Accessibility links

logo-print

ვინ და როგორ აპირებს საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანას?


საქართველოს პრეზიდენტმა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიას საქართველო დემოკრატიის მეტი განვითარებით უპასუხებს.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ინიციატივას „დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა უწოდა“, თუმცა სიახლეს, რომელიც მედიისა და სასამართლო ხელისუფლების მეტ თავისუფლებასაც ითვალისწინებს, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი უნდობლობით შეხვდა. პრეზიდენტის გამოსვლიდან ორი კვირის თავზე სახალხო დამცველმა, არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დააფუძნა ახალი სახალხო მოძრაობა, რომლის მიზანი, სოზარ სუბარის თქმით, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაა. პარალელურად, პოლიტიკური პარტიების ერთმა ნაწილმა აგვისტოს მოვლენების შემდეგ პარლამენტის წინ პირველი საპროტესტო აქცია გამართა. საკითხავია, ვინ და როგორ აპირებს კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოყვანას.

დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას 16 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას აუწყა. პრეზიდენტმა თქვა, რომ სიახლე ხელს შეუწყობს საზოგადოების გაერთიანებას საერთო მტრის წინააღმდეგ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება ჩვენი ერთიანობა და ჩვენი თანამშრომლობა. მე, როგორც არასდროს, თქვენთან ერთად მზად ვარ და ვიქნები ამ თანამშრომლობისთვის.“

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების საწინდარი იქნება, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პატრიოტის აქტის მიღების, ანუ ადამიანის უფლებების ხარჯზე ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის ინიციატივით გამოდიოდა, იძულებულია ანაგრიში გაუწიოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის, კომენტარი:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „მის ნებაზე აღარ არის დამოკიდებული. ძალიან მკაფიოდ ითქვა სხეფერისა და ნატოს მიერ, ევროპა და ამერიკაც ამას ლაპარაკობს, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება დააახლოოს საქართველო ნატოსთან და დაიწყოს იქ ინტეგრაცია და შევძლოთ ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებიდან თავის დაღწევა, არის რეალური დემოკრატიული რეფორმების გატარება.“

რეალური დემოკრატიული რეფორმების გატარების მომხრეა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატიც, თუმცა ლევან გაჩეჩილაძეს, როგორც თვითონ ამბობს, არ მოსწონს ტყუილი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივის სათაურშია ჩადებული.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „მე არ ვიცი, რას ნიშნავს დემოკრატიის ახალი ტალღა. ძველი სად არის?“

ხელისუფლებიდან წამოსული დემოკრატიული რეფორმების ძველი და ახალი ტალღების გაძლიერებას აღარ ელოდება სახალხო დამცველი. სოზარ სუბარმა,
არასაპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სახალხო მოძრაობა ''თავისუფლება და სამართლიანობა'' დააფუძნა, თუმცა ორიოდე დღით ადრე საზოგადოებას, პრესაში გამოქვეყნებული მანიფესტის სახით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების საკუთარი ხედვა შესთავაზა. „საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ადამიანის უფლებებს“, ნათქვამია სოზარ სუბარის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში.

[სოზარ სუბარის ხმა] „დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც სურს ამ მანიფესტზე ხელის მოწერა. როცა ეს ხელმოწერები შეგროვდება და ეს კამპანია გაგრძელდება დიდხანს, გამოჩნდება ის, თუ რამდენი ეთანხმება იმ ხედვას, რომელიც ამ მანიფესტშია ჩამოყალიბებული. რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და, შესაბამისად, რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ ვითარება რეალურადაა შესაცვლელი. პარალელურად, არ გამოირიცხება ნებისმიერი ტიპის აქცია, რომელიც არ არის წინააღმდეგობაში კანონთან. 10-11 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბება მოძრაობა და იქ ვილაპარაკებთ, კონკრეტულად რა ტიპის აქციები იქნება.“

ახალი სახალხო მოძრაობის მსგავსად, შექმნილი მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. სახალხო პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის თქმით, პირველ ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართული აქციით, პატივი მიაგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განსვენებულ წმინდა მოწამეთა ხსოვნას:

[მამუკა გიორგაძის ხმა] „მათი ცხოვრება ჩვენთვის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ დამპყრობლების წინააღმდეგ - როგორც გარე დამპყრობლების, ასევე შინა ორგული ხელისუფლების წინააღმდეგ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელებმა გვინდა დავიწყოთ ჩვენი ბრძოლის ახალი ტალღა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ჰყავს ძალიან საეჭვო ხელისუფლება, ნდობის თვალსაზრისით, ხოლო საქართველოს მიწაზე რუსი დამპყრობლები დათარეშობენ.“

მამუკა გიორგაძის თქმით, შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოს ბედი, რომელიც ქართველი ხალხის აქტიური მონაწილეობის გარეშე წყდება, სრულადაა მინდობილი სხვა - მეგობარი თუ მტრულად განწყობილი - ქვეყნების ძალისხმევაზე. სახალხო პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა ძალისხმევა, რაც აქციების გამართვასაც გულისხმობს, ამგვარი ვითარების შეცვლისკენ იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG