Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაში ადანაშაულებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის აზრით, ქვეყნები, რომლებისგანაც საქართველო შეიარაღებას იძენდა, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებით დანაშაულს სჩადიოდნენ.

ამ მიმართულებით პირდაპირი პრეტენზია პუტინმა უკრაინის მიმართ გამოხატა. ”არ არსებობს იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებაა”, - განუცხადა მან ახლახან ჟურნალისტებს.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”რა შეიძლება ყოფილიყო იმაზე მეტი დანაშაული უკრაინელი და რუსი ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე კონფლიქტის ზონაში იარაღის შეტანაა.. ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაღელვებს, რომ ტექნიკას, რომლის გამოყენებასაც ადგილი ჰქონდა კონფლიქტის ზონაში, შესაძლოა უკრაინელი სპეციალისტები მართავდნენ. ეს დანაშაულია. ”

კონფლიქტის ზონაში პუტინი საქართველოს, ცხინვალის რეგიონს გულისხმობდა.. მისი აზრით, სამხედრო ტექნიკა, რომელსაც აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები იყენებდნენ, საქართველოს უკრაინისგანაც ჰქონდა შეძენილი..

საქართველო უკრაინისგან იარაღს რომ ყიდულობდა, ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავდნენ. საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დანაშაულად განხილვა გასაკვირი იქნებოდა, რომ არა იმის გათვალისწინება, ვისგან მოდის ბრალდება, ვინ ამბობს: არ არსებობს იმაზე მეტი დანაშაული, ვიდრე კონფლიქტის ზონისთვის იარაღის მიწოდებააო.

”ამ ლოგიკით, დამნაშავეა ყველა ქვეყანა, რომელიც იარაღს ყიდის და, მათ შორის, თავად რუსეთი, როგორც იარაღის გამყიდველი”, - ფიქრობს ექსპერტი შალვა ფიჩხაძე:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”იარაღის ბაზარი არის ბაზარი. როდესაც იარაღი გამოაქვს სახელმწიფოს ბაზარზე, თუ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია ან ურჩი სახელმწიფო, ან სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება შექმნას აკრძალული შეიარაღება, ნებისმიერს შეუძლია ყიდვა. რა არის ამაში დანაშული, თუ საქართველო ყიდულობს იარაღს, არ მესმის. მაშინ იგივე შეიძლება ითქვას იმ ქვეყნებზე, რომლებიც იარაღს ყიდიან. უკრაინა ყიდის, ასევე ყიდის რუსეთი.” (სტილი დაცულია)

რუსეთისგან სამხედრო ავიაციას იძენდა მალაიზია, რუსეთი იარაღით ვაჭრობდა ინდონეზიასთან, ის იარაღით ამარაგებს ლათინური ამერიკის ქვეყნებს. საქართველო-რუსეთის ომის დაწყებამდე რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაცია ”ჰამასისთვის” იარაღის მიწოდების მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა ისრაელი შეეწყვიტა საქართველოსთან ვაჭრობა.

მაშინ, როცა აგვისტოს მოვლენების გამო ევროკავშირმა ლაპარაკი დაიწყო რუსეთისთვის გარკვეული სანქციების დაწესების მიზანშეწონილობაზე, თავად რუსეთი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ასეთ აკრძალვას კი დასავლეთის ქვეყნები დიქტატორული რეჟიმების ან იმ ქვეყნების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებმაც, როგორც შალვა ფიჩხაძემ განმარტა, შეიძლება შექმნან მასობრივი განადგურების აკრძალული იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასეთი სახელმწიფოების იგს არ მიაკუთვნებენ, რუსეთი ბოლო წლების მანძილზე სისტემატურად უყენებდა პრეტენზიებს სხვადასხვა ქვეყნებს საქართველოსთან სამხედრო სავაჭრო პარტნიორობის გამო. მაგალითად, 2006 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პრეტენზია ნატოს წევრ სახელმწიფოებს წაუყენა. რუსეთის მაშინდელმა მინისტრმა საქართველოსთვის საბჭოური წარმოების იარაღის მიწოდებაში ზოგადად ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნები დაადანაშაულა.

ამჯერად მთავარი პრეტენზია უკრაინისკენ არის მიმართული.. უკრაინის პრემიერ- მინისტრმა პუტინთან შეხვედრაზე ამ პრეტენზიის მოსმენის შემდეგ თქვა, კარგი იქნება, თუკი უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლისო. ”სერიოზულად ფაქტებზე მსჯელობა მაშინ შეგვეძლება, როცა ისინი დადასტურდება. იარაღით ვაჭრობაზე კონტროლი აქვს პრეზიდენტს, უშიშროების საბჭოს და არა მთავრობას ”, - განმარტა იულია ტიმოშენკომ.. ექსპერტი შალვა ფიჩხაძე ფიქრობს, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თემას ძალაუფლებისთვის ბრძოლისთვის იყენებს:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”ეს რომ ტიმოშენკოს მიერ შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის არის გაკეთებული და ძალაუფლებისთვის ბრძოლის იარაღია, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის რუსეთს კოჭს უგორებს - ეტყობა, რუსეთის იმედი აქვს ძალაუფლების აღებაში.” (სტილი დაცულია)

რუსულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს საზენიტო რაკეტებს და სხვა შეიარაღებას შეღავათიან ფასად აწვდიდა, ეს კი, მაგალითად, გაზეთ ”იზვესტიას” განმარტებით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობას აზარალებდა.
XS
SM
MD
LG