Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი სამშაბათს კოსოვოს ეწვია. ეს დასავლეთის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი სამშაბათს კოსოვოს ეწვია. ეს დასავლეთის პრესაში საქართველოს კონტექსტშიც განიხილეს.

გაზეთებში აღნიშნულია, რომ რობერტ გეიტსი აშშ-ის მთავრობის პირველი წევრია, რომელიც კოსოვოს ეწვია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. იმ დროს, როცა რუსეთი ბალკანეთსა და კავკასიაში თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის განმტკიცებას ცდილობს, ვკითხულობთ “ნიუ-იორკ ტაიმსში”, გეიტსის ვიზიტი ემსახურება რეგიონში ამერიკის ინტერესების დაცვას. გეიტსის თქმით, აშშ-მა ერთი მხრივ რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოსთან ომმა შეცვალა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები; მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა ღია დატოვოს კარი მნიშვნელოვან საკითხებში, მაგალითად ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე თანამშრომლობისთვის.

ისევე როგორც “ნიუ-იორკ ტაიმსი”, დღევანდელი “ვაშინგტონ პოსტიც” მიუთითებს რობერტ გეიტსის განცხადებაზე რუსეთთან მიმართებით დაბალანსებული კურსის საჭიროების შესახებ. ამერიკელი თავდაცვის მინისტრის 4-დღიანი ტურნე ევროპაში, “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, პირველ რიგში მიეძღვნება სწორდ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს - საქართველოში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ხუთშაბათს და პარასკევს გეიტსი მონაწილეობას მიიღებს ნატოს მინისტრების შეკრებაში, რაც ითვალისწინებს ახალი, “ნატო-საქართველოს კომისიის” სხდომაში მონაწილეობასაც.

“ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია - ნატოში როგორც უკრაინის ისე საქართველოს გაწევრიანების საკითხში - სავსებით ნათელია. “ეს პროცესი წინ წავა თუ არა, კიდევ უნდა გამოჩნდეს. მაგრამ აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილაო”, აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. იქვე “ვაშინგტონ პოსტი” მკითხველს შეახსენებს, რომ მართალია, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ცალსახა დაგმობა მოჰყვა ევროპის დედაქალაქებში, მაგრამ ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, კვლავინდებურად ეწინააღმდეგებიან სამხედრო ალიანსის კიდევ უფრო გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით.

გერმანიის პოლიტიკას ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებში ცალკე სტატიას უძღვნის გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალის” ევროპული გამოცემა. “ნატოსთვის ეს წელი უხეირო წელია და ანგელა მერკელი ცდილობს, ასეც დარჩესო”, ვკითხულობთ სტატიაში, რომლის ავტორიც მიუთითებს გერმანიის კანცლერის გასული ხუთშაბათის განცხადებაზე, რომ ის არ აპირებს ნატოს დეკემბრის შეკრებაზე მხარი დაუჭიროს საქართველოსა და უკრაინისითვის MAP-ის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებას. ამ შინაარსის განცხადება მან სანქტ-პეტერბურგში გააკეთა.

“უოლ სტრიტ ჯორნალი” წერს: “მისი მასპინძლები ეჭვი არ არის, რომ კმაყოფილი დარჩნენ, მაგრამ ნატოს დანარჩენი 25 წევრი უნდა გაეღიზიანებინა გერმანიის ამ პრევენციულ დარტყმას. ალიანსის აპრილის სამიტზე, ბუქარესტში, გერმანიამ (საფრანგეთის მხარდაჭერით) ვეტო დაადო MAP-ში უკრაინისა და საქართველოს შესვლას, რისკენ მიმართულ ძალსიხმევასაც აშშ უდგას სათავეში. კომპრომისი იყო ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა დეკემბერში. ახლა მერკელმა ეს გამორიცხა, ვიდრე ალიანსი საერთოდ შეუდგებოდა ამ საკითხის განხილვას.”

ბრიტანეთის ყოველღდუირი “გარდიანი” კი ბეჭდავს კომენტატორ მარტინ ვულაკოტის სტატიას გაკვეთილზე, რომელიც კავკასიის კონფლიქტთან დაკავშირებულმა ძალებმა უნდა ისწავლონ ამჟამინდელი საფინანსო კრიზისის კონტექსტში. რუსეთთან დაკავშირებით, ბრიტანელი კომენტატორი წერს: “მაშინ, როცა რუსები ახალ ქართულ გამოფენას ათვალიერებდნენ მოსკოვში, შეიარაღებული ძალების მუზეუმში, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები თავბრუდამხვევი სისწრაფით ეცემოდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოქტომბრის 5 დღე ყველასთვის, მათ შორის რუსებისთვისაც, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აგვიტოს 5 დღე (ასე ჰქვია ქართულ გამოფენას მოსკოვში, შეიარაღებული ძალების მუზეუმში). რუსეთის ნავთობით და ნედლეულით მოპოვებული უპირატესობები უცებ გაცილებით ნაკლებ სოლიდური ჩანს, როცა მსოფლიო ეკონომიკა დაბალი ტემპით ზრდის პერიოდში შედის. და ნედლეულის გაყიდვით მიღებული მაღალი შემოსავლების გარეშე, რუსეთის სამხედრო და სამრეწველო მოდერნიზაციის გეგმები გაცილებით უფრო ძნელი განსახორციელებელია”, ვკითხულობთ “გარდიანში”.

დაბოლოს, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ სტატიას, რომელსაც აშშ-ში გამომავალი “ქრისჩიან საიენს მონიტორი” ბეჭდავს. სტატიის ავტორია ლირა ცხოვრებოვა, ასოციაციის “სამხრეთელი ოსი ქალები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი, რომელიც, გვაუწყებს გაზეთი, 10 წელიწადზე მეტია მუშაობს ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერგაგების ხელშესაწყობად. მაგრამ სტატია არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ლირა ცხოვრებოვა კვლავაც შემრიგებლურად იყოს განწყობილი...

“მე ცოცხალი გადავურჩი ქართულ ომს. აი რა ვნახე” - ასეა დასათაურებული ცხოვრებოვას მონათხრობი, რომელიც იწყება გამოხმაურებით გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის გასულ თვეში გამოსვლაზე. მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა მოწოდებით, ობიექტურად იქნეს გამოძიებული სიმართლე სამხრეთ ოსეთში ომის შესახებ. “მე ამ მოწოდებას სრულად ვიზიარებ, ოღონდ ვფიქრობ, რომ სამართლიანი გამოძიებამ გამოავლენს სულ სხვა “სიმართლეს”, ვიდრე სააკაშვილი ყვებაო” - წერს ლირა ცხოვრებოვა. ის იხსენებს 7 აგვისტოს, როგორ შეიჭრნენ ქართველი ჯარისკაცები ცხინვალში, დახოცეს ცხოვრებოვას მეგობრები და მეზობლები, როგორ ანგრევდნენ სააკაშვილის ტანკები და რაკეტები სამი ღამის მანძილზე ოსების ასობით სახლს, ბილწავდნენ სასაფლაოებს, ანადგურებდნენ სკოლებსა და საავადმყოფოებს. ასეთია ლირა ცხოვრებოვას სიმართლე, რომელსაც ის კიდევ უფრო დეტალურად აღწერს გაზეთ “ქრისჩიენ საიენს მონიტორის” ფურცლებზე. დაბოლოს, ის აშშ-სა და მსოფლიოს მოუწოდებს სიმართლის დადგენისაკენ. ამაში ის, როგორც ვთქვით, ქართულ მხარის პოზიციას იზიარებს.
XS
SM
MD
LG