Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესაში მკვეთრად იმატა საქართველოს შესახებ სტატიების რიცხვმა, რაც ასახავს


დასავლეთის პრესაში მკვეთრად იმატა საქართველოს შესახებ სტატიების რიცხვმა, რაც ასახავს რეაქციას ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის დაწყებაზე.

საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის დაწყებას სტატიებს უძღვნიან ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის, შვეიცარიის ყოველდღიური გამოცემები. ლონდონში გამომავალი “გარდიანი” ბეჭდავს ლუკ ჰარდინგის რეპორტაჟს კარალეთიდან. იქ, გვაუწყებს ჟურნალისტი, 1 ოქტომბრის დილას ევროკავშირის მეთვალყურეების ორი მანქანა გაატარეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუს ჯარისკაცებთან მოლაპარაკების შემდეგ. მეთვალყურეებმა საათნახევარი დაჰყვეს რუსების მიერ ოკუპირებულ სოფლებში, რის შემდეგაც ისევ ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

ლუკ ჰარდინგმა კარალეთში ისიც ნახა, რომ რუსებს უკან დახევის ჯერ არაფერი ეტყობათ: ჯარისკაცები აჩერებენ და ჩხრეკენ ქართველი მოსახლეების ავტომანქანებს, გზის პირას გაშლილ ბანაკზე რუსეთის დროშა ფრიალებს. მოსახლეობა ბუფერულ ზონაში, საიდანაც უმეტესობა გაიქცა ომის დროს, ამბობს, რომ ოს შეიარაღებულ პირებს ჯერაც არ შეუწყვეტიათ სოფლების ძარცვა. “რუსები არაფერს აკეთებენ ამისთვის ბოლოს მოსაღებად. უბრალოდ, აქ დგანანო”, ამბობს 68 წლის გივი გოლიგაშვილი, რომელსაც “გარდიანის” კორესპონდენტი გამოელაპარაკა. 53 წლის ერგნეთელი გიული კასრაძე კი - ისევე როგორც დევნილების უმრავლესობა - მხოლოდ მას შემდეგ აპირებს შინ დაბრუნებას, რაც რეგიონში ევროპელი და ქართველი პოლიციელები განთავსდებიან, აუწყებს “გარდიანის” მკითხველს ლუკ ჰარდინგი.

გაზეთი “ტაიმსი” კი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის სირთულეზე. ევროკავშირის ამოცანაა, განმარტავს სტატიის ავტორი, არა მარტო იზრუნოს იმაზე, რომ რუსები მართლაც გავლენ, არამედ რუსებისაგან ჩაიბაროს საქმის გაძღოლა. “არსებობს საფრთხე, რომ ოსი შეიარაღებული პირები - გათამამებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბევრი რუსი ჯარისკაცის ყოფნით - თავდასხმებს მოაწყობენ ქართველების სოფლებზე. საქართველოს არმია კი, დიდწილად მწყობრიდან გამოსული ომის შედეგად, ვერ შეძლებს ამის აღკვეთას.” “ტაიმსის” თანახმად, ოსების შეჩერების მთავარი პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება. საამისოდ საჭიროა ინტენსიური კომუნიკაცია რუს სამხედრო ლიდერებს და ევროკავშირის გუნდს, ისევე როგორც ევროკავშირს და მოსკოვს შორის.

“ტაიმსის” კორესპონდენტი როჯერ ბოისი მიუთითებს, რომ რუსეთი ეჭვით უყურებს ევროკავშირის გუნდს, რომელიც, ფაქტობრივად, დამოკიდებული იქნება ქართული მხარის დახმარებაზე და საქართველოს სასარგებლოდ მიკერძოებას გამოავლენს. ასე ფიქრობენ მოკოვში. რაც შეეხება საქართველოს მხარეს, მისი საბოლოო მიზანია სეპარატისტული პროვინციების დაბრუნება, რუსი ჯარისკაცების საბოლოო გასვლა საქართველოს მთელი ტერიტორიიდან. “მოდით, ნუ გვექნება ილუზიები - კმაყოფილები არ ვიქნებით, სანამ ბოლო ჯარისკაციც არ გავა ჩვენი ქვეყნიდანო” - მიხეილ სააკაშვილის ეს, რამდენიმე დღის წინ წარმოთქმული სიტყვები მოყვანილია სტატიაში, რომელსაც დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ბრიტანეთის “ტაიმსი”.

აშშ-ის ყოველღდიური “ქრისჩიან საიენს მონიტორი” ორ სტატიას უძღვნის ვითარებას საქართველოში, მათ შორის ერთი მიმოიხილავს განსხვავებულ პასუხებს შეკითხვაზე “ვინ დაიწყო ომი საქართველოში”, მეორეში ასახულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის დაწყება. ამავე თემაზე, შვეიცარიის წამყვანი გერმანულენოვანი “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” მიუთითებს ევროპელების, ისევე როგორც ქართული მხარის მოთხოვნაზე, რომ მეთვალყურეებს მიეცეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შესვლის საშუალებაც. მაგრამ მოსკოვიც და ორივე პროვინციაც უარზე დგანანო, დასძენს “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი”.

დაბოლოს, გაგაცნობთ გერმანიის კანცლერის თანაპრატიელის, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენცის წერილს, რომელსაც გერმანიის წამყვანი კონსერვატიული გაზეთი “ფრანკფურტერ ალგემაინე” ბეჭდავს.

აი, როგორ იწყება სტატია მრავლისმეტყველი სათაურით “რუსეთის მიერ ანექსირებული”: “ზოგჯერ მაყურებლისთვის სცენარი უფრო გასაგები ხდება - ფილმის ბოლო სცენის ნახვის შემდეგ. ხელშეკრულებები “მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ”, რუსეთმა რომ გააფორმა საქართველოს ორ სეპარატისტულ პროვინციასთან, კონფლიქტს კავკასიაში ახალი კუთხით წარმოაჩენსო”, წერს გერმანელი პარლამენტარი. ის იხსენებს 16 აპრილს, როცა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნახევრად ოფიციალური ურთიერთობის დამყარების შესახებ. იქნებ, “მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებების” ტექსტზე მუშაობის დაწყებაც იქვე დაავალა ხელქვეითებსო, ვარაუდობს პოლენცი. კონფლიქტის ესკალაცია, 7-8 აგვისტოს ღამით საქართველოს სამხედრო ოპერაციამ რომ გამოიწვია, რუსეთისთვის ვითომ მოულოდნელიც კი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იოლად ჩაიწერა ანექსიისთვის გამზადებულ სცენარში. “აგრესორმა საქართველომ” რუსეთის მოქმედება არგუმენტებით მოამარაგა, დასძენს გერმანელი პარლამენტარი.

რუპრეხტ პოლენცი აუცილებლად მიიჩნევს ამ დღეებში, რუსეთ-გერმანიის მთავრობებს შორის კონსულტაციებზე ნათლად ითქვას, რომ რუსეთის მოქმედება, მიმართული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, მიუღებელია. გერმანიას სურს პარტნიორობა რუსეთთან, აღნიშნავს სტატიის ბოლოს პოლენცი, მაგრამ რუსეთი თვითონაც უნდა მოიქცეს როგორც პარტნიორი და არა როგორც იმპერია, რომელიც სულაც არ თვლის საჭიროდ სამართლითა და კანონებით თავის შეწუხებას.
XS
SM
MD
LG