Accessibility links

logo-print

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


მთელი კვირის მანძილზე ახალ ეტაპზე გადავიდა

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წამოწყებული პროცესი. ამ მხრივ, კვირის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენას წარმოადგენს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის დაწყება საქართველოში. ასევე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. გთავაზობთ ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვას.

დავიწყებ საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის განლაგებაზე საუბრით.

მისიის 28 ჯავშანმანქანამ პატრულირება 1 ოქტომბერს დილის 9 საათზე დაიწყო. მეთვალყურეები შევიდნენ გორის, ქარელის, ზნაურის, ახალგორისა და საჩხერის რაიონების სოფლებში, რომლებშიც რუსი ოკუპანტები დგანან. ევროკავშირის მისიამ მუშაობა დაიწყო სამეგრელოშიც.

მისია მზად არის მოიცვას მთელი საქართველო, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუს ოკუპანტებსა და მათი მფარველობის ქვეშ მყოფ სეპარატისტებთან თანამშრომლობა იოლი პროცესი არ აღმოჩნდა.

პრობლემების არსებობაზე 1 ოქტომბერს მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი საუბრობდა. გერმანელი დიპლომატი ახალგორის რაიონში მოსახლეობასთან შესახვედრად შევიდა:

(ჰაბერის ხმა) ”ჩვენი პატრულების კონცენტრირებას მიმდებარე რაიონებზე ვახდენთ. როგორც იცით, არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ჩვენ მათ გადავჭრით. ვითანამშრომლებთ პოლიციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ხალხს ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვის უფლებას არ აძლევენ... ზოგს ნათესავები და მეგობრები ჰყავს საზღვრის იქით... და მათ ვუთხარი, ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთ დღეს ისინი გაატარონ საზღვარზე-მეთქი. ეს არ არის მარტივი საქმე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას ამ მიზნისკენ.”

თუკი ოკუპანტების პრეს-წარმომადგენლის, ვიტალი მანუშკოს, კომენტარით ვიმსჯელებთ, პრობლემების მოგვარება არც ისე იოლი იქნება. იგი ლაპარაკობს გაურკვეველ წინააღმდეგობებსა და პრობლემებზე:

(მანუშკოს ხმა) ”მონიტორინგი განხორციელდება უსაფრთხოების ზონის ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთის საზღვრამდე. პირველ რიგში, ეს უკავშირდება იმას, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მისიასა და სამშვიდობო ძალებს შორის მემორანდუმი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავდა ფუნქციებს. ამგვარი მემორანდუმი არც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს. გარდა ამისა, არ განსაზღვრულა საქართველოს პოლიციური ძალები, რომლებიც შევლენ უსაფრთხოების ზონაში არსებულ დასახლებებში.”

რუსეთის სამხედროები რომ ყოველმხრივ შეეცდებიან ევროპელ მეთვალყურეებს ხელი შეუშალონ, ამას თბილისში კარგად აცნობიერებენ. მეტიც, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსი ოკუპანტების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობდა.

იაკობაშვილის ეს ეჭვები კვირის ბოლოს გამართლდა. 3 ოქტომბერს ცხინვალში, რუსული სამშვიდობო ძალების შტაბის ტერიტორიაზე, ავტომობილის აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი, მათ შორის 8 რუსეთის ჯარისკაცი დაიღუპა. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდარ ინციდენტში ქართული მხარე დაადანაშაულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომლის მიზანია კონფლიქტის ზონის მიმდებარე რაიონებიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის გაჭიანურება.

ხელშეკრულების თანახმად, კონფლიქტის ზონის მიმდებარე რაიონებიდან რუსული საოკუპაციო ჯარები 10 ოქტომბრამდე უნდა გავიდნენ.

ამ შეთანხმების დაცვის იმედს გამოთქვამს რადიო ”თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში ლონდონის კინგზ კოლეჯის კავკასიის პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დენის კორბოი:

[დენის კორბოის ხმა] „სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, განსაკუთრებით პრეზიდენტ მედვედევის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომ 10 ოქტომბრისთვის რუსეთის ჯარი დატოვებს ე.წ. "ბუფერულ ზონებს". ვფიქრობ, ეს მიზანი მიღწეული იქნება. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს მთავარი ამოცანაა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს სტაბილურობის, ეკონომიკის, სამეწარმეო კლიმატის აღდგენა. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ბოლო კვირების ერთ-ერთი უმთავრესი გაკვეთილი ის არის, რომ საქართველომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა დაამყაროს ევროკავშირთან. ასეთი ურთიერთობა, ერთი მხრივ, უსაფრთხოების ხარისხს გაზრდიდა, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური პროგრესის საწინდარიც იქნებოდა. პრობლემა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საკითხია. ეს პრობლემა კიდევ კარგა ხანს დარჩება საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში. მახსენდება ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ მათი ოკუპაცია დასავლეთის სამყაროს არ უღიარებია, მაგრამ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა გრძელდებოდა. ამჯერადაც დასავლეთმა უნდა განაგრძოს ურთიერთობა - უაღრესად მნიშვნელოვანი ურთიერთობა! - ახლანდელ რუსეთის ფედერაციასთან.“

დენის კორბოი 1994-99 წლებში მუშაობდა ევროპის კავშირის ელჩად საქართველოსა და სომხეთში, ხოლო 2002 წელს ცოტა ხნით საქართველოში ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილის მისიას ასრულებდა. მისი აზრით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება - იზოლირება შეუძლებელი იქნება.
თბილისში ბევრი პოლიტიკოსი და საზოგადოების ნაწილი სწორედ რუსეთის იზოლირებას მოელის ევროპისა და ცივილიზებული მსოფლიოსგან.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოლოდინი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მიმართაც, მაგრამ ევროპის საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო და კრიტიკის გარეშე არც ოფიციალური თბილისი დატოვა.

2 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის რამდენიმე მუხლი აგვისტოს მოვლენებთან მიმართებით საქართველოსა და რუსეთს თანაბრად ადანაშაულებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ და რუსეთმა დაარღვიეს ევროპის საბჭოს პრინციპები და ღირებულებები, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის აღებული ვალდებულებები. ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის. საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ”ძალის არაპროპორციულ გამოყენებას”, თუმცა რუსეთის კონტრშეტევაც ”ზუსტად ასევე არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპებს.” სამოქალაქო დასახლებებში სამხედრო ძალისა და საბრძოლო იარაღის განურჩეველი გამოყენება ”შეიძლება ჩაითვალოს საომარ დანაშაულად.” ხოლო რადგანაც საქართველო-რუსეთს შორის ომის გაჩაღების ირგვლივ არსებულ ფაქტებზე მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა წარიმართოს საერთაშორისო გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა. - ასეთი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 2 ოქტომბერს სტრასბურგში გამართული დებატების შედეგად.

რეზოლუციის ძირითადმა ნაწილმა საქართველოს მხარე კმაყოფილი დატოვა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ნება დართოს ევროკავშირისა და ეუთოს მეთვალყურეებს, შევიდნენ საქართველოს ამ ტერიტორიებზე.

რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და ეგრეთ წოდებულ ”ბუფერულ ზონებში” აღრიცხულია ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნის დადასტურებული ფაქტები, რომელთა აღკვეთაც არ მოხდა რუსი სამხედროების მიერ.

თუ რუსეთმა ეს რეკომენდაციები არ შეასრულა, ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის შემდგომ სხდომაზე რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევის საკითხი განიხილება.

რუსეთი კი ძველებურად ცდილობს დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას არ ეშინია დასჯის. ამის დემონსტრირება 3 ოქტომბერს მოსკოვში სცადა საქართველოდან წასულმა რუსეთის ყოფილმა ელჩმა ვიაჩისლავ კოვალენკომაც:

(ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა) ”არანაირი სანქციის არ გვეშინია და დაე, ნუ იმტვრევენ თავს... დაე, ნუ იმტვრევენ თავს და დაე, მეტად იფიქრონ იმაზე, როგორ დაამყარონ ნამდვილი მშვიდობა ამ რეგიონში... ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მიღწეულ იქნეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასეთი შეთანხმების ხელმოწერის გარეშე, არსებობს რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყების პირდაპირი საფრთხე... ეს ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს. არავინ არის დაინტერესებული ამ ვითარების დესტაბილიზაციით.”

რუსეთის უდარდელობას მხოლოდ მოჩვენებითს უწოდებს ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც სტრასბურგში, რეზოლუციის ტექსტის მიღებისას, მწვავე დიპლომატიური ბრძოლის მომსწრე გახდა:

(ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა) ”ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს არ ანაღვლებს, თუ რას იტყვიან ცალკეული ორგანიზაციები თუ ცალკეული ქვეყნები... მინდა გითხრათ, რომ ისინი მართლაც სერიოზულად ღელავენ ამაზე და თქვენ უნდა გენახათ მათი დელეგაციის წევრების, აი, როგორ გითხრათ, გაავებული ბრძოლა თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ პარაგრაფზე ან თუნდაც მთელ დოკუმენტზე. თვით მიღებისას არ მოერიდნენ იმასაც კი, რომ, ასე ვთქვათ, მოეხდინათ ასამბლეის შანტაჟი, თითქოსდა, ესე იგი, მათი ხმები არ ითვლებოდა შესაბამისად, ასე შემდეგ და ასე შემდეგ...” (სტილი დაცულია)

ამ მოვლენების ფონზე, იფეთქა ახალმა სკანდალმა, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში უკრაინის როლს შეეხება.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის აზრით, ქვეყნები, რომლებისგანაც საქართველო შეიარაღებას იძენდა, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებით დანაშაულს სჩადიოდნენ. ამ მიმართულებით პირდაპირი პრეტენზია პუტინმა უკრაინის მიმართ გამოხატა. ”არ არსებობს იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებაა”, - განუცხადა მან ახლახან ჟურნალისტებს.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”რა შეიძლება ყოფილიყო იმაზე მეტი დანაშაული უკრაინელი და რუსი ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე კონფლიქტის ზონაში იარაღის შეტანაა.. ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაღელვებს, რომ ტექნიკას, რომლის გამოყენებასაც ადგილი ჰქონდა კონფლიქტის ზონაში, შესაძლოა უკრაინელი სპეციალისტები მართავდნენ. ეს დანაშაულია.”

შეგახსენებთ: მანამდე პუტინმა რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტში საქართველოს დახმარება ბრალად წაუყენა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, თუმცა მის ხმამაღალ განცხადებებს რაიმე დამადასტურებელი არგუმენტი არ მოჰყოლია.

ამჯერად მთავარი პრეტენზია უკრაინისკენ არის მიმართული. უკრაინის პრემიერ- მინისტრმა პუტინთან შეხვედრაზე ამ პრეტენზიის მოსმენის შემდეგ თქვა, კარგი იქნება, თუკი უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლისო. ”სერიოზულად ფაქტებზე მსჯელობა მაშინ შეგვეძლება, როცა ისინი დადასტურდება. იარაღით ვაჭრობაზე კონტროლი აქვს პრეზიდენტს, უშიშროების საბჭოს და არა მთავრობას ”, - განმარტა იულია ტიმოშენკომ. საქართველოში ფიქრობენ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თემას ძალაუფლებისთვის ბრძოლისთვის იყენებს.

გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტია. სტაბილურობა რეგიონში და ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს თბილისში პრეზიდენტებმა სერჟ სარქისიანმა და მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს უახლოესი მეზობლებიდან სომხეთის პრეზიდენტი პირველი ლიდერია, რომელიც თბილისს აგვისტოს მოვლენების შემდეგ ესტუმრა.
თავის დროზე მან გააკრიტიკა საქართველო სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მცდელობის გამო, მაგრამ განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი არ აპირებს საქართველოში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას.

ამ პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები სომხეთისა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროექტზეც შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG