Accessibility links

logo-print

ნობელის პრემია მედიცინის დარგში კიბოსა და შიდსის მკვლევრებს ერგოთ


ნობელის წლევანდელი სეზონი გახსნილია. დღეს ცნობილი გახდა, ვის მიენიჭა მსოფლიოს ეს, ყველაზე პრესტიჟული პრემია მედიცინის დარგში.

სწორედ მედიცინის დარგით, ტრადიციისამებრ, დაიწყო კვირა, რომლის მსვლელობაშიც შევიტყობთ ნობელის პრემიის ყველა წლევანდელი ლაურეატის ვინაობას. როგორც წესი, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მშვიდობის დარგი. ამ მხრივ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას კიდევ რამდენიმე დღე - პარასკევამდე ვერ შევძლებთ.

თუმცა, დამსახურებული ყურადღება და აღიარება, (რასაც, ცნობილია, რომ დიდი ფინანსური ჯილდოც უკავშირდება) არ აკლიათ არც დანარჩენ ლაურეატებს. [იორნავლის ხმა] “სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეამ დღეს გადაწყვიტა, ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემია 2008 წლისთვის მიანიჭოს - ნახევარი ჰარალდ ცურ ჰაუზენს, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პაპილომის ვირუსის აღმოჩენისთვის, და მეორე ნახევარი ფრანსუა ბარე-სინუსის და ლუკ მონტანიეს იმუნოდეფიციტის ვირუსის აღმოჩენისთვის”, განაცხადა დღეს სტოკჰოლმში, სამეფო ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და მედიცინის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰანს იორნვალმა. ცნობილია ასევე ფულადი ჯილდოს მოცულობა - 10 მილიონი შვედური კრონი ანუ 1,4 მილიონი ამერიკული დოლარი, რასაც გერმანელი მკველვარი ჰარად ცურ ჰაუზენი და ფრანგები ფრანსუა ბარე-სინუსისი და ლუკ მონტანიე გაინაწილებენ.

ნობელის პრემიით 1901 წლიდან აჯილდოვებენ ადამიანებს, რომელთაც გამორჩეული დამსახურებები მიუძღვით ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის, მშვიდობის დარგებში. მოგვიანებით ამ სფეროებს ეკონომიკაც დაემატა. პრემიას საფუძველი ჩაეყარა 1895 წელს, როცა შვედმა მულტიმილიონერმა ალფრედ ნობელმა ანდერძით განსაზღვრა თავისი შთამბეჭდავი ქონების უდიდესი ნაწილის გამოყოფა ამ პრემიისთვის. ნობელი 1896 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა და, ტრადიციისამებრ, სწორედ 10 დეკემბერს იმართება ხოლმე ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონია.

თუმცა, მათ ვინაობას გაცილებით უფრო ადრე შევიტყობთ - ამ დღეებში. მშვიდობის დარგში ლაურეატის დასახელების მომენტი ამჯერად განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დამატებითი მიზეზით. წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-60 წლისთავი აღინიშნება და, შესაბამისად, მოელიან, რომ პარასკევს, 10 ოქტომბერს ლაურეატად ადამიანის უფლებების რომელიმე ცნობილი დამცველი დასახელდება - შესაძლოა, ეს იყოს ჩეჩენი ლიდია იუსუპოვა, ასახელებენ რამდენიმე სხვა კანდიდატსაც, მათ შორის ჩინელ დისიდენტ ჰუ ძიას.

კიდევ ერთი ჯილდო, რომელიც ფართო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს, არის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. უნდა ითქვას, რომ ფავორიტების სიაში თვალს ხვდება რამდენიმე, ასე ვთქვათ, სტაჟიანი ფავორიტი, რომელთაც უკვე რამდენიმე წელია ნობელის პრემიას უწინასწარმეტყველებენ - მათ შორის არიან ამერიკელი ფილიპ როტი და პერუელი მარიო ვარგას ლიოსა. ვის მიანიჭებენ ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელ პრემიას, ამას ხუთშაბათს შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG