Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესაში დღესაც მრავალმხრივი გამოხმაურება ახლავს საქართველოში და საქართველოს გარშემო


დასავლეთის პრესაში დღესაც მრავალმხრივი გამოხმაურება ახლავს საქართველოში და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

მარტო გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” ბეჭდავს ორ სტატიას. ერთი ეხება რუსეთის მტკიცებას, თითქოს საქართველო ახალი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდეს. მიმოხილვას სწორედ ამ სტატიით დავიწყებთ.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” კორესპონდენტები ჩამოთვლიან ძალადობის ბოლოდროინდელ აქტებს. ორშაბათს აფხაზი მესაზღვრის დაღუპვას, სეპარატიტების მტკიცებით, ქართულ მხარესთან ურთიერთსროლის დროს; მანამდე, პარასკევს დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას ცხინვალში, რამაც 8 რუსი ჯარსიკაცისა და 3 ოსი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. “ნიუ-იორკ ტაიმსი” მკითხველს ამცნობს, რომ რუსული მხარე მომხდარში საქართველოს ადანაშაულებს. ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოფიციალურად მოუწოდა ფრანგ კოლეგას, ბერნარ კუშნერს, რომ ევროკავშირმა “მიმართოს საჭირო ზომებს ვითარების სტაბილიზაციისთვის - ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად”. ქართული მხარე უარყოფს ამ ბრალდებასო, წერს “ნიუ-იორკ ტაიმსი”, რომელსაც მოჰყავს ასევე ეუთოს პროტესტი, გამოწვეული რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ავტომანქანა, რომელიც პარასკევს ცხინვალში აფეთქდა, იქ ეუთოს ესკორტს იყო შეყოლილი. საქართველოში ეუთოს მისიის თავმჯდომარე ტერი ჰაკალას სიტყვებით, ის “აღშფოთებულია” ამ ბრალდებით, რომელიც, ვიმეორებ, რუსული მასმედიით გავრცელდა.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” დღევანდელ ნომერშივე დაბეჭდილი მეორე სტატიის თემაა მედიის შეზღუდვა საქართველოში. მკითხველი ეცნობა, ერთი მხრივ, კრიტიკულ ხმებს: ომბუცმენ სოზარ სუბარის, ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის, პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელ ნონა ყანდიაშვილის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშის შეხედულებებს. ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ ორი წლის წინ, როცა მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციას შეუერთდა, ქიბარ ხალვაშს პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსთხოვა, თავისი წილი “რუსთავი 2”-ში (აქციების 78 პროცენტი) მიეყიდა მთავრობისთვის სასურველი პირისთვის, რომლის ვინაობაც მისთვის უცნობი დარჩა. აქციების გაყიდვის შემდეგ, განაგრძობს ხალვაში “ნიუ-იორკ ტაიმსთან” ინტერვიუში, მთავრობამ დაიწყო მისი ბიზნეს-საქმიანობის შეზღუდვა, ის პრაქტიკულად გააკოტრა. “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელმა ემიგრაციაში წასვლა ამჯობინა და ახლა გერმანიაშია, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედით.

ქიბარ ხალვაშის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, “ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით, უსაფუძვლოს, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე კი აღიარებს, რომ გასული წლის ნოემბერში ტელეკომპანია “იმედში” შეჭრით - რაზეც სტატიაში ასევე ლაპარაკია - კაცი თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ, ზოგადად, ოპოზიციის ხმა სულ ისმის საქართველოს მედიაში.

საყურადღებო სტატიას ბეჭდავს დღევანდელ ნომერში “ფაინენშალ ტაიმსიც”. მასში ლაპარაკია რუსეთის მცდელობაზე, განმუხტოს დაძაბულობა, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობაში გამოიწვია სამხედრო ინტერვენციამ საქართველოში. სტატიაში მოყვანილია პრეზიდენტ მედვედევის მრჩეველ იგორ იურგენსის განცხადება, რომ მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ რუსეთში ბიზნესგარემო გაუმჯობესებულია და ამით აღადგინოს ინვესტორების ნდობა, შერყეული შეიარაღებული კონფლიქტის თანმდევი მკაცრი რიტორიკით. იურგენსის ვარაუდით, რუსეთი ახლა შეეცდება საფრანგეთთან დაახლოებას - მიმდინარე კვირაში, ევროპულ სამიტთან დაკავშირებით ევიანში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის დროს ფრანგულ ენერგოკომპანიებთან, მათ შორის “ტოტალთან” თანამშრომლობის განმტკიცების შეთავაზებით.

პარიზში დაფუძნებულ ინგლისურენოვან გაზეთ “ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის” კორესპონდენტი ჯონ ვინოკური კი გამოდის მოწოდებით, შემუშავდეს ერთობლივი ტრანს-ატლანტიკური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ის, ერთი მხრივ, მიუთითებს აშშ-ის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის ერთსულოვნებაზე საქართველოში რუსეთის მოქმედების დაგმობისას - მათს მიერ ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერაზე. მაგრამ მეორე მხრივ, არ ივიწყებს არც გერმანიის პოზიციას, რომელიც, ვინოკურის ინფორმაციით, გასულ კვირაში რუსეთში ვიზიტის დროს დაადასტურა კანცლერმა მერკელმა: რომ ის არ აპირებს, მხარი დაუჭიროს საქართველოსა და უკრაინისთვის “მეპ”-ის შეთავაზებას ნატოს შეკრებაზე წელს დეკემბერში. სტატიის ავტორის შეფასებით, დეკემბერში “მეპ”-ზე შეთანხმება მართლაც არ არის მოსალოდნელი და დასავლელ მოკავშირეებს მომავალი წლის აპრილამდე, ნატოს მორიგ სამიტამდე, სულ რამდენიმე თვეღა რჩებათ უდიდესი პოლიტიკური ამოცანისთვის - რუსეთთან მიმართებით ერთობლივი პოლიტიკური კურსის შესამუშავებლად.

დაბოლოს, სტატია, რომელსაც აშშ-ის ყოველდღიური “ქრისჩიან საიენს მონიტორი” ბეჭდავს. მისი კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია, რა რეაქცია აქვთ რუსეთის მოქმედებაზე პანკისის ხეობაში მოსახლე ადამიანებს და აი, როგორი შეფასება მოისმინა ჩეჩენი მუსა დადაევისაგან, რომელიც საქართველოს 1999 წლიდან აფარებს თავს: “რუსები და ოსები გენოციდზე ლაპარაკობენ და არავინ არაფერს ამბობს საშინელებებზე, ჩეჩნეთში რომ მოხდა. რუსები ამბობენ, რომ თავიანი მოქალაქეების დასაცავად იბრძოდნენ, მაგრამ ნახეთ, ჩვენ რა გვიყვეს! ჩვენც ხომ მათი მოქალაქეები ვიყავით...”

ჩეჩნეთის ტრაგედიასთან მიმართებით მსოფლიოს უმოქმედობის გამო პანკისის ხეობაში სხვებიც ჩივიან, მათ შორის ლია მარგოშვილი, რომელიც დარწმუნებულია - “ მსოფლიოს ისევე რომ დაეჭირა მხარი ჩეჩნეთისთვის, როგორც საქართველოს დაუჭირა, ახლა ომი არ იქნებოდა”.
XS
SM
MD
LG