Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები შედგა


ხუთშაბათს შეერთებულ შტატებში გაიმართა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რესპუბლიკელი სარა პეილინი და დემოკრატი ჯო ბაიდენი.

ამ დებატებს ამერიკელები დიდი ინტერესით ელოდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, თავად ეს მოლოდინი ბევრად უფრო დამუხტული და ინტენსიური იყო, ვიდრე საკუთრივ დებატები. სარა პეილინისგან წარმატებულ გამოსვლას ცოტა ვინმე თუ ელოდა, მაგრამ ალასკის შტატის გუბერნატორმა შეძლო თავის კარგად წარმოჩენა.

90-წუთიანი დებატების ბოლოს სარა პეილინს ერთი მთავარი მიზნისთვის უნდა მიეღწია - რესპუბლიკური პარტიის წევრები უნდა დაერწმუნებინა, რომ იგი შეძლებს ვიცე-პრეზიდენტის პასუხისმგებლობასთან გამკლავებას.

დებატების დასრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ მან ამის დემონსტრირება შეძლო.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს მისურიში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში, დაუპირისპირდნენ. დებატებს ტელევიზიით 50 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამერიკელებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ პეილინის პასუხები პირდაპირ დასმულ შეკითხვებზე.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა ალასკის შტატის გუბერნატორი სარა პეილინი დაახლოებით ერთი თვის წინ მოულოდნელად დაასახელა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. მას შემდეგ მაკკეინის საარჩევნო კამპანიის მესვეურები პეილინს მედიის წარმომადგენლებთან ხშირი კონტაქტის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ დრომდე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა მედიას მხოლოდ ორი ინტერვიუ მისცა და ორივეში წარუმატებლად გამოვიდა. გამოჩნდა, რომ პეილინს აკლდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების ცოდნა; რამდენჯერმე მან პასუხი ვერ გასცა ამერიკის კანონმდებლობის შესახებ შეკითხვებს, ხოლო განცხადება, რომ ალასკის რუსეთთან სიახლოვემ მას საგარეო პოლიტიკის საკითხებში გამოცდილება შემატა, დაცინვის საგანი გახდა.

მართლაც, ინტერვიუებში პეილინმა საკუთარი თავი იმდენად სუსტად წარმოაჩინა, რომ მას რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა წევრმაც კი მოუწოდა კამპანიაზე უარი ეთქვა, იმ არგუმენტით, რომ ”ქვეყნისათვის ასე აჯობებდა.”

მაგრამ ხუთშაბათს გამართულ დებატებზე აუდიტორიამ სხვაგვარი პეილინი იხილა - უფრო თავდაჯერებული კანდიდატი, რომელმაც თავისი შეხედულებების ჩამოყალიბება მწყობრად შეძლო და არ შეუშინდა ოპონენტს, ჯო ბაიდენს, რომელსაც სენატში ყოფნის 36 წლიანი გამოცდილება აქვს და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტის რეპუტაციით სარგებლობს. მედიაში გავრცელებული ცნობების გამო - რომ პეილინს ამ დებატებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად ამზადებდნენ - რამდენიმე ანალიტიკოსმა მის გამოსვლას ”კარგად გამოწვრთნის” შედეგი უწოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, პეილინის დებატებზე გამოსვლა, ალბათ, ბევრ კრიტიკოსს გააჩუმებს - ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც.

დებატების პირველი ნაწილი ამერიკის ამომრჩევლებისთვის დღესდღეობით ყველაზე მწვავე საკითხს - ეკონომიკურ კრიზისს - შეეხო. ჯონ მაკკეინმაც და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბარაკ ობამამაც ოთხშაბათს ხმა მისცეს მთავრობის გეგმას, რომელიც ეკონომიკის გადასარჩენად 700-დან 800 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე თანხის გაღებას ითვალისწინებს.

პეილინმა ამ კრიზისზე მისთვის ჩვეული პოპულისტური ინტონაციით ისაუბრა და მთავრობას საფინანსო ბაზრების არასაკმარისად გაკონტროლებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, იპოთეკური სესხების კრიზისში დამნაშავე ”სესხის მტაცებელი გამცემები” არიან და არა რიგითი ამერიკელები.

თუმცა პეილინის მეტოქემ, ჯო ბაიდენმა, ეჭვი გამოთქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჯონ მაკკეინი მართლაც შეძლებს ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გაკონტროლებას. ბაიდენის თქმით, მაკკეინი ეკონომიკის დერეგულაციისა და ბაზრისთვის სრული თავისუფლების მინიჭების მომხრეა.

საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობისას სარა პეილინმა საკუთარი გამოუცდელობიდან ყურადღების გადატანა ობამას გაკრიტიკებით სცადა. მაგალითად, ერაყის საკითხთან მიმართებით, ჯარის ეტაპობრივი გამოყვანის შესახებ ობამას გეგმას ”დამარცხების თეთრი დროშა” უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკამ ახლა ერაყს თავი არ უნდა დაანებოს:

[პეილინის ხმა] ”ერაყში ჩვენს საქმეს მაშინ დავამთავრებთ, როდესაც ერაყის მთავრობა თავისი ხალხის სამსახურში ყოფნას შეძლებს, ხოლო ერაყის უშიშროების ძალებს ხალხის უსაფრთხოების დაცვის უნარი ექნებათ. ამ პირობების დაკმაყოფილებას შეგვატყობინებენ იქ მყოფი ჩვენი გენერლები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი და პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ და იციან, რომ გამარჯვება სულ უფრო ახლოვდება.”

პასუხად ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა პოზიცია, რომელიც მაკკეინმა ერაყთან მიმართებით დაიკავა, მცდარი იყო. ბაიდენმა დაიცვა ობამას გეგმა პასუხისმგებლობის ერაყელებისთვის გადაცემისა და ქვეყნიდან ამერიკის ჯარის ეტაპობრივი გამოყვანის თაობაზე. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები ერაყში თვეში 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს, მაშინ როდესაც ერაყის მთავრობას ბიუჯეტში 80 მილიარდ დოლარიანი ნამატი აქვს.

[ბაიდენის ხმა] ”ბარაკი ამბობს, რომ დადგა დრო მათ თავიანთი ფული დახარჯონ; იმ 400,000-მა სამხედრომ, რომლებიც მათ ჩვენ გავუწვრთენით, პასუხისმგებლობა იკისროს; და [ჩვენ იქიდან] თანდათან, 16 თვის განმავლობაში, გამოვიდეთ. სწორედ ესაა ჩვენსა და ჯონ მაკკეინს შორის ფუნდამენტური სხვაობა. ჩვენ ამ ომს დავასრულებთ - ჯონ მაკკეინი კი დასასრულს ვერ ხედავს.”

ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - ირანზე - საუბრისას პეილინმა მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ისევე როგორც ირანის ატომური პროგრამა, და განაცხადა, რომ ისრაელი - რეგიონში ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე - დაცული უნდა იყოს. ამასთან, პეილინმა გაიმეორა ობამას მიმართ რესპუბლიკელების მხრიდან ხშირად გამოთქმული კრიტიკა და თქვა, რომ მისი სურვილი, ამერიკის მტრებთან პირდაპირ დიპლომატიას მიმართოს, ”გულუბრყვილო” და ”საშიშია.”

ამის პასუხად ბაიდენმა განაცხადა, რომ ობამას არასოდეს უთქვამს შეერთებული შტატების მტრებს წინაპირობების გარეშე შევხვდებიო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ყველაზე მწვავე ოპონენტებთანაც უნდა იყოს შესაძლებელი.

ხუთშაბათის დებატებში პეილინი ცდილობდა მაქსიმალურად გაეკრიტიკებინა ობამა, მაშინ როდესაც ბაიდენის მთავარ მიზანს მაკკეინის დაკავშირება წარმოადგენდა მოქმედ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან, რომელსაც ახლა ამერიკელთა მხოლოდ 26 პროცენტიღა უჭერა მხარს. ბაიდენმა განაცხადა, რომ ერაყთან, ირანთან, ავღანეთსა და პაკისტანთან მიმართებით მაკკეინის პოზიციები ბუშისგან არაფრით განსხვავდება, და პირობა დადო, რომ ის და ობამა აღადგენენ მსოფლიოში ამერიკის გავლენას და მის მიმართ პატივისცემას.

ზოგადად, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები, როგორც წესი, არჩევნების მსვლელობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ხოლმე და, სავარაუდოდ, გამონაკლისი არც ეს დებატები იქნება.

ეს კი რესპუბლიკელებისთვის კარგი ამბავი არ არის. ამ ეტაპზე - არჩევნებამდე 32 დღით ადრე - ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ობამა მაკკეინს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7 პროცენტით უსწრებს.
XS
SM
MD
LG