Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკრედიტაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2009 წელს დაიწყება


განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების პროექტზე,

რომელიც დასამტკიცებლად განათლების სამინისტროს გადაეცა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, აკრედიტაციის პილოტირების პროცესში 100–მდე სკოლა ჩაერთვება.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაცია 2010 წლისთვის კერძო სკოლებში, 2011 წლისთვის კი საჯარო სკოლებში დასრულებული უნდა იყოს. საქართველოში 2200 საჯარო და 250–ზე მეტი კერძო სკოლაა. ამიტომ, კანონის მოთხოვნის პასუხად, განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აკრედიტაციის პროცესის 2009 წლიდან დაწყებას საშურ საქმედ მიიჩნევს. რას ითვალისწინებს აკრედიტაცია და არის თუ არა იგი სავალდებულო ყველა სკოლისთვის? ამ შეკითხვით საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორს ნინო ჩუბინიძეს მივმართეთ.

[ნინო ჩუბინიძის ხმა] “აკრედიტაცია ამოწმებს, ხდება თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება; არის თუ არა მშვიდობიანი გარემო, ანუ კულტურა; რა კულტურა აქვს სკოლას და როგორი განვითარების მუხტია სკოლაში და არა უშუალოდ ის, არის თუ არა იქ სპორტული მოედნები, ბურთები, კომპიუტერები და სხვ. ეს შემოწმების სხვა რანგია, ვიდრე ლიცენზირება.“ (სტილი დაცულია)

ანუ სკოლების ეგრეთ წოდებული ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენს, პასუხობენ თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და ეროვნული სასწავლო გეგმებით დასახულ ამოცანებს. შესაბამისად, სახელმწიფო მხოლოდ აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ცნობს. ეს კი დამატებითი მოტივი და არგუმენტია როგორც სკოლის ადმინისტრაციისთვის, ისე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის.

[ქეთევან ფეიქრიშვილი,მშობელი] “მე მგონი, რომ აკრედიტაცია აუცილებელია სკოლებისთვის და პირობები – პირველ რიგში, დისციპლინა, სწავლის კარგი დონე, სისუფთავე. ამას ყველაფერს მე ვაქცევ ყურადღებას.“

ასეთია მოსწავლის მშობლის, ქალბატონ ქეთევანის, პოზიცია. განათლების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ აკრედიტაციის მიზანი სკოლების განვითარების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაა და არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. იმისათვის, რომ სკოლამ აკრედიტაცია მიიღოს, ოთხი სავალდებულო მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. მათგან პირველია მისია და მიზნები, მეორე - საგანმანათლებლო პროგრამები და ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება, მესამეა სააღმზრდელო პროცესის კულტურა და, ბოლოს, სკოლის რესურსები, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს, როგორც ფინანსურ, ისე პედაგოგიურ რესურსებს. პედაგოგია ქალბატონი ლიაც, ჩვენი შემდეგი რესპონდენტი.

[ლია თალაკვაძის ხმა] “სკოლა უნდა იყოს მოწესრიგებული, გარემო უნდა ჰქონდეს კარგი, ჰყავდეს თავისი საქმის კარგად მცოდნე პედაგოგები - ისინი, ვინც თავიანთი საქმის ოსტატები არიან, ბავშვი უყვართ, ბავშვს სათანადოდ მიიღებენ და ასწავლიან. ყველა ეს პირობა აუცილებელია. ჩვენს სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა მასწავლებელმა ასწავლოს. ტექნიკური საშუალებები გვაქვს, დარბაზი გვაქვს არაჩვეულებრივი, სპორტული დარბაზები გვაქვს ძალიან კარგი, გარემოა არაჩვეულებრივად შექმნილი.“ (სტილი დაცულია)

თუმცა იმისათის, რომ სკოლებმა სათანადოდ წარმოაჩინონ თავი, გარკვეული მომზადება თავადაც უნდა გაიარონ. სხვა სიტყვებით, უახლოეს ხანში განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტაციის კულტურის ამაღლებაზეც დაიწყებს ზრუნვას. ანუ აკრედიტაციის პროცესი ითვალისწინებს სკოლების მიერ თვითშეფასების ანგარიშის მომზადებას. ამ ანგარიშის საფუძველზე მოხდება საბოლოო შეფასებაც - ამჯერად უკვე ეგრეთ წოდებული გადამმოწმებლების მიერ. სკოლებისა და ეგრეთ წოდებული გადამმოწმებლების გადამზადების პროცესისთვის განათლების სამინისტრო საშუალოდ 7–8 თვეს ანგარიშობს. 2009 წლის პირველ ნახევარში კი აკრედიტაციის პილოტირებას დაახლოებით 100 სკოლაში გეგმავს. განათლების შესახებ კანონის თანახმად, 2011– 2012 სასწავლო წლამდე აკრედიტაცია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს. ამ გარემოების გათვალისწინებით, განათლების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი ნინო ჩუბინიძე პროცესებს, რომლებიც 2009 წლიდან იწყება, ნამდვილი 5–6 წლიანი აკრედიტაციის გენერალურ რეპეტიციად განიხილავს. სკოლებს, რომლებიც აკრედიტაციის პირობებს ვერ დააკმაყოფილებენ, ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ორწლიანი ვადა განესაზღვრებათ.
XS
SM
MD
LG