალღა, რომელიც თავისუფალი მედიის მხარდაჭერასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.


რადიო ”თავისუფლება“ მოსარჩელე მხარეს, ანუ ტელეკომპანიის მთავარ პროდიუსერს მამუკა ღლონტს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა.

[მამუკა ღლონტის ხმა] „იმედი დიდი არ მაქვს, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის, რაც განაცხადა პრეზიდენტმა დემოკრატიის ახალი ტალღის შესახებ, გამართლდეს. დღეს არის, ფაქტიურად, პირველი ტესტი, რომელიც უნდა ჩააბაროს ჩვენმა ხელისუფლებამ, ანუ აჩვენოს, სურს თუ არა მას სიტყვის თავისუფლება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დღეს უარი გვეთქვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წარმოებაზე, შესაბამისად, გამოდის, რომ პრეზიდენტის საუბარი არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები და სხვა არაფერი.“(სტილი დაცულია)

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ არ შემცდარა შედეგის გამოცნობისას. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა დარასელიამ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის სარჩელი:

[მამუკა ღლონტის ხმა] „დამთავრდა პროცესი, სიტყვის თავისუფლება კვლავ არ არის საქართველოში. ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნა. არადა, ჩვენ ვითხოვდით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წარმოების უფლებას. თავიდან ეს უარი გვითხრა კომუნიკაციების კომისიამ, ახლა კი - სასამართლომ. მოსამართლე დაგვპირდა, მოტივირებულ პასუხს ორ კვირაში მოგართმევთო.“

ტელეკოლმპანია ”მაესტრომ” მაუწყებლობის საერთო ლიცენზიის მოთხოვნით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მიმართა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. გაირკვა, რომ კომისიამ 2008 წლის 22 მაისს, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარებისა და შედეგების მიღებამდე, სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მედიის ექსპერტს ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ კომისიას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა:

[ზვიად ქორიძის ხმა] „კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესებულია, რომ არ მისცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მაუწყებლობაზე ლიცენზია არავის. პრაქტიკულად ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ტელეკომპანია „ალანიამ“ მიიღო საერთოეროვნულ მაუწყებლობაზე ასეთი ტიპის ლიცენზია. ეს, უბრალოდ, მიჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება არის თვითონ დაინტერესებული, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ გასცეს მსგავსი ტიპის ლიცენზიები.“

ზვიად ქორიძის ამ მოსაზრებას იზიარებს სახალხო დამცველიც. სოზარ სუბარის თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ატარებს. გარდა ამისა, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ხარვეზებია კანონმდებლობაში. კერძოდ, სახალხო დამცველის თქმით, საკაბელო ტელევიზიას, როგორიცაა ”მაესტრო”, არ უნდა სჭირდებოდეს ლიცენზია, ანუ ნებართვა იმისა, თუ როგორი შინაარსის გადაცემები მოამზადოს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ფორმატს, შინაარსს განსაზღვრავს მარეგულირებელი კომისია და ეს არის არასწორი, როცა საქმე ეხება ისეთ მაუწყებლებს, რომლებიც, სიხშირის ნაცვლად, კაბელით მაუწყებლობენ. სიხშირის რეგულირება სახელმწიფოს მიერ შეიძლება დასაშვებიც იყოს, იმიტომ რომ სიხშირე არის ამოწურვადი რესურსი, მაგრამ კაბელი არ არის ამოწურვადი რესურსი. ”მაესტროს” და სხვა საკაბელო ტელევიზიებს როცა უდგენ შინაარსობრივ რეგულირებას, ეს იგივეა გაზეთებს დაუდგინო რაზე წერონ. მაგალითად, ”რეზონანსს” მოსთხოვო წეროს პოლიტიკაზე, ”ახალ თაობას” - სპორტზე და ასე შემდეგ. ესაა ცენზურა და სხვა არაფერი.“

არადა, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იწყებს დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღას, რომელიც სხვა სფეროებთან ერთად მედიასა და სასამართლო ხელისუფლებასაც შეეხება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენი დემოკრატიის ხერხემალი და მთავარი გარანტორი არის სასამართლო ხელისუფლება. ქართველ ხალხს სჭირდება უფრო სამართლიანი, უფრო დამოუკიდებელი, უფრო წელში გამართული და თავის თავში დარწმუნებული სასამართლო.“

თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტის ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს სახალხო დამცველი:

[სოზარ სუბარის ხმა] „ეს არის სრულიად უსაფუძვლო, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მრავალი მიზეზის გამო. და ეს არის ნათელი მაგალითი დემოკრატიის ახალი ტალღისა. თუ დემოკრატიის რა ახალ ტალღას უნდა ველოდოთ და როგორი სიტყვის თავისუფლება უნდა გვქონდეს, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა „მაესტროსთან“ მიმართებაში.“(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის თქმით, თავის დროზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური მოტივით იხელმძღვანელა, როცა ტელეკომპანია „მაესტრო“ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო გააფრთხილა. სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ კომისიას, „მაესტროსგან“ განსხვავებით, ლიცენზიის გაცემაზე უარი არ უთქვამს ტელეკომპანია „ალანიასა“ და „საქართველოსათვის“, რომლებიც ხელისუფლების მიერ არიან მხარდაჭერილნი.


XS
SM
MD
LG