Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგამოფენა, გია ჩხატარაშვილის მონაწილეობით, ნიუ- იორკში - “რღვევის შემდეგ”


“უხილავი ფარდის” დღევანდელი მონაწილეები ფოტოგრაფები, ანუ უხილავი ფარდის მიღმა მზერის





ოსტატები, არიან. სექტემბერში ნიუ-იორკში ქართველმა ფოტოგრაფმა გია ჩხატარაშვილმა, ამერიკელ პოლ კოლჰაუნსა და იტალიელ პიერ პაოლო მიტიკასთან ერთად, გამოფენა გახსნა. კოლჰაუნისა და ჩხატარაშვილის თემა საქართველო იყო. გია ჩხატარაშვილი ჯერ გამოფენაზე გვიამბობს:

(ჩხატარაშვილის ხმა)
“[გამოფენა გაიხსნა] ჰენრი აჰრონის ცენტრში, ნიუ-იორკში. ეს არის კულტურის ცენტრი. გამოფენის სათაური იყო “დაცემის, რღვევის შემდეგ”. ლაპარაკია საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ დროზე. სამი ფოტოგრაფი ვმონაწილეობდით. წარმოდგენილი იყო პოლ კოლჰაუნისა და ჩემი ფოტოები საქართველოს შესახებ და იტალიელი ფოტოგრაფის, პიერ პაოლო მიტიკას, ფოტოები უკრაინის, ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. სამი ესე იყო ამ თემის ირგვლივ. გამოფენა ნოემბრამდე გაგრძელდება.”

გია ჩხატარაშვილსა და პოლ კოლჰაუნს ადრეც უმუშავიათ ერთად, ერთობლივი გამოფენებიც ჰქონიათ. აგვისტოში გია სწორედ ოკეანისგადაღმელ მეგობართან ერთად საქართველოში იღებდა, მანამდე კი კოლჰაუნი თბილისში ფოტოს საქმეს ასწავლიდა ბავშვებს.

(ჩხატარაშვილის ხმა)
“ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწვევით, ქუჩის ბავშვებს ასწავლიდა ფოტოგრაფიას. შემთხვევით გავიცანი. დაიწყო ჩვენი მეგობრობა, გვქონდა ერთობლივი გამოფენები თბილისში. შემდეგ პროექტი დავიწყეთ, რომელსაც ეწოდა “ხიდი ოკეანეზე”. ის ჩამოვიდა თბილისში, ერთად ვიღებდით საქართველოს. ორჯერ იყო თბილისში. ახლა მეც ჩამოვედი ამერიკაში, მეც მიმიწვია. ის იყო ინიციატორი, მე ჩამოვსულიყავი ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში, მაგრამ კონკრეტულად მოწვევა გამომიგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ს-ეიჩ არტ ლინკმა¨, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან აღმოსავლეთევროპელ და ამერიკელ ხელოვანებს.”

როგორც გია ჩხატარაშვილი ამბობს, იმ დროს, როცა ომი დაიწყო, ის პოლ კოლჰაუნთან ერთად საქართველოში ფოტოპროექტზე მუშაობდა:

(ჩხატარაშვილის ხმა)
“ჩვენ ერთობლივი გადაღებები გვქონდა დაგეგმილი. პროგრამაც გვქონდა შედგენილი: უნდა გადაგვეღო თანამედრვე საქართველო, ყოფა-ცხოვრება, უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანები, სხვადასხვა სტრუქტურები. მას უნდოდა საავიაციო ქარხნის გადაღება, უნდოდა პოლიციის მუშაობის ნახვა, თავდაცვის სამინისტროში შეტანილი ჰქონდა განცხადება, რომ ენახა ერთ-ერთი საჯარისო ნაწილის წვრთნა, ყოველდღიური ცხოვრება. რამდენიმე დღის ჩამოსული იყო, როცა ომი დაიწყო და, რასაკვირველია, გადაერთო, გადავერთეთ. ომში, რასაკვირველია, ვერ წავედით, ომის თემა ვერ გადავიღეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, გადავიღეთ ლტოლვილები, ლტოლვილების შემოსვლა თბილისში, მათი განთავსება. ეს პირველი დღეები იყო და ძალიან მძიმე სურათი გამოდიოდა. ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო ამის ნახვა, იმიტომ რომ, ფაქტიურად, თითქოს მეორე წრეზე ვუყურებდი ყველაფერს. პირველად ეს იყო 1993 წელს, აფხაზეთიდან ლტოლვილებს რომ ვიღებდი. იგივე შეგრძნება დამეუფლა, რადგან აქ უფრო მძიმე სიტუაცია იყო: პირდაპირ ჩამოვიდნენ, ყველაფრის გარეშე, ადამიანები. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ ამ სიტუაციისთვის. ჩემი და ამ კაცის გაკვირვება გამოიწვია იმან, თუ რატომ არ გააფრთხილეს, რომ ეს ამბავი მოხდებოდა ან ევაკუაცია დროზე არ მოახდინეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ოსებმა, რუსებმა, ფაქტიურად, მოახდინეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ევაკუაცია. ჩვენ გვიწევდა ამ ხალხთან კონტაქტი და პოლი გაოცებული იყო იმით, რომ არა მარტო ქართველები იყვნენ გამოდევნილი ცხინვალის რეგიონიდან, არამედ ოსებიც. და ჩვენ ეს ხალხი ვნახეთ და გადავიღეთ ერთად ოსი ბავშვები, ქართველი ბავშვები, შერეული ოჯახები. ეს წარმოუდგენელი ტრაგედია იყო. ამას ყველაფერს უყურებდა პოლი და იღებდა, რასაკვირველია.”(სტილი დაცულია)

პოლი იღებდა და მისთვის დასმული შეკითხვაც ამას შეეხებოდა: როცა იღებს, თავის ხელოვნებაზე ფიქრობს, ფიქრობს იმაზე, მხატვრული ფოტო შექმნას თუ სინამდვილე უჩვენოს მისი სურათების მნახველს.

(კოლჰაუნის ხმა)
“არა მგონია, რომ დიდი განსხვავება იყოს ამ ორ მომენტს შორის. საქართველოში მუშაობის დროსაც ასე იყო. მე ვუყურებ რეალობას და არსებული რეალობა ჩემეულად მესმის. სხვა სიტყვებით, მე მაქვს ჩემი გრძნობები იმის მიმართ, რაც ხდება, და ვცდილობ გადავიღო ფოტოები, რომლებიც მხოლოდ რეალობას კი არ ასახავენ, არამედ ჩემს გრძნობებს რეალობის მიმართ.”

ნიუ-იორკში ახლა გამოფენილ ფოტოებს შორის პოლ კოლჰაუნის მიერ თბილისში აგვისტოში გადაღებული ნამუშევრებიცაა. ფოტოგრაფი ამბობს, რომ მას ამერიკელებისთვის - ამ ქვეყანას განსაკუთრებული ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ - სინამდვილის ჩვენება სურს:

(კოლჰაუნის ხმა)
“მე მსურს მათთვის საქართველოს რეალობის ჩვენება. აშშ-ს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ამ ქვეყანასთან. ამერიკელებს მინდა ვუჩვენო ეს ფოტოები, ალბათ, იმისთვის, რომ უფრო ღრმად გაიგონ, როგორია საქართველოში ცხოვრება, ვიდრე ამას აჩვენებს მედია აშშ-ში. როცა ამ კონფლიქტის შესახებ აქაური მედიის რეპორტაჟებს ვუსმენდი, ეს სუფთა პროპაგანდა იყო. ასევე იყო “სი-ენ-ენ-ზეც” . ჩემი აზრით, მედიას არც შეუძლია წარმოადგინოს მომხდარის სრული სურათი. ის მას ერთი სასურველი მიმართულებით გადახრის ხოლმე.”

რატომ ფიქრობს ასე კოლჰაუნი? თანამოსაუბრემ მითხრა, რომ ის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს ელექტრონულ მედიასა და ბეჭდვით მედიას შორის. ჩემი შეკითხვა სოლისებური იყო: მიაჩნია თუ არა თანამოსაუბრეს, რომ მისი ფოტოები სინამდვილეს ასახავს და არაა პროპაგანდა?

(კოლჰაუნის ხმა)
“იმედი მაქვს, რომ ჩემს პოზიციას წარმოვადგენ და არ ვცდილობ საქართველოს რეალობით მანიპულირებას იმ მიზნით, რომ მივაღწიო კონკრეტული თვალსაზრისის გავრცელებას. თბილისში ყოფნისას დიდი რაოდენობის დევნილთა თბილისში შემოსვლას შევესწარი. ვცდილობდი იმაზე გამემახვილებინა ყურადღება, რისი გადატანა უწევდათ მათ იმ მომენტში, საერთო და არა კერძო თვალსაზრისით. იქ ბევრი იყო, ვისთანაც ვილაპარაკე, და ეს იყო ხალხი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ და არაფერი იყო მათთვის მომზადებული. ისინი შეასახლეს შენობებში, სადაც წყალი არ იყო, არც საკვები ჰქონდათ. ეს იყო რეალობის ნაწილი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.”

კვლავ ამერიკაში დავბრუნდეთ. ისიც ფაქტია, რომ საქართველოში აგვისტოში მომხდარმა ამბავმა ეს ქვეყანა პოპულარული გახადა თვით ამერიკაში, სადაც “ჯორჯიაზე” ცოტა რამ იციან. გია ჩხატარაშვილი იქ ჩასვლისთანავე გახდა იმის მომწმე, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოზე უფრო მეტი გაიგეს.

(ჩხატარაშვილის ხმა)
“ეს იყო ამერიკის საზღვარზე, კენედის აეროპორტში. ეს იყო იაპონური წარმოშობის მკაცრი გამომეტყველების კაცი და, როგორც კი მივედი და გაიგო, რომ საქართველოდან ვარ, მთელი ათი წუთის განმავლობაში მელაპარაკებოდა და მეკითხებოდა, თუ რა და როგორ მოხდა საქართველოში. უზარმაზარი რიგი დადგა ჩვენს უკან. ეს იყო პირველი დაინტერესება.”

სადაც მივდივარ, ყველგან ვხედავ დაინტერესებას საქართველოთი, რადგან ამერიკელებმა იციან, რომ საქართველო მათ ქვეყანასთან, რუსეთის იმპერიული ზრახვების გააქტიურებასთან არის დაკავშირებულიო, ამბობს გია ჩხატარაშვილი და გვიამბობს, ნიუ-იორკის ტელევიზიაში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი კოლეგები მიწვეული და გადაცემაში პოლმა საქართველოზე ილაპარაკაო.
ორი ფოტოგრაფი ნიუ-იორკშიც ახერხებს მუშაობას. გია ჩხატარაშვილი ჯერ, ზოგადად, ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

(ჩხატარაშვილის ხმა)
“ნიუ-იორკში არის საოცრად დინამიური ცხოვრება. თვითონ ქალაქი არის წარმოუდგენელი ქალაქი. მსოფლიოს სხვადასხვა ადამიანები - სხვადასხვა რასის, ეროვნების, რელიგიის - არიან თავმოყრილი ქვეყანაში. გამაოცა, თუ როგორ თანაცხოვრობენ გვერდიგვერდ. როცა ქუჩაში მიდიხარ, საოცრად დინამიურია, თითქოს ერთი კადრია, უწყვეტი, უმონტაჟო, ეს ვიზუალურად სხვა სფერო და სხვა სამყაროა, ნიუ-იორკში მართლა იგრძნობ თავს მსოფლიო მოქალაქედ.”

მე ვკითხე: შეუძლია ფოტოგრაფს ფოტო გადაუღოს პოლიციელს-მეთქი?

(ჩხატარაშვილის ხმა)
“ჩაინა ტუანში”, სადაც გადავიღე პირველი კადრი, იდგა მაღალი, შესანიშნავი, დიდი, ბრგე, სიმპათიური აფროამერიკელი პოლიციელი. პოლს ვკითხე, შეიძლება გადავუღო-მეთქი? მას გაეცინა და უთხრა, ეს აღმოსავლეთევროპელია და იქ პოლიციელები სხვანარიდა ექცევიან ფოტოგრაფებსო. პოლიციელს გაეცინა, არავითარი პრობლემა არ არისო, და პოზიორობა დაიწყო.”

მისმა მეგობარმა და კოლეგამ, პოლ კოლჰაუნმა, საქართველოდნ, ამ მხრივ, სხვა შთაბეჭდილება ჩამოიტანა. როცა კამერას მივუშვერ, ხალხი, უმეტესწილად, მეგობრულიაო, გვითხრა მან, მაგრამ გასამხედროებულ პოლიციას და საჯარო ოფიციალურ პირებს ფოტოგრაფები ძალიან აღაშფოთებთო.













  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG