Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მეორე წლისთავი


დღეს ორი წელი შესრულდა ცნობილი რუსი ჟურნალისტის, კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული კრიტიკოსის, ანა პოლიტკოვსკაის მკვლელობიდან.

ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები რუსეთსა და უცხოეთში პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.

პირველი, რაც გუშინ მოსკოვში, ორგანიზაცია “მემორიალის” ოფისში შესულებს თვალში მოხვდათ, “ნოვაია გაზეტა” იყო - იმ გაზეთის აქტუალური ნოემერი, რომელშიც ანა პოლიტკოვსკაია მუშაობდა. პირველ გვერდზე, ჟურნალსტის ფოტოს ქვეშ შემდეგ წარწერას წაიკითხავდით: “მკვლელების სასამართლო ღია უნდა იყოს”. სასამართლოზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით.

“მემორიალის” ოფისში ხსოვნის ცერემონია ამ უფლებადამცავი ორგანიზაციის მოსკოვის განყოფილების თავმჯდომარემ, არსენი რაგინსკიმ გახსნა: [რაგინსკის ხმა] “2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას (...) გვინდა, მისი ხმა აჟღერდეს ამ დარბაზში”.

მის შემდეგ რაგინსკიმ ჩართო ჩანაწერი: პოლიტკოსვკაიას გამოსვლა ჩეჩნეთში ომის თემაზე - იმ თემაზე, რომელზე მუშაობამაც მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი ამ უჩვეულოდ გაბედულ და აქტიურ ჟურნალისტს. ის ორი წლის წინ მოსკოვში, თავისივე სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს. პოლიტკოვსკაია 48 წლის იყო. მკვლელობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა დღემდე გაურკვეველია.

წელს, ივნისში მკვლელობის ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს რუსტამ მახმუდოვს - ეთნიკურ ჩეჩენს, რომელიც, რუსი ოფიციალური პირების შეფასებით, დასავლეთ ევროპაშია გაქცეული. მაგრამ მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე, დაკავებულები არიან მისი ძმები, ჯაბრაილ და იბრაგიმ მახმუდოვები, აგრეთვე სერგეი ხაჯიკურბანოვი - მოსკოვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. სულ რამდენიმე დღის წინ, 2 ოქტომბერს, საქმე მოსკოვის სამხედრო სასამართლოს გადაეცა. მაგრამ პოლიტკოვსკაიას ახლობლები შიშობენ, რომ საქმეს მიაფუჩეჩებენ. პოლიტკოვკსაიას შვილმა, ილია პოლიტკოვსკიმ გასულ პარასკევს, პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა ვარაუდი, რომ სასამართლო მოისმენს საქმის მხოლოდ მცირე ნაწილს და რომ რუსეთის უშიშროების სამსახური განუწყვეტლივ ერევა გამოძიებაში.

პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის პასუხისმგებელთა მიგნებას და დასჯას მოითხოვს 100-ზე მეტი ცნობილი პიროვნება - მათ შორის ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ამერიკელი ენათმეცნიერი და პუბლიცისტი ნოამ ჩომსკი, რომელთა წერილობით მიმართვასაც დღევანდელ ნომერში ბეჭდავს ბრიტანეთის გაზეთი “დეილი ტელეგრაფი”.

აი, ერთი ნაწყვეტი ამ მიმართვიდან: “კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, მართლმსაჯულებას გადასცეს ანა პოლიტკოვსკასიას მკვლელებიც და ამ მკვლელობის დამკვეთებიც. მართალია, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ გამოძიება დასრულდა და რამდენიმე ეჭვმიტანილს ბრალდებები წაუყენეს, მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ სამართალი არ აღსრულებულა”.
XS
SM
MD
LG