Accessibility links

რას შეცვლის სასჯელაღსრულების სამინისტრო


საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის

გაერთიანების გარდა, ასევე ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ბაზაზე ახალი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის - სამინისტროს შექმნას. არადა, თავიდან ჩაფიქრებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნება, რასაც მხარი არ დაუჭირეს პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა. კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მხოლოდ პრეზიდენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, თუმცა საბოლოოდ საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ პოზიციები შეაჯერეს და ახალი სამინისტროს შექმნაზე შეთანხმდნენ. საკითხავია, რა მოტივებით იხელმძღვანელეს დეპუტატებმა და რას შეცვლის სასჯელაღსრულების სამინისტრო.

საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის მიერაა ინიცირებული, ბუნებრივია, მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, გენერალური პროკურატურა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, შეიცვლება იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაც:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „ყველა ის დაწესებულება, რომელიც მანამდე იყო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში და მათი ყოფნა არ შეიძლება ერთიან სტრუქტურაში, იქნება ცალკე განხილვის საგანი და ნაწილი გამოვა ამ სტრუქტურიდან, ნაწილი კი გააგრძელებს მუშაობას...“ (სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტროში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ დეკანოიძე მიზეზად შემდეგ გარემოებას ასახელებს:

[ზურაბ დეკანოიძის ხმა] „პროკურატურა არის საჯარო ბრალდების ორგანო, ხოლო სასჯელაღსრულება აღასრულებს იმ სასჯელს, რომელსაც სასამართლო პროკურატურის მუშაობის საფუძველზე გამოიტანს და ამიტომ, ბუნებრივია, ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება შეექმნას იუსტიციის მინისტრს, რომელიც იქნება ორივე მხარის უფროსი ზედამხედველი.“(სტილი დაცულია)


ზურაბ დეკანოიძის ეს პოზიცია დეპუტატებმა ერთსულოვნად გაიზიარეს, თუმცა უთანხმოება გამოიწვია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაძლო სტატუსმა. თავდაპირველად კანონპროექტში ეწერა, რომ დეპარტამენტი ჩამოყალიბდება სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომლის თავმჯდომარე თანამდებობაზე დაინიშნება პრეზიდენტის მიერ, ხოლო ანგარიშს ჩააბარებს მთავრობის მეთაურს. კანონპროექტის ეს ნაწილი, არადემოკრატიულობის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა, გააკრიტიკა:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტიზმის დამკვიდრება და გამყარებაა და რასაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ვაკვირდებით.“

თუმცა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ, ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად, ახალი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის - სამინისტრო შეიქმნება. გია ხუროშვილის თქმით, სიახლე სასჯელაღსრულების სისტემისადმი საზოგადოების გაზრდილ ინტერესს უპასუხებს:

[გია ხუროშვილის ხმა] „მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე და, შესაბამისად, ამ ტიპის მოწყობა უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმაციულ წვდომას პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე პროცესებისადმი.“(სტილი დაცულია)

მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილისა, და ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას, კომენტარები:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კონტროლი სასჯელთა აღსრულების სისტემაზე იყოს კიდევ უფრო მკაფიო, კიდევ უფრო გამოკვეთილი. საპარლამენტო კონტროლი იყოს ეფექტური, რისი მიღწევაც ყველა სხვა მოდელის შემთხვევაში (როცა ანგარიშვალდებულია პრეზიდენტთან ან მთავრობასთან) იქნებოდა შეუძლებელი.“(სტილი დაცულია)

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „სამინისტროს შექმნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურების ერთი პოლიტიკური ქუდის ქვეშ მოქცევა ძალიან კარგი აზრია. ეს გააძლიერებს პარლამენტის ზემოქმედების მექანიზმსა და ჩვენს კონტროლს.“

ეს იყო ჯონდი ბაღათურია, საქართველოს პარლამენტის წევრი, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები იქვე დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამინისტროს. ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ სიახლე იურიდიულად დააკანონებს არსებულ მანკიერ ურთიერთობებს და თვისებრივად არაფერს შეცვლის:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „ჩვენს ხელისუფლებას აქვს ასეთი თვისება, რომ იმ უმსგავსობას და უკანონობას, რაც რეალობაში არის, მისცენ კანონის სახე, რათა თქვან, რომ არის კანონიერი. რას ვგულისხმობ: მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ის რეალურად არ ემორჩილებოდა იუსტიციის მინისტრს და არ აბარებდა მას ანგარიშს.“(სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი რეალურად შინაგან საქმეთა მინისტრს ემორჩილება. შესაბამისად, ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის დანიშვნისას გადამწვეტი იქნება ყველაზე გავლენიანი უწყების მესვეურთა პოზიცია. კანონპრექტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ფუნქციობას 2009 წლიდან დაიწყებს.



XS
SM
MD
LG