Accessibility links

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი - საჯარო განხილვის საგანი


„საზოგადოების უშუალო მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში“–ამ თემაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია,

რომელშიც, ძირითადად, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსამართლეები და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი რევოლუციური დოკუმენტია და რეალურად გააუმჯობესებს მართლმსაჯულების დაცვის ხარისხს საქართველოში. თუმცა გამოითქვა შენიშვნებიც.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტის მეორე და მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში უახლოეს ხანში გაიმართება. კოდექსი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის ნაწილია და მისი ამოქმედება 2009 წლიდან იგეგმება. რეფორმების ახალი ტალღა მართლმსაჯულებაში ინოვაციებს სამი ძირითადი მიმართულებით გულისხმობს. ესენია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლის შეყვანა. ამ საკითხებზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. შესაბამისად, დემოკრატიული რეფორმების ეგრეთ წოდებულ ახალ ტალღაში მოქცეული ის წინადადებები, რომლებიც სასამართლო სისტემას შეეხება, რეალურად ნაკლებადაა ახალი, თუმცა არის პროგრესული. ეს განწყობა ჩანდა კონფერენციაზეც, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვას მიეძღვნა.

[ირაკლი კოტეტიშვილის ხმა]“ კანონპროექტი აწესებს სრულ შეჯიბრობითობას და სრულ თანასწორობას, შემოაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი და მხარეებს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, მოიპოვონ მტკიცებულებები წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლო განხილვისას იპაექრონ, სრული მოცულობით თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით. ეს არის რევოლუციური კანონპროექტი, რომელიც თავდაყირა აყენებს, კარგი გაგებით, დღეს მოქმედ სისტემას.“(სტილი დაცულია)

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის უფროსის, ირაკლი კოტეტიშვილის, განმარტებიდანაც ჩანს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საკვანძო პრინციპს წარმოადგენს შეჯიბრობითობა მხარეებს შორის, როგორც წინასასამართლო გამოძიების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე. პროექტი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე მოსამართლის წინაშე მათი წარდგენისა და შეფასების მხრივ. შეჯიბრობითობის პრინციპი გულისხმობს ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, დაცვის პოზიციის გაძლიერებასა და უპირატესობას ბრალდების მიმართ. არსებითი ცვლილება შეეხება საპატიმრო ვადებს, წახალისებულია არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება, განახევრებულია გირაოს მინიმალური ოდენობა და სხვ. ძალზე მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში – ასეთია ზოგადი შეფასება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს ეკუთვნის:

[კოტე კუბლაშვილის ხმა]“ძალიან კარგი სასამართლო გვექნება და მთავარია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავანახვოთ მოსახლეობას უფრო ხშირად და უფრო აქტიურად. იმიტომ რომ აქამდე, მე ვიცი, ჩვენი კვლევების შესაბამისად მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას არა აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება სასამართლო სისტემაში და ისინი მსჯელობენ მხოლოდ კონკრეტული სიუჟეტების მიხედვით.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დაგეგმილი რეფორმების საინფორმაციო კამპანია სრულიად შეგნებულად წამოიწყო იმ კონფერენციის სახითაც, რომელსაც საქართველოში მართლმსაჯულების არსებული მდგომაროების ბევრი ოპონენტი ესწრებოდა - მათ შორის, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, რომელიც სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის პროექტში არსებულ ზოგიერთ ხარვეზზე საუბრობს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“ როცა პროკურატურა უარს ამბობს სისხლის სამართლებრივ დევნაზე, თავიდანვე პროექტში გათვალისწინებული იყო დაზარალებულის მხრიდან კერძო სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება და ეს ამ ვერსიაში ამოღებულია, სამწუხაროდ. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს აღდგება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ საქმის დაუსწრებელი წარმოება ნებისმიერი ბრალდებულის მიმართ, როდესაც ბრალდებული მიმალვაშია, არ იყოს და გამონაკლისი შემთხვევა იყოს და რეალური მექანიზმები შეიქმნას იმისთვის, რომ შეჯიბრობითობის პრინციპზე იყოს დაფუძნებული თითოეული სტადია.“(სტილი დაცულია)

ამბობს გიორგი ჩხეიძე, რომლის შეფასებითაც, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი ერთგვარად დაგვიანებული რეფორმაც კია. ამ მოსაზრებას იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათთვის კონფერენცია ერთგვარი პრაქტიკული საშუალება გამოდგა იმისთვის, რომ კოდექსის საპარლამენტო განხილვებისთვის მოემზადონ.

[ლევან ვეფხვაძის ხმა]“მოვისმინეთ დღეს უზენაესი სასამართლოსა და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები. ჩვენ უკვე საპარლამენტო განხილვებისთვის მოვემზადებით და გვექნება ჩვენი კონკრეტული შენიშვნები, ცხადია. თუმცა რაც დღეს მოვისმინეთ, ის პრინციპები, რაც მათ თქვეს, ეს მართლაც რევოლუციურია, იმიტომ რომ ძალიან დიდი უფლებები ენიჭება წინასწარი გამოძიების დროს დაცვის მხარეს, დაწყებული კერძო გამოძიებით, დამთავრებული ვადებით, ეს არის ალბათ რევოლუციური პროექტი.“(სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიცია კოდექსის მხარდაჭერას აპირებს.
XS
SM
MD
LG