Accessibility links

logo-print

საგანგებო მდგომარეობა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდა


საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე, 2 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთხელ გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

საგანგებო მდგომარეობა, ალბათ, 17 ოქტომბრამდე გასტანს. ამ დროისათვის, სავარაუდოდ, დასრულებული უნდა იყოს როგორც ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებიდან რუსული ბლოკსაგუშაგოებისა და სამხედრო ნაწილების გაყვანა, ისე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მიღება. სწორედ ამ ორ გარემოებას დაუკავშირდა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო.

[დავით ბაქრაძის ხმა] “ყურადღებით, დადგენილებაა და მაღალი კვორუმი სჭირდება, კოლეგებო. გმადლობთ. გადაწყვეტილება მიღებულია და საგანგებო მდგომარეობის მოქმედება კიდევ ერთხელ არის გაგრძელებული კონფლიქტის ზონებში და ასევე იმ ცალკეულ ტერიტორიებზე, სადაც დღემდე, ამ მომენტამდე, იმყოფებიან რუსეთის საოკუპაციო არმიის შენაერთები.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს არ დაუკონკრეტებია რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გარშემო შემოსაზღვრული ეგრეთ წოდებული უშიშროების ზონის ის არეალი, რომელშიც, საქართველოს პარლამენტის 3 სექტემბრის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. არეალი მრავალ სოფელსა და დასახლებულ პუნქტს მოიცავს. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული კონფლიქტების ზონების გარეთ, რუს ოკუპანტებს უკანონოდ განთავსებული ჰქონდათ არანაკლებ 23 ბლოკპოსტისა, რომლებზეც იმყოფებოდა 1370 ოკუპანტი და 218 საბრძოლო მანქანა. 3 სექტემბრის შემდეგ რუსული ჯარი, ძირითადად, სენაკი–ფოთის ხაზიდანაა გასული. უკანონო ბლოკპოსტები კი რჩება გორის რაიონის სოფლებში, - კარალეთში, ვარიანში, შავშვებში, ერგნეთში, - საჩხერის რაიონში, გოდორასთან, პერევთან და სხვ. სოფელ პერევში, მაგალითად, სასწავლო პროცესის განახლება საჯარო სკოლაში მხოლოდ 1 ოქტომბერს მოხერხდა. სკოლის 170 მოსწავლიდან სასწავლო მერხებს მხოლოდ ნახევარი მიუჯდა. დანარჩენი ნახევარი მიმდებარე სოფლების კონტინგენტია. ისინი პერევში შესვლისაგან თავს იკავებენ.

[მოქალაქის ხმა]“ ბავშვები იმის გამო ვერ მიდიან, რომ ეს პოსტი უნდა გაიარონ და, რა ვიცი... თუკი რამე დახმარება იქნება ჩვენთვის, ის იქნება, რომ ეს რუსის ჯარი გავიდეს აქედან. სხვა არანაირი დახმარება არ გვინდა სოფელს. რავი, ძალიან გვეშინია, შეშინებულები ვართ. აი, ახლაც რო ვლაპარაკობ, ძალიან ცუდად ვარ.“

სოფელ პერევში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. ბლოკპოსტზე მათ ჩხრეკენ, განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს მას-მედიისთვის, რომელიც სოფელში სასწავლო პროცესის განახლების გასაშუქებლადაც კი არ შეუშვეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებით რუსული ოკუპანტები სარგებლობენ და არა საქართველოს ხელისუფლება. ამდენად, ექსპერტები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ, რუსული ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების ერთადერთი მიზანი ასეთ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სტატუსის დაფიქსირებაა მხოლოდ. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობამ, რომლის მოქმედების ხანგრძლივობა 2 კვირით განისაზღვრა, 3 სექტემბერს საომარი მდგომარეობა ჩაანაცვლა. ორკვირიანი ვადის ამოწურვის პირობებში, 18 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს, იგი უკვე 2–ჯერ განახლდა. პროცედურას 2 მიზანი ამოძრავებს. მათგან პირველი და უმთავრესი კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიიდან, ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებიდან, რუსეთის მიერ საჯარისო შენაერთების გაყვანის საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაა.

[ზურაბ დეკანოიძის ხმა] ”2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების შესაბამისად, 1 ოქტომბრიდან საქართველოში დაიწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელება. მისიის დაწყებიდან მაქსიმუმ 10 დღის ვადაში რუსეთის ფედერაცია ვალდებულია გაიყვანოს თავისი საოკუპაციო საჯარისო ნაწილები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, ჯერჯერობით არ არის შესრულებული რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულება, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის ვადა 2008 წლის 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.“

განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ. მის თხოვნას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი იმ იმედით, რომ საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ გაგრძელების საჭიროება აღარ წარმოიქმნება. ეგრეთ წოდებული პროგნოზირებადი სცენარით, იმ დროისათვის, როდესაც რუსი ჯარისკაცები კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიებს დატოვებენ, უკვე მიღებული იქნება კანონი ოკუპაციის შესახებ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებული სტატუსიც, შესაბამისად, ამ კანონით დარეგულირდება.


XS
SM
MD
LG