Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ პრესაში ძირითადი თემა ოპოზიციის გეგმები, ოპოზიციური ძალების გაერთიანების პერსპექტივა გახლავთ.


”ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის ემზადება” - წერს ”რეზონანსი”. ავტორი, საპროტესტო აქციაში მონაწილე ძალების დაზუსტების გარდა, ცდილობს ისიც გაარკვიოს, რა რეაქცია ექნებათ ოპოზიციონერებს, თუკი აქციაში მონაწილეობას ნინო ბურჯანაძეც გადაწყვეტს. ”ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, ”რეზონანსის” კორესპონდენტს ეუბნება: ”ამ დღეს ქართველი ერი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პროტესტს არა მარტო იმისთვის, რაც ერთი წლის წინ მოხდა, არამედ ეს იქნება თავისუფლების გამოძახილი, პროტესტი ხელისუფლების მიმართ იმის გამოც, რაც მან 7 ნოემბრის შემდეგ ჩაიდინა - ეს არის გაყალბებული არჩევნები და ეს არის ყველაზე მძიმე, წაგებული ომი, რომლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ხერხემალშია გადატეხილი”. ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, ფიქრობს, რომ წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი გეგმა უნდა შეიმუშაონ და თუ 7 ნოემბერი საერთო გეგმის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, მაშინ ეს საქმეს ძალიან წაადგება, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი. ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილი თვლის, რომ ნინო ბურჯანაძეს საპროტესტო აქციაზე მისვლის მორალური უფლება არა აქვს. ”მაგრამ თუ მაინც მივა, რას ვიზამთ?! ქალბატონია და მას ვერც დაუსტვენ, ვერც შეეპასუხები და ვერც გალანძღავ”, - ეუბნება შატბერაშვილი ”რეზონანსის” კორესპონდენტს.

”ალიას” კორესპონდენტი კონსერვატორ კახა კუკავას ესაუბრა. ის ადასტურებს, რომ 7 ნოემბერს დიდი მიტინგი იგეგმება და დასძენს: ”პროგნოზის გაკეთება ამჟამად ძნელი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 7 ნოემბერს მოხდება ის, რაც მოხდა შარშან, როცა ე.წ. ”ოპოზიციის” გარკვეული ნაწილი გაემიჯნა ხალხის პროტესტს. ვფიქრობ, 7 ნოემბერს პარტიების ლუსტრირება მოხდება”, - ამბობს კუკავა და ამავე ინტერვიუში ხელისუფლების ყოფილ წევრთა ოპოზიციაში გადანაცვლების შესახებ შეკითხვას ასე უპასუხებს: ”არამარტო ნოღაიდელი... გუშინწინ ეროსი კიწმარიშვილის ინტერვიუ გამოჩნდა, ირაკლი ალასანიამაც გააკეთა განცხადება, მაქვს ინფორმაცია, რომ მალე ოპოზიციაში გადასვლის შესახებ გია ბარამიძეც გააკეთებს განცხადებას, ხოლო უახლოეს ორ თვეში მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს გელა ბეჟუაშვილიც. და, საერთოდ, ეს პროცესი იქნება შეუქცევადი”,- აცხადებს კუკავა.

”ალიას” საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა მემარჯვენეთა ლიდერმა. დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ”დღეები დათვლილი აქვს”. ამასთან, დღეს შეცდომად მიაჩნია, რომ ოპოზიციამ პრინციპულობა არ გამოიჩინა და 20 იანვარს არ დაამთავრა ყველაფერი, ”თუნდაც პატარა კატაკლიზმის ფასად, რადგან ნამდვილად გადავრჩებოდით იმ ტრაგედიას, რომელიც დატრიალდა საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს არ მესმის კიდევ საუბარი დიალოგზე ხელისუფლებასთან”, - ამბობს გამყრელიძე.

”ჯორჯიან ტაიმსში” რესპუბლიკური პარტიის წევრ ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ”პირველ რიგში, ხელისუფლება არის რაც შეიძლება მოკლე ხანში შესაცვლელი, ოღონდ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზებით. სააკაშვილის ყოფნის ყოველი დღე არის კიდევ უფრო გაღრმავებული კრიზისი. სააკაშვილი არის აბსოლუტურად არაადეკვატური. სააკაშვილიც, ტყეშელაშვილიც და მთავრობაში ყველა, აგვისტოდან მოყოლებული, არის არადიპლომატიური”, - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.

”არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს ლიდერი. ზოგიერთს ამბიცია აქვს უსაზღვრო და ულევი, მაგრამ არ გააჩნია ფული”, - ოპოზიციის მომავალ ლიდერზე გამოთქვამს თავის ვარაუდებს გია ცაგარეიშვილი. ”ნებისმიერ ქვეყანაში ფული არის 50% ნებისმიერი პოლიტიკური პროექტის წარმატების. დანარჩენი 50% არის წესიერება, გამბედაობა. ფულის გარეშე არაფერი არ გამოდის, ამიტომ ვინც ფულს მოიტანს, მუსიკას ის შეუკვეთავს. თან ისე შეუკვეთავს, რომ ზოგიერთს შესაძლოა შიგნით ყურის ბარაბნები გაუსკდეს”, - ამბობს ცაგარეიშვილი, რომელსაც ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”მემარჯვენეები ნოღაიდელს და ბურჯანაძეს ოპოზიციად არ მიიჩნევენ”, - ამ სათაურით ქვეყნდება ”24 საათში” ინტერვიუ მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძესთან, რომელიც ამბობს: ”ჯერჯერობით ზურაბ ნოღაიდელს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ ჩვენ მას ოპოზიციაში საშვი გამოვუწეროთ. ასეთი საშვი მან ქართული საზოგადოებისგან უნდა მიიღოს”. ბურჯანაძის შესახებ ჩიხრაძე ამბობს: ”რასაკვირველია, ვერც ბურჯანაძეს გამოვუწერთ ოპოზიციონერის საშვს. მან ამის მოსაპოვებლად თავად უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ჯერჯერობით ეს არ ჩანს. თუკი მას რაიმე რესურსი მოეპივება მწარე სიმართლის თქმისთვის, შემდგომში აუცილებლად გავაანალიზებთ, რამდენად ღირებული იქნება სიმართლე, რომელსაც იგი იტყვის. ჯერჯერობით ბურჯანაძის ინტერვიუები მხოლოდ ირიბი მინიშნებებით შემოიფარგლება, რაც არაფერს ნიშნავს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG