Accessibility links

logo-print

გრძელვადიანი ტყითსარგებლობის აუქციონი – მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით,

7 და 8 ოქტომბერს აუქციონი გამართა. საქართველოში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფების, განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად განვითარებული ეკოციდის ფონზე, ქვეყნის ხუთ რეგიონში ტყის ფართობების გრძელვადიანი სარგებლობისათვის გადაცემას ნაჩქარევ და გაუაზრებელ ნაბიჯად მიიჩნევენ გარემოსდამცველები. მათ მხარდამჭერები გამოუჩნდნენ პარლამენტშიც, სადაც სამთვრობო საათზე ეკონომიკური განვითარების მინისტრი დაიბარეს.

საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტს ეკონომიკის მინისტრის ეკა შარაშიძის საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტებისათვის მიწვევის უზრუნველყოფა 7 ოქტომბერს დაევალა - მას შემდეგ, რაც, საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველო - ქრისტიან–დემოკრატების“ სახელით, დეპუტატმა გია თორთლაძემ ტყეების ინვენტარიზაციის დასრულებამდე აუქციონების შეჩერება მოითხოვა. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, როდის წარდგება ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პარლამენტის წინაშე, თუმცა ცნობილია საკითხი, რომელზეც მას დასაბუთებული განმარტების გაკეთება მოუწევს. რატომ იჩქარა ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის ჩატარება? ამ შეკითხვით ჩვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გიორგი ცხაკაიას მივმართეთ:

[გიორგი ცხაკაიას ხმა]“ მე მინდა გითხრათ, რომ ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. პირველი გახლავთ მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან და ინვესტორების მხრიდან, რომლებიც ითხოვენ, რომ მათ ჰქონდეთ უფლება იმუშაონ ამ ბიზნესში. რეალურად ძალიან ბევრი საწარმო, სამწუხაროდ, გაჩერებულია იმის გამო, რომ მათ არა აქვთ იმის უფლება, რომ სანამ ლიცენზიას არ აიღებენ, აწარმოონ აღნიშნული საქმიანობა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მიბმულია პირდაპირ სოციალურ ეფექტთან, ხალხის დასაქმებასთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან კომპონენტთან, იქნა გადაწყვეტილება მიღებული.“(სტილი დაცულია)

როგორც გიორგი ცხაკაიამ გვითხრა, სამინისტრომ ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აუქციონების გამართვის განახლების შესახებ კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთანაც გამართა. შესაბამისად, საქმის კურსში იყო გარემოს დაცვის სამინისტროც. სწორედ ამ სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, სატყეო დეპარტამენტი, განსაზღვრავს კერძო მართვაში გადასაცემი ტყეების ნუსხას, ანუ, ძირითადად, ისეთი ტყეებისა, რომელთაც სამრეწველო დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ. ხე-ტყით სარგებლობაზე პირველი გრძელვადიანი ლიცენზიები გასულ წელს გაიცა. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, ერთ კომპანიას ლიცენზია ჩამოერთვა. თუმცა, ამის მიუხედავად, გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ტყის გრძელვადიანი განკერძოების პროცესის გაგრძელება მხოლოდ რეფორმის საპილოტე ნაწილის შედეგების ანალიზის საფუძველზე იქნებოდა უპრიანი, გამჭვირვალობის, საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართულობის საფუძველზე.

[გიორგი არაბულის ხმა]“ მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც ბუნებრივი გარემოს დაცვა და ეკოსისტემების დაცვა უნდა გახდეს სახელმწიფოს პრიორიტეტი, რატომღაც ეს საერთოდ არ მოხდა. ოდნავ მაინც არ შეცვლილა ამ მხრივ არაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის ხელუხლებელი ტყეები, ეხლა რაზეც არის ლაპარაკი, ანუ იმ ტყეების გაცემა სალიცენზიოდ, პირველადი ტყეების ეკოსისტემურად, დანაშაულია.“(სტილი დაცულია)


ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის შესაბამისობის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი არაბული. თუმცა გარემოსდამცველების მოსაზრება იგნორირებული აღმოჩნდა იმ საკითხშიც, რომელიც აუქციონის დროებით გადადებას შეეხებოდა.

[რეზო გეთიაშვილის ხმა]“ რა შედეგის მიღება სურს ხელისუფლებას სატყეო რეფორმიდან? მე მგონი, ეს არის შეკითხვა, რომლითაც უნდა დავიწყოთ სატყეო რეფორმის ანალიზი. რა მიზანს ემსახურება ეს რეფორმა - ტყის ფინანსური რესურსების ათვისებას თუ ბოლო პერიოდში უკიდურესად დეგრადირებული ტყეების რეაბილიტაციას, რომლის გარეშეც შეიძლება სერიოზული ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ფინანსური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ? და ექსპერტები ცალსახად მიუთითებენ, რომ სტიქია სწორედ იქ მძვინვარებს, სადაც ხე-ტყის მოპოვებას განსაკუთრებით მძიმე ხასიათი ჰქონდა.“

ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი. მისი შეფასებით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე არაფერი აქვს სათქმელი რეფორმის სოციალ–ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგების შესახებ - მათ შორის, გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის შესრულების ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა დასაქმება, ტყის მოვლა–დაცვა, აღდგენა და ასე შემდეგ.

[ირაკლი ღვალაძის ხმა]“ საერთოდ, ხანგრძლივვადიანი გაცემა ტყის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთწლიანი გაცემა, რომელიც არის ორიენტირებული მარტო ჭრაზე. მთავარი პრეტენზია რაც არის, არის ის, რომ ინვენტარიზაცია არ არის. ინვენტარიზაციში არის ისეთი პირობა, რომ თვითონ უნდა ჩაატაროს ინვენტარიზაცია მან, ვინც გასცემს ამ ლიცენზიას. ამავე დროს, არის წესი, რომლის მიხედვით უნდა ჩაატაროს და ეს დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს მერე სამინისტროს და ჩვენს მიერ მოხდება იმის დამტკიცება ან არდამტკიცება.“(სტილი დაცულია)

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ირაკლი ღვალაძის განმარტებით, პირველი ხანგრძლივვადიანი ლიცენზირების შედეგების წარდგენა პირველი ნოემბრის შემდეგ იგეგმება. გარემოს დამცველები კი ეჭვობენ, რომ ამას მაინც ფორმალური ხასიათი ექნება, რაც განპირობებულია იმით, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ინფორმაცია ტყეების მდგომარეობის, ტყის რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების, ტყის სახეობრივი და ხნოვანი შემადგენლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG