Accessibility links

logo-print

შეიცავს თუ არა საფრთხეებს რუსეთის რკინიგზის ცხინვალამდე დაგრძელება და ახალქალაქი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა


საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ რუსეთი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე სამხედრო ობიექტების მშენებლობის გარდა,

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც იწყებს ზრუნვას. საქმე ისაა, რომ 2 ოქტომბერს მოსკოვის მერის ცხინვალში სტუმრობისას გაცხადდა კრემლის მორიგი ინიციატივა, რომელიც ვლადიკავკაზისა და ცხინვალის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. თვითაღიარებული რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის ცნობით, მაგისტრალი, რომელიც ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს, როკის გვირაბის ალტერნატივად განიხილება. ცხადია, რუსეთის ამ ინიციატივას აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, თავის მხრივ, ახალქალაქი-ბათუმის დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას აპირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სომეხი კოლეგის, სერჟ სარქისიანის, თბილისში სტუმრობის დროს განაცხადა. საკითხავია, შეიცავს თუ არა საფრთხეებს რუსეთის რკინიგზის ცხინვალამდე დაგრძელება და ახალქალაქი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიბმას საომარი მოქმედებების დაწყებამდე ცდილობდა. ორიოდე წლის წინ კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ აპირებს კომერციულად ძალიან ძვირი პროექტის განხორციელებას და კავკასიონის ქედზე ახალი გაზსადენის გადატარებას. არანაკლებ ძვირად ღირებულია ის პროექტი, რომლის განხორციელებას, კრემლის დავალებით, სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი აპირებს:

[ვლადიმირ იაკუნინის ხმა] „გვაქვს პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ერთმანეთს დაუკავშირდება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სარკინიგზო ქსელები. ლაპარაკია ცხინვალამდე 149 კილომეტრი სიგრძის რკინიგზისა და ოთხი გვირაბის მშენებლობაზე.“

რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვლადიკავკაზისა და ცხინვალის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შემუშავდა, თუმცა ვლადიმირ იაკუნინი სიძვირისა და ტექნიკური სირთულის გამო მის განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს. არადა, ქართველი სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი პროექტიც არ იქნება რენტაბელური. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ვახტანგაშვილი განმარტავს:

[გურამ ვახტანგაშვილის ხმა] „მომგებიანი არ იქნება. სულ 30 ათასი კაცი ცხოვრობს. რკინიგზა ვერც სამგზავრო და ვერც სატვირთო შემადგენლობებით ვერ დაიტვირთება. რამდენმა კაცმა უნდა იაროს ვლადიკავკაზში, თანაც ყოველ დღე ხომ არ ივლიან? ან რა ტვირთები უნდა გაიტანონ, ქარხანა იქ არ მუშაობს და ფაბრიკა, არანაირი ეკონომიკა ცხინვალში არ არის. ერთი ავტობუსი დადიოდა ”ცხინვალი-ვლადიკავკაზი” და ისიც სანახევროდ სულ ცარიელი იყო. ერთი სიტყვით, პოლიტიკურად გვსჯის რუსეთი და თავხედობს.“

გურამ ვახტანგაშვილის მსგავსად, ეკონომიკისა და პოლიტიკის ექსპერტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ რუსეთი ცხინვალთან მიმართებაში კომერციულ სარგებელს არ ეძებს. ეკონომისტ გია ხუხაშვილის თქმით, რკინიგზის მშენებლობით რუსეთი პოლიტიკური პროექტის განხორციელებას ცდილობს:

[გია ხუხაშვილის ხმა] „მოგეხსენებათ, რომ იქ სერიოზული რელიეფური პრობლემებია და, შესაბამისად, რკინიგზის იქ გაყვანასთან დაკავშირებით ყოველგვარ ეკონომიკასა და კომერციაზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ, ეს არის ამ ტერიტორიის რუსეთში ინტეგრაციის კიდევ ერთი სიმპტომი და მეტი არაფერი.“

„პოლიტიკური და პროვოკაციული პროექტი“ - ასე აფასებს რუსეთის ხელისუფლების ინიციატივას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში კრემლის გათვლა მარტივ ლოგიკას ემორჩილება:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „ამ და სხვა ინიციატივებს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე დაადასტურონ სტატუს კვო, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიქმნა, და რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს ეს სტატუს კვო. მიზანი აგვისტოს ომისა ხომ ის არის, რომ კავკასიის ქედის სამხრეთით შენარჩუნდეს მისი სამხედრო ყოფნა. ყველაფერი დანარჩენი ამ პოლიტიკის გარნირია.“

ასევე პოლიტიკის, ოღონდ ამჯერად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია ბათუმთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომლის განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტი და მისი სომეხი კოლეგა სპეციალური კონსორციუმის შექმნაზე შეთანხმდნენ. აი, რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სერჟ სარქისიანთან ერთად თბილისში გამართა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვაშენებთ ერთ დიდ გზავს ჯავახეთში, რომელიც შეაერთებს ნინოწმინდას, ახალქალაქს, წალკას თბილისთან ძალიან კარგი გზით. ეს გზა დამთავრდება ორი წლის განმავლობაში და მასზე 170 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ეს არის ასევე გზა საქართველო-სომხეთის საზღვრისა და საქართველო-თურქეთის საზღვრებისკენ. გარდა ამისა, ვაპირებთ შევქმნათ კონსორციუმი, რომელიც ააშენებს გზას, გოდერძის უღელტეხილის გავლით, შავი ზღვისკენ.“

პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ ამ სიახლეს შეშფოთებით შეხვდა ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი. ლეიბორისტული პარტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნესტან კირთაძემ, პროექტის მიღმა სეპარატიზმის საფრთხე დაინახა:

[ნესტან კირთაძის ხმა] „ჩვენს პერიოდშიც კი, როცა აჭარაში ასლან აბაშიძე, ხოლო თბილისში შევარდნაძე იყო, მაშინაც ძალიან ხშირი იყო მეგობრული ზეწოლები არა მარტო სომხეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რათა გოდერძის უღელტეხილზე გზა ”ბათუმი-ერევანი” გაგვეყვანა, მაგრამ მაშინ არც ერთმა გააკეთა ეს და არც მეორემ და არა იმიტომ, რომ ვერ გრძნობდნენ სომხეთისთვის ამ გზის აუცილებლობას. საკითხის დელიკატურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჯავახეთი ხვალ-ზეგ შეიძლება აქტიურ სეპარატისტულ რეგიონად გადაიქცეს.“

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები - შეიცავს თუ არა საფრთხეებს გოდერძის უღელტეხილით ახალქალაქისა და ბათუმის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა. გია ხუხაშვილისა და ირაკლი მენაღარიშვილის კომენტარები:

[გია ხუხაშვილის ხმა] „რატომ არის საჭირო ალტერნატული გზის მშენებლობა? ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს, თუმცა ისეთი დრამატიზებაც არ ღირს, რასაც ლეიბორისტები აკეთებენ, თუმცა კითხვები ჩნდება.“(სტილი დაცულია)

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „კომუნიკაციის საშუალების განვითარება არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც რაიმე ნეგატიური. რისკის შემცველი შეიძლება პოლიტიკა იყოს და არა გარე სამყაროსთან კავშირების გამყარება.“

XS
SM
MD
LG