Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაეხმარება ნატო საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში


ნატოს შტაბბინაზე დაყრდნობით, რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა, თითქოს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში იმყოფება.

ამ ინფორმაციის თანახმად, ექსპერტები შეეცდებიან დაეხმარონ საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში. რეალურად რა სახის იქნება ეს დახმარება?

ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაიზე დაყრდნობით, რამდენიმე ქართული და რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობა ორი თვალსაზრისით არის საყურადღებო. ამ ცნობის თანახმად, ნატოს გენერალური მდივნის პრეს-მდივანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ალიანსი საქართველოში იარაღის შეტანას აპირებდეს. თუმცა აპატურაი იქვე მიუთითებს, რომ საქართველოში ალიანსმა უკვე გაგზავნა სამხედრო ექსპერტები, რომლებიც თბილისს სამხედრო პოტენციალის აღდგენის საკითხებში თეორიულ ექსპერტულ დახმარებას გაუწევენ.
რადიო ”თავისუფლება” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა საქართველოს წარმომადგენლობას ნატოს შტაბბინაში, მაგრამ იქ ვერ დაგვიდასტურეს ინფორმაცია ასეთი სამხედრო ექსპერტების საქართველოში ყოფნის თაობაზე. ქართული მისიის წარმომადგენელი ბრიუსელში, თეა ქარჩაიძე, არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტებს დაემახინჯებინოთ ჯეიმს აპატურაის სიტყვები:

[თეა ქარჩაიძე] ”იმიტომ რომ ადრეც გვქონია ასეთი შემთხვევა, როდესაც აპატურაის არაფერი მსგავსი არ უთქვამს და ავრცელებდნენ, სხვა სააგენტოებზე დაყრდნობით, ჩვენი სააგენტოები.” (სტილი დაცულია)

ნატოს სამხედრო ექსპერტების საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ.

[ნინი ბაქრაძე] ”შეფასების ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს 20-24 ოქტომბერს, ჩვეულებრივ გააკეთოს ნატოს შეფასება. ალბათ, გაპარულია შეცდომა, რადგან ამწუთში არავინ არის ჩამოსული ნატოს დელეგაციიდან.”(სტილი დაცულია)

როგორც სამხედრო უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ნინი ბაქრაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, საქართველოში 20 ოქტომბერს ელოდებიან ნატოს შეფასებით მისიას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენისა თუ განვითარების პრობლემასთან:

[ნინი ბაქრაძე] ”ნატო-საქართველოს კომისია შეიქმნა. ამ კომისიაში უკვე ყალიბდება სამოქმედო გეგმა, სადაც იქნება მინისტრების დონეზე შეხვედრა, ასევე იქნება თავდაცვის მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჩოდის (ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის) დონეზე. ანუ მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება. 20-24 ოქტომბრიდან ველოდებით ნატოს შეფასების ჯგუფს, ქვეყნის მასშტაბით ჩამოდიან და ამოწმებენ აიპაპ-ისა (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა) და პარ-პის (პარტნიორობის ანალიზისა და დაგეგმარების) შესრულებას.” (სტილი დაცულია)


ნატოს ამ შეფასებითი ჯგუფის მიერ მომზადებულ მოხსენებაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება ნატოს დეკემბრის მინისტერიალისა, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინისათვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს მიუბრუნდებიან. როგორც ცნობილია, ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა იმ აზრს ემხრობა, რომ საქართველომ და უკრაინამ მეპი წლის ბოლოსათვის მიიღონ. თუ ქართულ საინფორმაციო სააგენტოებს ვენდობით, ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრს იმრე სეკერეშს განუცხადებია 8 ოქტომბერს, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინა დღით. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ალიანსის შიგნით, რაც 15 სექტემბერს საქართველოში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაადასტურა. ”და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში ჩაატარებენ საქართველოს პროგრესის პირველ შეფასებას ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება”, - განაცხადა თბილისში მყოფმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, თუმცა მას აღარ დაუკონკრეტებია იქნება ეს პირველი და ბოლო, თუ მხოლოდ ერთ-ერთი პირველი შეფასება.



  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG