Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი ლიტერატურის დარგში


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი გახდა ფრანგი მწერალი ჟან-მარი გიუსტავ ლე კლეზიო.

როგორც შვეციის აკადემიამ განაცხადა, რომანების, ესეებისა და საბავშვო ლიტერატურის ავტორი დაჯილდოვდა "პოეტური თავგადასავლისა" და "გრძნობის ექსტაზისთვის", რომლითაცაა აღსავსე მისი ნაწარმოებები.

შვეციის აკადემიის მუდმივმა მდივანმა ჰორას ენგდალმა 9 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა, რომ ჯილდო გადაეცემა მწერალს, რომელიც არის ფრანგი და ამავე დროს მსოფლიოს მოქალაქე:

[ენგდალის ხმა] " ლიტერატურის დარგში 2008 წლის ნობელის პრემია ენიჭება ფრანგ მწერალ ჟან-მარი გიუსტავ ლე კლეზიოს - ახალი ხედვების, პოეტური თავგადასავლისა და გრძნობითი ექსტაზის ავტორს, რომელიც იკვლევს კაცობრიობას გაბატონებული ცივილიზაციის მიღმა."

ჟან-მარი გიუსტავ ლე კლეზიო 1940 წელს დაიბადა ნიცაში ოჯახში, რომელიც ფესვებით ინდოეთის ოკეანის კუნძულ მაურიციუსთანაა დაკავშირებული.

შვეციის აკადემიის თანახმად, მან ადრეული ბავშვობის ნაწილი გაატარა ნიგერიაში და ორენოვნად აღიზარდა: ფრანგულად და ინგლისურად. მოგვიანებთ ცხოვრობდა მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში.

აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მის ნაწარმოებებში ასახულია ამ და სხვა კულტურების გავლენა. ენგდალის თქმით, ლე კლეზიოს წიგნები კოსმოპოლიტური ხასიათისაა.
ლე კლეზიოს პირველი ნოველა "სიტყვიერი გარჩევა" 1963 წელს გამოქვეყნდა. ხოლო პირველი დიდი წარმატება მოიპოვა 1980 წელს რომანით "უდაბნო". შვეციის აკადემიის თანახმად, ეს ნაწარმოები შეიცავს "ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოში მიკარგული კულტურის არაჩვეულებრივ ხატებს, რომლებიც კონტრასტშია არასასურველი ემიგრანტების თვალით დანახულ ევროპასთან."

2007 წელს გამოსული წიგნი "ბალანსინერი", ესე იმაზე, თუ რა ადგილი უკავია ავტორის ცხოვრებაში კინოს. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე საბავშვო ნაწარმოები.

წლევანდელი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შესაბამისობაშია შვეციის აკადემიის პოლიტიკასთან: უკანასკნელ წლებში ნობელის პრემიის ლაურეატები ევროპელები ხდებიან.

მაგრამ წელს აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ენგდალის განცხადებამ, რომ შეერთებული შტატები ზედმეტად იზოლირებულია იმისთვის, რომ ევროპას კონკურენცია გაუწიოს როგორც ლიტერატურულმა ცენტრმა. ამ ნათქვამს ანტიამერიკანიზმის ბრალდებები მოჰყვა.

რაც შეეხება თავად ლაურეატს, ლე კლეზიომ თქვა, რომ პრემიის მინიჭებით გულაჩუყებულია და რომ ეს დიდი პატივია მისთვის.

ავტორი პრემიით გათვალისწინებულ ფულად ჯილდოს, მილიონ 400 ათას დოლარს დეკემბერში მიიღებს.
XS
SM
MD
LG