Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”ომი 7 აგვისტოს არ დაიწყებოდა, 7 სექტემბერს დაიწყებოდა, 7 სექტემბერს არ მოხდებოდა, 16 სექტემბერს მოხდებოდა. მოსახდენი მაინც მოხდებოდა”,

- ამბობს ლიახვის ხეობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგაშვილი, რომელსაც ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა. ვახტანგაშვილი თავადაც მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, თუმცა, როგორც აღნიშნავს, თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს იმის გამო, რომ დეპუტატად ყოფნისას მეტი არ გააკეთა კოკოითის, ჩოჩიევისა და სხვა სეპარატისტების პასუხისგებაში მისაცემად. ”იმ ექსპერტების არ მწამს, რომლებიც ამბობენ, 7 აგვისტოს შემოვიდნენ თუ 8 აგვისტოს, რუსის ჯარმა როკის გვირაბი გადმოკვეთაო. რუსის ჯარი ადრე იყო შემოსული. მათ მთელი ცხინვალი და მიმდებარე სოფლები დაკავებული ჰქონდათ. უბრალოდ, ვერ ეტეოდნენ და 7 და 8 აგვისტოს დამატებითი ძალები შემოვიდნენ. ჩვენებისგან წინააღმდეგობა რომ შეხვდათ და პირველ დღესვე 100 ტანკი გაუნადგურეს (ჩვენმა ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს), რუსები იძულებული გახდნენ დამატებითი ძალები შემოეყვანათ. ასე რომ, ეს დღეს თუ ხვალ მაინც მოხდებოდა. ამიტომ მოსახლეობა - ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა გამოგვეყვანა, რომ ასეთი უბედურება არ ენახათ”, - ამბობს გურამ ვახტანგაშვილი, ლიახვის ხეობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც ”ახალი თაობა” ესაუბრა.

შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრებისა და ოპოზიციის გეგმების შესახებ ”რეზონანსს” ესაუბრა ლევან გაჩეჩილაძე. მე ჩვენს საქართველოს ”სააკაშვილის საქართველო” დავარქვი, რადგან ის ფიქრობს, რომ საქართველო მისი კერძო საკუთრებაა. ამიტომ ცხოვრება ასე ვერ გაგრძელდება - მღელვარება, გამოსვლები აუცილებლად იქნება, თუ სააკაშვილი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს”, - ამბობს გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ოპოზიცია კონკრეტულ წინადადებებს, მოთხოვნების ფორმით, 7 ნოემბრამდე წარუდგენს სააკაშვილს. ”აშშ-ში ვთქვი, რომ ოპოზიციას ორი გზა აქვს - ან ასეთ დახურულ სივრცეში თავისი პოლიტიკური მოქმედება უნდა გააჩეროს და გაქრეს, ან ქუჩაში წავიდეს, რადგან სხვა გზას აღარ უტოვებენ. და ჩვენი ქუჩაში წასვლა ხელისუფლების უგუნური ნაბიჯებით განპირობებული იქნება”, - ამბობს გაჩეჩილაძე.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ - ”ომის მოგების შემთხვევაში გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებას გეგმავდნენ”. ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს: ”სამწუხაროდ, მათი ციხიდან გამოსვლის დოკუმენტური მასალა არა გვაქვს. გირგვლიანის მკვლელები რუსულ-ქართული ომის დროს თავისუფლები იყვნენ და ომობდნენ კიდეც. ხელისუფლება ომის მოგების შემთხვევაში მათ გათავისუფლებას გეგმავდა. წაგების შემდეგ კი ისევ ციხეში შეაბრუნეს. ეს ადამიანები კარგად ასრულებდნენ ყველანაირ შავ-ბნელ საქმეს, თავისი ლიკვიდაციებით. საუკეთესო შემსრულებლები იყვნენ”, - ამბობს ”თანასწორობის ინტიტუტის” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე დღეს ”ვერსიას” უზიარებს თავის მოსაზრებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი უწყებით დაინტერესების თაობაზე: ”ასეთი დაინტერესება ამ უწყებაში არსებული დეტალებით ეჭვს იწვევს. კი, ბატონო, კორუფციას უნდა ვებრძოლოთ. ახლა მტკიცება რომ დაგიწყოთ, ჩემს უწყებაში ქრთამს არასოდეს არავინ იღებს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ერთეული შემთხვევები, ისევე როგორც ყველგან, მართლაც შეიძლება იყოს და მათზე ძალიან მკაცრ რეაგირებას ვახდენთ. ქუჩიდან მოსული ჩინოვნიკი ხომ არ ვარ, არ ვიცოდე კორუფციას როგორ ვებრძოლო. დამიჯერეთ, უარესია, როცა კოლექტივში განწყობა იქმნება, რომ ამ ყველაფერს სამართალდამცავები რაღაცის გამო აკეთებენ. აშკარაა, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური თვალსაზრისით კეთდება და ხალხი უკვე ხვდება - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ტყუილად, ბადრი ბიწაძის გამო იჭერენ”, - ამბობს ბიწაძე და ”ვერსიისთვის” მიცემულ იმავე ინტერვიუში დასძენს: ”სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მეუღლე ოპოზიციონერია თუ არა.”

”ვერსიაშივე” გაეცნობით რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილის მოსაზრებებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე: ”დღეს საქართველოსა და მისი ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება, რომლის არჩევითობის საშინაო ლეგიტიმაცია ნულის ტოლია. სააკაშვილს უნდოდა ჩაედინა ისეთი რამ, რაც მის მიმართ არსებულ უნდობლობას გადაფარავდა. ზუსტად ასე მოიქცა შევარდნაძეც 1992 წელს, როცა სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში საშინაო ლეგიტიმაცია არ ჰქონდა”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

”საქართველოს რესპუბლიკა” დღევანდელ ნომერში ასრულებს ამერიკაში მოღვაწე ექსპერტ ნიკოლაი ზლობინთან ინტერვიუს გამოქვეყნებას. ”საგარეო პოლიტიკაში რაც უფრო მეტი სტანდარტებით აპელირებენ, იგი უფრო ეფექტიანია”, - ამბობს ზლობინი. - ”ერთმნიშვნელოვანი სტანდარტები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსშია: მოკალი - ციხეში გიკრეს თავი, მოიპარე - ჩაჯექი. პოლიტიკაში შეუძლებელია იყენებდე ერთსტანდარტულ გადაწყვეტილებებს. საჭიროა კომბინაციები, სხვადასხვა მიდგომა, ხანდახან - ცინიკური დამოკიდებულებაც”, - ამბობს ნიკოლაი ზლობინი.

”24 საათი” ცდილობს ჟენევაში 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრის ფორმატზე მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია. ”ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როგორი ფორმატით გაიმართება ჟენევის შეხვედრა”, - განუცხადებია გაზეთისთვის სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს. ”ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ საქართველოს პარლამენტში”, - წერს ”24 საათი” და მკითხველს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას კომენტარს სთავაზობს: ”რადგან რუსეთი კონფლიქტის მონაწილე მხარეა, იგი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. რუსეთი ეთნოწმენდის მომწყობია და ასეთ შეხვედრაზე დამნაშავეებს არ ეძახიან”, - ამბობს მალაშხია, რომლის თანახმადაც, ჟენევაში დევნილების დაბრუნების გეგმა შემუშავდება. ექსპერტი შალვა ფიჩხაძე არ გამორიცხავს, რომ რუსებმა თავიანთი დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზები და ოსები შეიყვანონ, ანდა აფხაზეთისა და ოსეთის მხარეების მონაწილეობის გარეშე უარი თქვან შეხვედრაში მონაწილეობაზე. ”თუ ასე მოხდა, შეხვედრის დონე მაქსიმალურად დაბლა დაიწევს”, - ამბობს ფიჩხაძე.
XS
SM
MD
LG