Accessibility links

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში


ავღანეთი და რუსეთი დგას ყურადღების ცენტრში შეხვედრაზე, რომელმაც უნგრეთის დედაქალაქში თავი მოუყარა ნატოს თავდაცვის მინისტრებს.

ბუდაპეშტშია ჩასული საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც.

ქალაქი დღეს და ხვალ მასპინძლობს ნატოს თავდაცვის მინისტრებს, ასევე მათს კოლეგებს რამდენიმე სხვა ქვეყნიდან. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, დავით კეზერაშვილმა დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა - მათ შორის შეხვედრა ამერიკელ კოლეგა რობერტს გეიტსთან. როგორც იუწყებიან, საუბარი შეეხო სამხედრო სფეროში საქართველოს დახმარებას და ქვეყნის ნატოში ინტერგაციის პერსპექტივას.

ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, საქართველოსთვის ხვალინდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანია: ბუდაპეშტში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ეს კომისია, როგორც ცნობილია, 15 სექტემბერს დაარსდა ნატოსთან საქართველოს დაახლოების პროცესის ხელშესაწყობად.

მაგრამ დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს ბუდაპეშტში. თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა ავღანეთი, იქ გამწვავებული ვითარება. აშშ ნატოელ მოკავშირეებს მოუწოდებს მეტი ჯარისკაცი გააგზავნონ თალიბებთან საბრძოლველად: ნატოს ამჟამად 50 700-კაციან კონტინგენტს, სამხედრო სარდლობის შეფასებით, დამატებით 12000 ესაჭიროება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო წლის ბოლომდე 400-მდე ჯარისკაცს გააგზავნის.

ბუდაპეშტში ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით: [სხეფერის ხმა] “ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად რთული და მძიმე პირობებია ავღანეთში. მაგრამ ვიცი ისიც, რომ ჩვენი იქ ყოფნა, რომელიც უსაფრთხეობის გაუმჯობესებას ემსახურება, მნიშვნელოვანია არა მარტო ავღანელი ხალხისთვის, არამედ ზრდის უსაფთრხოებას ჩვენს ქვეყნებშიც”.

აშშ აპირებს, გაზარდოს ავღანეთში ამჟამად 33000-კაციანი კონტინგენტი. კონტინგენტის გაზრდას აპირებს გერმანიაც - ლაპარაკია დამატებით 1000 წარმომადგენლის გაგზავნაზე, რაც გერმანიის კონტინგენტს 5500-მდე გაზრდის. თუმცა, გერმანელები აქამდე უარს ამბობენ ჯარისკაცების განთავსებაზე სამხრეთ ავღანეთში - პროვინციებში, სადაც ყველაზე ხშირია ძალადობა. ნატოს სარდლობა მოითხოვს აგრეთვე ჯარების უკეთ აღჭურვას და უფრო აგრესიულ ზომებს ნარკობიზნესის წინაღამდეგ. თალიბანის ბრძოლის მთავარი დასაფინანსებელი წყარო ავღანეთში სწორედ ნარკობიზსნესის შემოსავლებია.

რაც შეეხება რუსეთს, მას ბუნებრივია, საუბარი შეეხება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, მაგრამ არა მარტო ამ კონტექსტში. ნატოს სამხედრო სარდალი, ამერიკელი გენერალი ჯონ კრედოკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, შემუშავდეს ნატოს აღმოსავლეთევროპელი წევრების (მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების) დაცვის გეგმა - რუსეთის აგრესიის შემთხვევისთვის. მაგრამ გეგმას ეწინააღმდეგებიან გერმანია და საფრანგეთი - ქვეყნები, რომლებიც, ტრადიციულად, უფრთხიან რუსეთის გაღიზიანებას.
XS
SM
MD
LG