Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებები მიიღო


მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე მესამედ გაიზარდა, ამჯერად 325 მილიონი ლარით, და, საბოლოო ჯამში, 7 მილიარდ 280 მილიონი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის ცვლილებების ძირითადი მიზანია რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია. ბუჯეტის ზრდის მიუხედავად, მისი ზოგიერთი მუხლის დაფინანსება მცირდება, რამაც არა მარტო საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ მმართველი უმრავლესობის წარმომადგენელთა კრიტიკა გამოიწვია.


საქართველოს პარლამენტის 10 ოქტომბრის სხდომაზე დეპუტატებმა 2008 წლის ბიუჯეტის ცვლილებათა დაზუსტებული პროექტი მოისმინეს. მთავრობის მიერ მომზადებულ საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია იმ შენიშვნების უმეტესობა, რომლებიც პარლამენტარებმა საკომიტეტო მოსმენებისას გამოთქვეს. საბიუჯეტო ცვლილებათა ძირითად პრიორიტეტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „აღნიშნული ცვლილებით, ძირითადად ფინანსდება სფეროების მიხედვით აღდგენითი სამუშაოები ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, რათა ზამთრის დადგომამდე მოესწროს დევნილების შესახლება.“(სტილი დაცულია)

სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების გარდა, გაზრდილი ბიუჯეტი უფრო მეტ სახსრებს გამოუყოფს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს. ასევე დამატებით თანხას მიიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც რთველის სუბსიდირებისთვის უკვე გაწეული ხარჯების დასაფარად.

ამ დამატებითი ხარჯების დაფინანსების წყაროები უცხოური დახმარება და წინა წლის ბოლოს დარჩენილი აუთვისებელი თანხებია. საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების შესახებ ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური საუბრობს:

[ნიკა გილაურის ხმა] „გადასახადების შემოსავლით ნაწილში ეს ციფრი მცირდება 270 მილიონი ლარით, მაგრამ ამ შემცირებას აბალანსებს სხვადასხვა მუხლები. ესენია გრანტების სფეროში ზრდა 350 მილიონი და ასევე ფინანსურ აქტივებში ზრდა - ეს არის 300 მილიონი ლარი.“(სტილი დაცულია)

ამგვარმა ცვლილებებმა დღის წესრიგში დააყენა სხვადასხვა სამინისტროს, მათ შორის, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების დაფინანსების შეკვეცა. მაგრამ მთავრობამ საკომიტეტო განხილვებისას დეპუტატების მიერ გამოთქმული თითქმის ყველა შენიშვნა გაითვალისწინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის კომენტარი:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „ყველა ძირითადი შენიშვნა, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული - მათ შორის, კანცელარიაში შემცირებების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის გადამისამართებით.“(სტილი დაცულია)

ზურაბ მელიქიშვილის მიერ ნახსენები კანცელარიის მაგალითი საფუძველი იყო არა მარტო ოპოზიციის, არამედ უმრავლესობის წარმომადგენელთა უკმაყოფილებისა. ბიუჯეტის ცვლილებების საბოლოო ვარიანტს კი უმრავლესობასთან ერთად მხარს უჭერს ოპოზიციაც. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის, კომენტარი:

[ლევან ვეფხვაძის ხმა] „ეს არის კრიზისიდან გამოსვლის ბიუჯეტი. ამიტომ ჩვენ, გამონაკლისის სახით, მხარს ვუჭერთ, იმიტომ რომ ეს არის თანხები, რომლებიც მიმართული იქნება ჩვენი დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.“

მიმდინარე წლის ბიუჯეტის მესამე ცვლილების შედეგად, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 7 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
XS
SM
MD
LG