Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ნოემბრიდან საქართველოსა და თურქეთს შორის ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება


საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

შეთანხმების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის აღარ იარსებებს საბაჟო ტარიფები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ეს არ გულისხმობს ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა გადასახადებისგან გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობას. საქართველოში ამ გადაწყვეტილებას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგენიც გამოუჩდნენ.

საქართველოს მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებაზე. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ თურქეთთან თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე ვაჭრობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას; ასევე, მეწარმეებს წაახალისებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით.

პირველი ნოემბრიდან თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედებას საქართველოსთვის სასარგებლო სიახლედ მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია:

[დავით ნარმანიას ხმა] „მისი მთავარი არსი არის ის, რომ თურქეთში დამზადებული პროდუქცია არ დაიბეგრება საბაჟო გადასახადით და საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რომელიც შედის თურქეთში, ასევე არ დაიბეგრება საბაჟო გადასახადით. ასეთი რეჟიმი კარგად მუშაობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან.“

სხვაგვარად ფიქრობს ყოფილი პარლამენტარი, მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე. ის წინა მოწვევის პარლამენტის დროს აქტიურ ოპონირებას უწევდა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარებას. ზურაბ ტყემალაძემ პოზიცია არც ერთი წლის შემდეგ შეიცვალა და ახლაც თვლის, რომ თურქეთის იაფფასიანი პროდუქცია უხარისხოა და მის შესაჩერებლად ბარიერები უნდა დაწესდეს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „დაცვის მიზნით, ჩვენ შეგვიძლია დავაწესოთ ბარიერები ასეთ პროდუქციაზე და ამის შემდეგ მოხდეს თავისუფალი ვაჭრობა. სანამ ეს პრევენციული ღონისძიება არ გატარდება, ამ ხელშეკრულების ამოქმედება არ იქნება სწორი.“

ზურაბ ტყემალაძე თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობაში სხვა საფრთხესაც ხედავს. მრეწველთა პარტიის ლიდერის აზრით, თურქეთის პროდუქციით გაჯერებულ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის ადგილი აღარ დარჩება:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „როგორ იქნება თანაბარ პირობებში ჩაყენებული ჩვენი და უცხოელი მეწარმე, როცა უპირატესობა მარტო საბანკო-საფინანსო რესურსში გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეწარმეები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.“ (სტილი დაცულია)

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის მომხრეებს საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. ისინი იხსენებენ, თუ როგორ გადაარჩინა იაფფასიანმა იმპორტმა საქართველო დაახლოებით 16 წლის წინ, მაშინ, როდესაც ომებით დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მსოფლიო დონისგან ძალიან შორს იყო. ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას კომენტარი:

[დავით ნარმანიას ხმა] „თუ ჩვენი მსყიდველობითუნარიანობა გაიზრდება, შემდგომ უფრო მაღალხარისხიან პროდუქციაზე გაუჩნდება მოთხოვნა მომხმარებელს. ამიტომ ის თურქულ პროდუქციას შეცვლის სხვა, უფრო ძვირად ღირებული და ხარისხიანი, პროდუქციით. ანუ ბაზარი დაარეგულირებს ამას და მასში ხელოვნური ჩარევა არ არის გამართლებული.“

თურქეთიდან იმპორტის გარდა, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოში დამზადებული პროდუქციის თურქეთში უბაჟოდ ექსპორტირების საშუალებასაც იძლევა. ორ ქვეყანას შორის ერთი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტის დროს საბაჟო გადასახადები შენარჩუნდება პროდუქციის 14 სახეობაზე. საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირების დროს კი საბაჟო გადასახადების გადახდა მოუწევს საქონლის 8 ჯგუფს და სასურსათო პროდუქციის 21 სახეობას. მაგრამ აქედანაც, რამდენიმე სახის საქონელი, შეთანხმებული კვოტის მიხედვით, საბაჟო გადასახადების გარეშე იმოძრავებს.
XS
SM
MD
LG