Accessibility links

logo-print

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


დღევანდელ მიმოხილვას „მძიმე“ თემით დავიწყებთ. გაზეთ „გურია ნიუსში“ გამოქვეყნდა თემურ მარშანიშვილის წერილი, სათაურით: „ნელი მჭედლიძისგან ახალი ირინა ენუქიძე შექმნეს?!“.

უხერხული სათაურის მქონე სტატიაში დამაფიქრებელი ისტორიაა მოთხრობილი: ცხინვალის მისადგომებთან 7 აგვისტოს დაღუპული კაპრალის, თამაზ ნიკიტინის, დედას, ნელი მჭედლიძეს, საკომპენსაციო თანხის არაკანონიერ მითვისებაში სდებენ ბრალს. თამაზ ნიკიტინი სენაკის საშტაბო ასეულის წევრი იყო და, როგორც ნელი მჭედლიძე აცხადებს, მისი შვილი, „რამდენიმე ფაქტორის გამო, იმ დღეს წინა ხაზზე არ უნდა ყოფილიყო“. როდესაც შვილდაკარგული დედა სენაკში წავიდა და ასეულის უფროსთან დაიწყო გამორკვევა, რატომ აღმოჩნდა მისი შვილი ცხინვალის მისადგომებთან, დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო. სამაგიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ თავად ნელი მჭედლიძის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმე აღიძრა. სახელმწიფო გარდაცვლილი ჯარისკაცის დედას ედავება, რომ შვილის სიკვდილისთვის განკუთვნილი კომპენსაცია – 15 500 ლარი – ოჯახმა გაყალბებული ხელმოწერით მიიღო. საჩივარი შეტანილია თამაზ ნიკიტინის პირველი მეუღლის მიერ. „ისარგებლეს ჩემი დაღუპული შვილის არცთუ დალაგებული პირადი ცხოვრებით, მაგრამ მე არ ვარ ის დედა, რომელიც შვილის სიკვდილს შეარჩენს ვინმეს,“ – აცხადებს ნელი მჭედლიძე. ამ უცნაური ისტორიის გაგრძელებით, ალბათ, „გურია ნიუსი“ დაინტერესდება და რადიო ”თავისუფლების“ მსმენელებსაც საშუალება მიეცემათ შეიტყონ, დაისჯება თუ არა ომის პირველ დღესვე გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა შვილის სიკვდილისთვის მიღებული კომპენსაციის გამო.

მეორე ისტორიაც შთამბეჭდავია. გაზეთი ”ბათუმელები“ აქვეყნებს ემზარ დიასამიძის სტატიას: „დეპუტატის გასაიდუმლოებული საქმის გამოძიება“. მასალის საპრეზენტაციო ნაწილში ვკითხულობთ: „აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მალხაზ კალანდაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 10 ივლისს აღიძრა. მას უკრაინის მოქალაქის ნატალია ზევალკოს გაუპატიურება და ცემა ედება ბრალად. აჭარის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გონიოს ქვეგანყოფილების გამომძიებელი საქმის გასაიდუმლოებას ცდილობენ.“ სტატიაში ნაბიჯ–ნაბიჯ არის აღწერილი, როგორ ცდილობდა ჟურნალისტი პროკურატურიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, არის თუ არა სისხლის სამართლის საქმე აღძრული მალხაზ კალანდაძის წინააღმდეგ. თუმცა წერილობითი პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ ჟურნალისტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო არ არის და ის პასუხს ვერ მიიღებს. მალხაზ კალანდაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ცნობილი სახეა აჭარაში, მისი პოლიტიკური ოპონენტის, მურმან დუმბაძის, განმარტებით, გირაოთია გათავისუფლებული. „ჩვენ გვაქვს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და პროკურატურიდან დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ზევალკომ რომც გაიტანოს საჩივარი, ამით კალანდაძეს მაინც არაფერი ეშველება“, – ამბობს მურმან დუმბაძე. თვითონ დეპუტატი კითხვაზე – არის თუ არა მის წინააღმდეგ საქმე აღძრული? – პასუხობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ გააჩნია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გურჯაანში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დევნილებისთვის კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. დაკითხულია გურჯაანის სოციალური განვითარების სამსახურის უფროსი დავით მაჭარაშვილი და საქველმოქმედო შტაბის ხელმძღვანელი, შპს „გურჯაანის ნაყინის“ გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი. აღსანიშნავია, რომ დაკარგული თანხა ბიზნესმენებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ იყო შეგროვებული იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ამ კრიმინალური ისტორიის გაგრძელებასაც, ალბათ, მომავალში შემოგთავაზებთ.



XS
SM
MD
LG