Accessibility links

logo-print

საქართველოს დელეგაცია არ გამორიცხავს რუსეთთან მოლაპარაკებას


საპარლამენტო ასამბლეა სტრასბურგში ევროპის ახალგაზრდების პრობლემების განხილვას მიეძღვნა. თუმცა ქართველი და რუსი დეპუტატები აქტიურად მუშაობდნენ კომიტეტებში


და ემზადებოდნენ დებატებისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს განახლდება. უკვე ცნობილია ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს რუსეთს შეაჩეროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი და ბოლომდე შეასრულოს სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეა უკვე სამი დღეა მიმდინარეობს, ქართველი და რუსი დეპუტატები ერთმანეთთან შეხვედრისაგან თავს იკავებენ. განვლილი ხუთდღიანი ომის გამოძახილი ჯერ კიდევ იმდენად ძლიერია, რომ ევროსაბჭოს კედლებიც კი უძლურია შეარიგოს მოკონფლიქტე მხარეების წარმომადგენლები. თუმცა 2 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ევროსაბჭო რეზოლუციას მიიღებს, ვითარება შეიძლება შეიცვალოს. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში რუსეთთან დიალოგი შესაძლებლად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამაც:

[ლაშა ჟვანია] "რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევის ან წევრობის შეჩერების საკითხი იყოს განხილული იანვარში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეასრულებს ექვსპუნქტიანი ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. ამით ჩვენ ვუტოვებთ რუსეთს საშუალებას, რომ შეასრულოს ეს ვალდებულებები და დაბრუნდეს საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალურ ჭრილში. ჩემი პოზიცია არის, რომ, ნებისმიერი ომის შემთხვევაში, ნებისმიერ სახელმწიფოს უწევს მაგიდასთან დაჯდომა. ამიტომ ჩვენ უნდა დავსხდეთ როდესღაც, - დღეს, ხვალ, - თუმცა პრინციპები და ჩარჩოები ამ მოლაპარაკებისა უნდა ამოდიოდეს იქიდან, პირველ რიგში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა ცნოს რუსეთმა." (სტილი დაცულია)

2 ოქტომბერს დებატებში მონაწილე ევროსაბჭოს პარლამენტარებს მოუწევთ ცოცხალი დერეფნის გავლა, რომლის ერთ მხარეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეები იქნებიან, მეორეზე კი – ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ქართული თემის წარმომადგენლებმა 1 ოქტომბერს პირველი დემონსტრაცია მოაწყვეს ევროსაბჭოს პარლამენტის წინ იმისათვის, რომ თავიანთი ხმა მიაწვდინონ საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს.

[საპროტესტო აქციის ხმები]

დებატებამდე ერთი დღით ადრე უკვე ცნობილია 2 ოქტომბრის რეზოლუციის პროექტი, რომლის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით სერიოზული დებატები გაიმართება საპარლამენტო ასამბლეის 2 ოქტომბრის სხდომაზე. რუსმა დეპუტატებმა მოახერხეს მხოლოდ ის, რომ მათ მანდატები შეუნარჩუნდათ. რეზოლუციაში ხაზგასმით იქნება აღნიშნული,რომ 7 აგვისტოს საქართველოს მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები და შემდგომი სისხლისღვრა. თუმცა, როგორც ევროსაბჭოს მონიტორინგის თანამომხსენებელმა მატიაშ იორშიმ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რეზოლუციაში დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების ფაქტი:

[მატიაშ იორში] "ვფიქრობ, უმთავრეს საკითხებზე დოკუმენტში სათქმელი სრულიად მკაფიოდ იქნება ნათქვამი. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი წინადადება და, იმედი მაქვს, ასამბლეა მას მხარს დაუჭერს. საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთპიროვნული აღიარება არათუ მიუღებელია, არამედ იგი გადასინჯულ უნდა იქნეს. გარდა ამისა, რუსეთმა უნდა შეასრულოს ექვსმუხლიანი შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა მედვედევმაც ხელი მოაწერა. ასე რომ, ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს."

ევროსაბჭო ასევე ემხრობა მოსაზრებას, რომ გაფართოვდეს მონიტორინგის ფორმატი როგორც საქართველოზე, ისე რუსეთზე, რაც ჩვეულებრივ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა ევროპული სტანდარტებისაგან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ორივე ქვეყანას ესაჭიროება ამის შეხსენება და შესაბამისი კონტროლი.
XS
SM
MD
LG