Accessibility links

logo-print

ევრო გასაჭირშია


ფინანსური კრიზისი მთელ მსოფლიოს მოედო და, მათ შორის, ევროპასაც. მძიმე დღეში იმყოფება ევროპის კავშირის ერთიანი ვალუტა, ევროც.

ივლისში ერთი ევრო 1 დოლარი და 60 ცენტი ღირდა. მას მერე ევროს კურსმა ვარდნა განიცადა და დღეს 1 დოლარი და 37 ცენტიღა ღირს.

წლევანდელი ფინანსური პრობლემების შედეგად, რომელიც შეერთებული შტატების ჰიპოთეკური სესხების გარშემო კრიზისით დაიწყო, ამერიკულმა დოლარმა რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია ევროსთან შედარებით.

მაგრამ ეს იყო რამდენიმე თვის წინათ. ახლა კი ვითარება შეიცვალა და უკვე ევროს გაუჭირდა. ივლისის პიკიდან მოკიდებული მან 14 პროცენტი დაკარგა დოლართან მიმართებაში. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა საბანკო სისტემის კრიზისმა, რომელმაც გასულ თვეში ამერიკიდან ევროპასაც მიაღწია.

მაგრამ ევროს ვარდნა ევროპული ბანკების ვადნამდე ადრე დაიწყო.

[ტილფორდის ხმა] "ეს ნაწილობრივ ასახავს ინვესტორების რწმენას, რომ შეერთებული შტატები, მთელი მისი პრობლემების მიუხედავად, შეიძლება ამ კრიზისიდან უფრო სწრაფად გამოვიდეს, ვიდრე ევროპა."

ეს გახლდათ საიმონ ტილფორდი, ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრის მთავარი ეკონომისტი.

[ტილფორდის ხმა] "მე ვფიქრობ, ხალხი ზედმეტად პესიმისტურად არის განწყობილი ევროპასთან დაკავშირებით. არა მგონია, შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე უფრო სწრაფად დააღწიოს თავი კრიზისს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ევროზონას ბევრად უფრო სუსტი ზრდის პერიოდი მოელის, ვიდრე რამდენიმე თვის წინათ წარმოედგინათ."

ევროს დასუსტებაში სხვა ფაქტორებსაც მიუძღვით წვლილი. ტილფორდის თქმით, ერთ-ერთია ის, რომ ევროპაში საბანკო კრიზისზე რეაგირება არასათანადოდაა კოორდინირებული.

მეორე ფაქტორია დოლარზე მზარდი მოთხოვნილება. საფინასო ინსტიტუტები ყიდიან სარისკო ქაღალდებს და ცდილობენ ნაღდი ფულის შეძენას ვალების გასასტუმრებლად.

ანდა, როგორც კიდევ ერთი ლონდონელი ექსპერტი, იან სტანარდი ამბობს:

[სტანარდის ხმა] "როგორც ვხედავთ, ფინანსური კრიზისის გაღრმავებამ დოლარის ლიკვიდურობაზე ძლიერ გაზარდა მოთხოვნილება. დოლარის ლიკვიდურობაზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად დოლარის კურსი მკვეთრად გაიზარდა უმეტეს ვალუტებთან, მათ შორის ევროსთან მიმართებაში."

ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი ფიქრობს, რომ ამ კრიზისმა ევროს შეიძლება საერთოდ ბოლო მოუღოს.

საქმე ისაა, რომ ევროზონის ქვეყნები ფინანსურ კრიზისთან გამკლავების ინდივიდუალურ კურსს ატარებენ. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ინდივიდუალური წევრი ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტს. შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ეს დაშვებულია ევროკავშირის პაქტით.

სტანარდი ფიქრობს, რომ სავალუტო კავშირი დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ არ არის სავარაუდო, რომ ის დაიშალოს.

მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ექსპერტი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ევროს დასუსტების პროცესი გაგრძელდება.

იმავე სტანარდის აზრით, მომავალი წლის დამდეგს ის დოლარსა და 30 ცენტს მიაღწევს, წლის შუაში კი დოლარსა და 20 ცენტს მიაღწევს.

ეს არც ისე შორს იქნება იმ კურსისგან, რომელიც ჰქონდა ევროს მისი შემოღებისას, 1999 წელს.
XS
SM
MD
LG