Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან


თბილისში გუშინ დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება რესურსების ევროპული ბანკის მეხუთე შეხვედრა,

რომელიც ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი გახლავთ და რომლის მიზანიც თავისუფალი ბაზრის პოლიტიკისა და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაა. წლევანდელი შეხვედრის მასპინძელია ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო”. ნინო გელაშვილი რესურსების ევროპული ბანკის წლევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, ანდრეი ილარიონოვს, ესაუბრა. ილარიონოვი 2000-2005 წლებში პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი იყო ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. დღეს ის რუსეთის ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის პრეზიდენტი და კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. გთავაზობთ ინტერვიუს ანდრეი ილარიონოვთან:
-
დღეს ბევრი იმედოვნებს, რომ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის უარყოფითი ზეგავლენა რუსეთის ეკონომიკაზე რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს აიძულებს უფრო რაციონალურად იმოქმედონ. რამდენად იზიარებთ ამგვარ იმედს და ღირს კი ამის იმედად ყოფნა?

-
ჯერჯერობით ეს იმედები მხოლოდ იმედებად რჩება. მიუხედავად არსებითი ეკონომიკური დანაკარგებისა, რომელიც რუსეთმა ბოლო ორი თვის მანძილზე განიცადა, უპირველეს ყოვლისა, საფონდო ბაზრის კაპიტალიზაციის დაცემის, რუსეთში ინვესტიციების ნაკადის შემცირებისა და ინვესტიციების გადინების სახით, რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათი მოქმედებების მიმართულებაში დიდი ცვლილებების შემჩნევა ჯერჯერობით რთულია. რუსეთის ხელისუფლების აგრესიული მოქმედებებისა და რიტორიკის უარყოფითი ზეგავლენა ჯერჯერობით თითქმის მხოლოდ საფონდო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე აისახება. მიმდინარე წლის მაისიდან საფონდო ბაზარმა დაახლოებით 900 მილიარდი დოლარი დაკარგა. მაგრამ მაისიდან ივლისამდე ამის მიზეზი იყო მსოფლიო საფონდო კრიზისი. ივლისის მეორე ნახევრიდან კი - და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, 8 აგვისტოდან - საუბარი შეიძლება რუსეთის ხელისუფლების უშუალო ზეგავლენაზე რუსეთის საფონდო კრიზისსა და მისი კაპიტალიზაციის ვარდნაზე. აქ საერთო ზარალმა 600 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა და მისი დიდი ნაწილი, 350 მილიარდი დოლარი, აშკარად რუსეთის აგრესიულ მოქმედებას უკავშირდება. ეს ძალიან დიდი თანხებია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის - რუსეთისთვისაც, მაგრამ ამას ჯერჯერობით არსებითი ზეგავლენა არ მოუხდენია რუსეთის რეალურ ეკონომიკურ განვითარებაზე (ინფლაციის ტემპი დღეისათვის მხოლოდ მცირედაა გაზრდილი): მნიშვნელოვნად ჯერ არც ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელებულა და, ადრინდელთან შედარებით, მაინცდამაინც შესამჩნევად არც რუსეთის ეკონომიკის განვითარების მიმართულება შეცვლილა.

-
ამბობენ, რომ რუსეთმა უნდა იზრუნოს სახის შენარჩუნებაზე. რეალურად რამდენად ადარდებს ეს რუსეთს და როგორია დღეს რუსეთის ხელისუფლების სახე? რაში სჭირდებოდა რუსეთს საქართველოსთან ომი?

-
პირველი, მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია (და, თქვენს შეკითხვაშიც იგრძნობოდა ეს) რუსეთისა და რუსეთის ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა. რუსეთს სხვა სახე აქვს და რუსეთის ხელისუფლებას - სხვა. თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებასაც, რომ ძალიან ხშირად ტრადიციული პოლემიკისას ქვეყნის დასახელება, ჩვეულებრივ, ხელისუფლების სინონიმად გამოიყენება. ასეა თუ ისე, ვისურვებდი, რომ ეს ორი რამ გამიჯნული იყოს. რუსეთის ხელისუფლების სახე კი დღეს ერთობ არამიმზიდველია იმ აგრესიის გამო, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ახორციელებდა და რომლის ღია ფაზაც მსოფლიოსთვის მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან, ბოლო ორი თვის განმავლობაში, გახდა აშკარა. ბოლო დროს, ბოლო კვირების მანძილზე ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. ერთ-ერთი კითხვა საქართველოსა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ფართო საზოგადოებისთვის მაინც უპასუხოდ რჩება - რატომ დაესხა თავს რუსეთი საქართველოს? უფრო ზუსტად კი - რატომ განახორციელა რუსეთის ხელისუფლებამ აგრესია საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს საზოგადოების მიმართ? ამის თაობაზე რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე ოფიციალურ პასუხს გვთავაზობს. პირველი გახლავთ ”რუსეთის მოქალაქეების დაცვა”. ეს არგუმენტი ცუდად მუშაობს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას არასდროს და არსად არ დაუცავს რუსეთის მოქალაქეები, არა მხოლოდ რუსეთის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, თურქმენეთში, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც, მაგალითად - ჩეჩნეთში, ბესლანში, ”ნორდ-ოსტსა” და ბევრ სხვა შემთხვევაში. ამის მაგალითი გვაქვს საქართველოს მიმართ აგრესიის მწვავე ფაზის გავლის შემდეგაც, როცა ინგუშეთში მოკლეს რუსეთის მოქალაქე მაგომედ ევლოევი. ამრიგად, ეს არგუმენტი თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ პროპაგანდას და არა საქართველოზე თავდასხმის მიზეზის რეალურ ახსნას.

-
როგორია რეალური ახსნა, რა იყო რუსეთის ხელისუფლების რეალური მიზანი?

-
რუსეთის ხელისუფლების მიზანი იყო არა მოქალაქეების დაცვა, არა ხალხების თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერა, არამედ მიზანი იყო ამ ადამიანების - მათ შორის, ოსების - გამოყენება ამ ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ამრიგად, იმისდა მიუხედავად, რა პასპორტები ჰქონდათ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა იქცა მძევლად სხვა - ბევრად სერიოზულ, ბევრად მასშტაბურ - თამაშში, რომელსაც ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება. თუკი ეს ასეა, უნდა გავიგოთ რა თამაშს თამაშობდა რუსეთის ხელისუფლება. თუ გადავარჩევთ ყველა მიზეზსა და საბაბს, თუკი რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ყველა პუნქტს გვერდზე გადავდებთ, გვრჩება ერთი-ორი არსებითი ფაქტორი. პირველი არის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, აგრეთვე საგარეო პოლიტიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ბოლო ოთხ-ნახევარი წლის მანძილზე აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას. და, კაცმა რომ თქვას, აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ომი, რომელიც აქტიურ ფაზაში 8 აგვისტოდან შევიდა, რუსეთის ხელისუფლების მიერ მზადდებოდა ბოლო ოთხ-ნახევარი წლის მანძილზე.

-
როგორ შეაფასებდით საქართველოს ეკონომიკას ომამდე და მისი განვითარების რა გზებს ხედავთ დღეს ომის შემდგომ ქვეყანაში, ტერიტორიული მთლიანობის გარეშე?

-
პირველი - ომამდე, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საქართველოში ისეთი მასშტაბური და რადიკალური ეკონომიკური და იურიდიული რეფორმები გატარდა, რომლის ანალოგის მოძებნაც თანამედროვე მსოფლიოში და ისტორიაშიც საკმაოდ ძნელია. თუკი ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს შევადარებთ, ალბათ, არ მოიძებნება სხვა ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ამდენის გაკეთებას შეძლებდა. იყო და არის ბევრი სხვა ქვეყანა, რომელშიც ტარდებოდა რადიკალური ლიბერალური რეფორმები, მაგრამ ან ასეთი მასშტაბური არ იყო ეს რეფორმები, ან უფრო დიდხანს მიმდინარეობდა პროცესი. ასე რომ, რეფორმების სისწრაფით და მასშტაბურობით ბოლო ოთხი წლის საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდება. ამის შედეგია უცხოური კაპიტალის წარმოუდგენლად დიდი ნაკადი - მთლიანი შიდა პროდუქტის 18% (2007 წლის მეორე ნახევრისა და 2008 წლის დასაწყისის მონაცემებით). ამის შედეგია აგრეთვე ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო ტემპი - ბოლო 3 წლის მანძილზე, საშუალოდ, 10%-ზე მეტი ყოველწლიურად, ჩინეთის მსგავსად, რომელიც ბოლო 30 წელია ეკონომიკური ზრდის რეკორდსმენია. ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.

-
როდესაც ტემპებზე ლაპარაკობთ, არა აქვს მნიშვნელობა სასტარტო მდგომარეობას?

-
იცით? ბევრი ქვეყანაა ძალიან ცუდ სასტარტო მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ ეხმარება მათ სწრაფად განვითარდნენ. თუმცა არის განვითარების ნორმალურ დონეზე მყოფი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უნარი განახორციელონ ეკონომიკური რეფორმები. ფაქტი, რომ საქართველო არა დღეს ან ოთხი წლის წინ, არამედ 10 წლის წინ, როცა ბევრად რთულ მდგომარეობაში იყო, არ ახდენდა ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპის დემონსტრაციას, თავისთავად აჩვენებს, რომ საქმე ის კი არ არის რა დონეზე იმყოფები, არამედ ის, თუ როგორ პოლიტიკას ატარებ. ახლა, როცა დასრულდა საომარი დაპირისპირების მწვავე ფაზა, საქართველოსთვის პირველი რიგის ამოცანა, რასაკვირველია, არის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა - ინფრასტრუქტურისა. აგრეთვე, კეთილსაიმედო პირობების აღდგენა როგორც საკუთარი - ქართული -ბიზნესის, ისე უცხოური ბიზნესის მუშაობისთვის საქართველოში. ეს იოლი ამოცანა არ არის, რადგან ის საფრთხე, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება წლების მანძილზე საუბრობდა და რომლისაც, სიმართლე უნდა ითქვას, ბევრს დიდად არ სჯეროდა საზღვარგარეთ, რეალურად არსებობს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი ამოცანა კიდევ უფრო რთულდება. სირთულე იმაშია, რომ უნდა გატარდეს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართ არსებული რეალური გამოწვევების ფონზე - იმ პირობებში, როცა ორი ტერიტორია არ იმყოფება საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და უნდა გავაცნობიეროთ, რომ გარკვეული დროის და, შეიძლება, ძალიან ხანგრძლივი დროის მანძილზეც არ დაექვემდებარება საქართველოს ხელისუფლებას.

-
საქართველოში კრიტიკის უმთავრეს ობიექტად რჩება სასამართლო ხელისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა...

-
ვფიქრობ, სწორი მიმართულებაა ხელისუფლებისა და საზოგადოების მიერ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. უნდა ვთქვა, რომ ეს რეფორმები არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ საზოგადოებაში არ განხორციელებულა მოკლე დროში. ნამდვილი, წარმატებული შედეგი ამ სფეროებში ყოველთვის მოაქვს მთელი საზოგადოების ევოლუციას - არა იმდენად ხელისუფლების, რამდენადაც საზოგადოების მიერ ხელშეწყობილი ხელისუფლებისა. ეს შეიძლება იყოს მრავალწლიანი შრომისა და ინსტიტუციური მეხსიერების გამოზრდის შედეგი, იმ ინსტიტუციური მეხსიერებისა, რომელშიც არ რჩება ადგილი კორუფციისთვის, ძალადობისთვის, კანონიერ სუბიექტთა შორის უთანასწორობისთვის, მიუხედავად სასამართლო პროცესების მონაწილეთა სტატუსის და ფინანსური მდგომარეობისა. ეს რთული, მძიმე სამუშაოა, რომელსაც შეიძლება, სულ ცოტა, ერთი თაობის დრო დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG