Accessibility links

რუსეთი ლათინურ ამერიკაში გავლენის გაფართოებას ცდილობს


ამ კვირაში მოსკოვში ლათინური ამერიკის სამი ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობენ. მანამდე რუსეთში ვენესუელის პრეზიდენტის არაერთმა ვიზიტმა,

ხოლო ნიკარაგუის (რუსეთის გარდა ერთადერთი ქვეყნის) მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ ცხადჰყო, რომ მოსკოვი ბოლოხანს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობას. მიზეზად, პირველ რიგში, ეკონომიკურ ინტერესებს ასახელებენ, თუმცა მიზეზი მეტია.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სამშაბათს, ვენესუელელ კოლეგასთან მოლაპარაკებისას ისარგებლა შემთხვევით და მსოფლიოს შეახსენა, რომ კარიბის ზღვისკენ მიემართება რუსეთის სამხედრო ხომალდების ესკადრონი ვენესუელასთან ერთობლივ სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად. მანევრები ნოემბერში გაიმართება და პოლიტიკურ კონტექსტს რაც შეეხება - აშშ-თან ორივე ქვეყნის ურთიერთობის გაუარესების ფონზე.

საქმე ეხება მოსკოვის პირველ სამხედრო-საზღვაო მისიას ლათინურ ამერიკაში ცივი ომის შემდეგ - თან მისიას, რომელიც უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ჩაივლის და ამდენად, პროვოკაციად არის აღქმული. ისევე როგორც ორმხრივი მოლაპარაკებების მთელი სერია რუსეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის. მოსკოველი სამხედრო ექსპერტის, ალექსანდრ გოლცის განმარტებით, რუსეთი ცდილობს, სამხედრო და ენერგეტიკის სფეროებში მომგებიანი გარიგებებით გაიფართოოს გავლენა რეგიონში, რომელშიც აშშ-ის გავლენა კლებულობს.

[გოლცის ხმა] “რუსეთი ვენესუელას განიხილავს კოზირად დიდ თამაშში შეერთებულ შტატებთან. რაიმე სახის ფართო სტრატეგია, სინამდვილეში, არ არსებობს. არის სურვილი, ისარგებლონ ანტი-ამერიკული განწყობით, რომელიც ლათინურ ამერიკაში არსებობს”.

ლათინურ ამერიკასთან დაახლოებაზე ზრუნვა რუსეთმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დღეს რეგიონი რუსული იარაღის სიდიდით მესამე იმპორტორია. ერთ დროს დომინანტური აშშ კი უკან იხევს - რესურსების, უწინარეს ყოვლისა, ავღანეთისა და ახლო აღმოსავლეთისკენ მობილიზების შედეგად.

[მანკსის ხმა] “აშშ უკვე რამდენიმე წელია, კარგავს გავლენას ლათინურ ამერიკაში. და ახლა რასაც ვხედავთ, არის რეგიონში მისი ჰეგემონიის შესუსტების დასაწყისი. მიმდინარეობს ვაკუუმის შევსების პროცესი, რასაც ახორციელებენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შესაძლებლობები, წარმოქმნილი რეგიონიდან აშშ-ის უკან დახევით. ეს არ არის გამოწვეული ახალი ცივი ომით, ან ახალი სტრატეგიული ურთიერთობებით”, - ამ შეფასებას იძლევა კვლევით ინსტიტუტ “ჯეინს ინფორმეიშნ გრუპის” ანალიტიკოსი რობერტ მანკსი.

მოსკოვის ტაქტიკას განსაზღვრავს პოლიტიკური შანსების გამოყენების მცდელობა. ამას ცხადჰყოფს ვენესუელის გამოყენება საყრდენად ლათინურ ამერიკაზე გავლენის გასაფართოებლად. ვენესუელის მემარცხენე პრეზიდენტი უგო ჩავესი აშშ-ის თავგამოდებული კრიტიკოსია, მოწადინებული შეიქმნას თანამოაზრე სახელმწიფოთა კოალიცია ამერიკულ “უნილატერალიმზთან” დასაპირისპირებლად.

ამას ემატება ჩავესის სიმპათია რუსეთის მიმართ, რაც მოსკოველ პოლიტოლოგ ემილ დაბაგიანის თქმით, აშკარაა 2000 წელს მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩავესის შეხვედრის შემდეგ. [დაბაგიანის ხმა] “ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს დამყარდა. და აი, ეს ურთიერთობები თანდათან ფართოვდებოდა, ღრმავდებოდა. ჯერ იყო პოლიტიკა: ჩავესი ყოველთვის პატივისცემით ლაპარაკობდა რუსეთზე, რომ რუსეთი გადაშლილია ევროპისა და აზიის უკიდეგანო სივრცეზე, რათა ხელი შეუწყოს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნას. და აი, ის ამ ხაზს ატარებს თანმდიდევრულად ურთიერთობის დასამყარებლად”.

კიდევ უფრო მძლავრი მოტივაცია, შესაძლოა, ეკონომიკური ინტერესები იყოს. უგო ჩავესს, რომლის ქვეყანაც მოსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეცხრე მწარმოებელია, 2005 წლიდან მოყოლებული 4 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული რუსეთისაგან იარაღის შესასყიდად. გასულ თვეში მოსკოვში ვიზიტისას, ჩავესმა კრემლისაგან გაინაღდა მილიარდი დოლარის კრედიტი - ისევ რუსეთისაგან კიდევ უფრო მეტი იარაღის შესაძენად.

მოსკოვის მიზნები ნათელია: ერთი მხრივ ფინანსური სარგებელი, მეორე მხრივ საქართველოსთან ომის შემდეგ შავ ზღვაში ნატოს გემების შესვლით გამოწვეული უკმაყოფილების დემონსტრირებაო, - ამბობს ვაშინგტონში მოღვაწე პოლიტოლოგი მაიკლ შიფტერი. [შიფტერის ხმა] “რუსეთი, გარკვეული თვალსაზრისით, საპასუხო დარტყმით რეაგირებს მისი გავლენის სფეროში - საქართველოში კრიზისის დროს - აშშ-ის შეჭრაზე. რუსეთი სულ უფრო გაბედულად მოქმედებს მთელს მსოფლიოში და ლათინურ ამერიკაში მართლაც იპოვა რამდენიმე მეგობარი და მოკავშირე. რუსეთის ინტერესებშია პოზიციების გაძლიერება აშშ-ის გავლენის სფეროში და პოვნა მთავრობებისა, როგორიცაა ვენესუელა, რომლებიც ასევე ცდილობენ მსოფლიოში ძალაუფლების განსხვავებული ცენტრების შექმნას”.

ვენესუელის გარდა, ლათინური ამერიკის კიდევ ბევრი ქვეყანაა ჩართული, ან აპირებს ჩართვას რუსეთთან სამხედრო სფეროში ვაჭრობით: ბოლივია, ბრაზილია, ეკუადორი, ჩილე, ურუგვაი. ამას ემატება რეგიონში რუსეთის მთელი რიგი ენერგეტიკული პროექტები და მინიშნება, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის ბირთვული ტექნოლოგიის მიწოდებით - რასაკვირველია, მხოლოდ “მშვიდობიანი მიზნებით”.
XS
SM
MD
LG