Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


გაერომ, World Investment Report 2008-ის მიხედვით, საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ლიდერ ქვეყნებს მიაკუთვნა.

აღნიშნული კვლევის თანახმად, 2006 წლის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალზე ზევით (Above Potential) მყოფ ქვეყანათა ჯგუფში შედიან.
საქართველო იმყოფება “ინვესტიციების მხრივ დიდი წარმატების“ ჯგუფის “ინვესტიციების დაბალი პოტენციალის” მქონე ქვეყნების ქვეჯგუფში. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველომ პოტენციალზე მეტი ინვესტიციები მოიზიდა. აღნიშნულზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, 2006-2007 წლების მონაცემებით, საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმღებ მოწინავე სახელმწიფოთა ათეულშია.
თუმცა ეს განვლილი წლების წარმატებების შეფასებაა. ამჟამად კი, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს უახლოესი 3 წლის განმავლობაში 3 მილიარდი დოლარი სჭირდება, რათა უცხოელი ინვესტორების ნდობა დაიბრუნოს.
დაპირებისამებრ, საჭირო დახმარებას საქართველოს, უმეტესწილად, აშშ (1 მლრდ დოლარი) და ევროკავშირი (500 მლნ ევრო) გაუწევენ. დონორების შეხვედრა, ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, 22 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება, რათა თანხების განაწილებაზე იმსჯელონ. მთავრობას სურს დაეხმარონ ახალი ჰესებისა და თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაში, რასაც საქართველოს რეგიონის ელექტროენერგიის ლიდერ-ექსპორტიორად გადაქცევა შეუძლია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში მაიკლ დეივი დონორებს ურჩევს, დახმარება ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამებისთვის გამოყონ, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა იქნება.
თავის მხრივ, დახმარება უკვე დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელმაც დაპირებული 750 მილიონი დოლარიდან 250 მილიონი საქართველოში უკვე გადმორიცხა. მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა იმ მემორანდუმის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო ამ დახმარების ხაზის გახსნას. მასში საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ 2009 წლის ბოლომდე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციათა, სულ მცირე, 2/3, ასევე, ფოთის პორტის აქციების, სულ მცირე, 24%, “საქართველოს ფოსტა” და, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, კოპიტნარის და რამდენიმე სხვა რეგიონალური აეროპორტი და სხვა ობიექტები გაყიდოს. “ჩვენ გავაგრძელებთ აგრესიულ პოლიტიკას სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის მიმართულებით”, - ასეთია საქართველოს მთავრობის ლაიტმოტივი სავალუტო ფონდთან 18-თვიანი თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისას.
სავალუტო ფონდის ფუნქცია გაიზრდება კიდევ ერთი მიმართულებით: საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 2008 წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგა, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი წარმომადგენელი რობერტ კრისტიანსენი უხელმძღვანელებს.
ახლად შექმნილი საბჭო განსაზღვრავს სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კონტროლს გაუწევს სააგენტოს საქმიანობას და უზრუნველყოფს ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვას. კრისტიანსენთან ერთად,
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე.
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც 2008 წელს სამი საზედამხედველო ორგანოს ბაზაზე ჩამოყალიბდა, პასუხისმგებელია კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებისათვის ლიცენზიების გაცემაზე. ლიცენზიის მიღების შემდეგ ყველა კომპანია ექვემდებარება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში კი საფინანსო კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესები და მოთხოვნები.
დადგენილი წესისა და მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. წლევანდელი ბიუჯეტი 257 მილიონი ლარით გაიზარდა. მთავარ საბიუჯეტო პრიორიტეტებს დევნილების სოციალური დახმარება და რუსეთის ინტერვენციის შედეგად თავდაცვისა და სამოქალაქო სფეროებში მიყენებული ზარალის აღმოფხვრა წარმოადგენს.
გარკვეული თანხებია გათვალისწინებული რთვლის წარმატებით ჩატარებისთვისაც. პარალელურად კი, აქტიურ ფაზაში შედის საგაისო ბიუჯეტის განხილვა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე დეპუტატებმა განსაკუთრებული უკმაყოფილება სოციალური პრიორიტეტების ასახვის ფორმასთან დაკავშირებით გამოთქვეს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ საქართველოში, სექტემბრის მონაცემებით, 10,6% შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ იკლო. კერძოდ, აგვისტოს ბოლოსთვის ის 12,8% იყო, წლის დასაწყისიდან კი 10,6%-ზე ნაკლები ინფლაცია მხოლოდ ივლისში იყო.
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 1 სექტემბრისთვის 2,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0.7%-ით ნაკლებია 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 12.7%-ით ჩამორჩება წლევანდელი პირველი აგვისტოსათვის მიღწეულ დონეს. ივლისთან შედარებით, ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 15.7%-ით, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი 10,7%-ით შემცირდა.
ერთ თვეში ფიზიკური პირების დეპოზიტები 17,1%ით, ანუ 260 მლნ ლარით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 8,5%-ით, ანუ 129 მლნ ლარით, შემცირდა.
გაზრდილი რისკების ნიველირებას კომპანიები უცხოელი პარტნიორების მოზიდვით ცდილობენ. “ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” სადაზღვევო კომპანია “ირაოში” მფლობელობის წილი 51%-დან 90%-მდე გაზარდა. ინვესტიცია საქართველოში ომის შემდგომ პერიოდში განხორციელდა.
დარგის ლიდერი კი _ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბი-სი-აი” - სტრატეგიულ ინვესტორებთან მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანიის გარკვეული წილის გაყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის საკონტროლო პაკეტი “საქართვლოს ბანკის” მფლობელობაში დარჩება. ინვესტორების მოზიდვა კი ახალი აქციების ემისიით მოხდება, რაც “საქართველოს ბანკის” წილს ავტომატურად შეამცირებს. აქციების ემისიით შემოსული თანხა მთლიანად კომპანიის განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას მოხმარდება.
მიმდინარე კვირას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ რუსული “ვი-თი-ბი ბანკის” შვილობილი “ენერჯი ინვესტი” კიდევ ერთხელ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ისაა, რომ, მიუხედავად კომისიის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა, “ენერჯი ინვესტს” დღემდე კომისიაში ტარიფების განაცხადისა და ტარიფების შემდგომი კორექციის მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად არ წარმოუდგენია.
მესამედ დაჯარიმების შემდეგ “ენერჯი ინვესტმა” განაცხადა, რომ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს შეამცირებს.
საქართველოში ასაშენებელი დიდი ჰესების ნუსხას კი ონის კასკადი შეემატა. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 276 მეგავატს შეადგენს. ჰესი, წყალსაცავთან ერთად, მდინარე რიონზე უნდა აშენდეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინვესტორი ჰესის მშენებლობით დაინტერესდა, გამოცხადდება განაცხადების მიღება. ამის შემდეგ პროექტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს და ინვესტორთან ხელშეკრულება გაფორმდება. ონის კასკადი, დიდი ჰესების ნუსხაში შემავალ “ხუდონჰესსა” (სიმძლავრე _ 700 მეგავატი) და ნამახვანჰესის კასკადთან (ჯამში _ 450 მეგავატი) ერთად, ჩანაფიქრით, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხერხემალი უნდა გახდეს.


XS
SM
MD
LG