Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლის ბიუჯეტი ”ძალოვნებს” მადის დაოკებას ურჩევს


საქართველოს ხელისუფლება, რომელიც წინა წლებში

ქვეყნის სამხედრო ძალების განვითარებაზე ასტრონომიულ თანხებს ხარჯავდა, იძულებულია მნიშვნელოვნად შეამციროს სამხედრო დანახარჯები. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველა სამხედრო და პოლიციურ სტრუქტურას დაფინანსება მომავალ წელს 30 პროცენტით შეუმცირდება. შესაბამისად, ამდენითვე გაიზრდება სოციალური და სამედიცინო სფეროს დაფინანსება. სამხედრო ხარჯების კორექტირებას ძალოვან უწყებებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხმამაღალი პროტესტიც კი მოჰყვა. თუმცა ვითარება, ალბათ, აღარ შეიცვლება და ქართველ სამხედროებს, ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად, ქამრის მოჭერა მოუხდებათ.

გასული კვირის დასაწყისში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გენერალმა ბადრი ბიწაძემ საკმაოდ სკანდალური განცხადებები გააკეთა. ქართველ მესაზღვრეთა შეფმა საჯაროდ სახელმწიფოსათვის საზიანო უწოდა გადაწყვეტილებას, 39 პროცენტით შემცირდეს სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება.

”მრავალი დაწყებული პროგრამა ბოლომდეა მისაყვანი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: თურქეთთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული გემის შეძენაზე. ამ ხელშეკრულების ინიციატორი თავად ხელისუფლება იყო. ერთი გემი უკვე შევიძინეთ და ძალიან მოეწონათ - საქართველოს ბოლო პერიოდში მსგავსი მართლაც არაფერი შეუძენია. ახლა ამ ხელშეკრულებაზე საჯარიმო სანქციები წამოვა და რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, ჩვენთვის ბიუჯეტის შემცირება თავში ვის მოუვიდა”,- განაცხადა გენერალმა ბიწაძემ გაზეთ ”ვერსიასთან” ინტერვიუში და იქვე გამოთქვა ეჭვი, რომ ”მესაზღვრეთათვის ბიუჯეტის ასეთი დრამატული შემცირების მიზეზი ისაა, რომ იგი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, მეუღლეა”.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი სტრუქტურულად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ გამოხმაურებია თავისი ხელქვეითის აშკარა დემარშს. სამაგიეროდ, გენერალი ბადრი ბიწაძე არ დაინდო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, რომელმაც განაცხადა, ”ბადრი ბიწაძე შეთქმულების თეორიების ხედვით არის შეპყრობილიო”. გივი თარგამაძე, რომლის სიტყვებიც მოჰყავს ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსს”, იქვე აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან ყველა ძალოვან უწყებას ბიუჯეტი პროპორციულად შეუმცირდება.

ეს ცვლილება კი ციფრებში ასე გამოიხატება:

2009 წლის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, წინასწარი პარამეტრების თანახმად, 500 მილიონი ლარით დაფინანსდება. თავდაცვის სამინისტრო კი, რომელსაც წელს, ორჯერ კორექტირებული ბიუჯეტით, მილიარდ სამასი მილიონი ლარი ერგო, გაისად 950 მილიონი ლარით დაფინანსდება. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ეს ციფრები, შესაძლოა, ნოემბრის შემდეგ შეიცვალოს:

[ზურაბ მელიქიშვილი] ”2009 წლის ძირთადი პარამეტრები არის შემოსული, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი დონორების დახმარება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძირითადი განხილვები ჩვენ გვექნება უკვე ამ დონორთა კონფერენციის შემდეგ. ამიტომ ზუსტი პასუხი, თუ რა იქნება 2009 წელს, რეალურად ამის შემდეგ გვეცოდინება.”(სტილი დაცულია)


ერთი სიტყვით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა გარკვეული პროგრამების დაფინანსება წელსვე უნდა მოასწრონ. დარჩენილ სამ თვეში საქართველოს შეიარაღებული ძალები დამატებით 150, ხოლო პოლიცია 100 მილიონ ლარს მიიღებს.

ამ ასიგნებებმა უნდა შეუმსუბუქოს ტვირთი ორ ძალოვან სტრუქტურას, რომლებიც რუსეთთან 5 დღიან ომში საკმაოდ დაზარალდნენ. განსაკუთრებით დიდი მატერიალური ზარალი განიცადა თავდაცვის სამინისტრომ. რუსეთის მიერ განადგურებული და გატაცებული ტექნიკისა და შეიარაღების, აფეთქებული და გაძარცული სამხედრო ბაზების საერთო ღირებულება, ოფიციალური ინფორმაციით, 250 მილიონ დოლარს აღწევს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო დანგრეული და გაძარცული ბაზების რემონტი გორში, სენაკსა და ფოთში. მაგრამ საქართველო უახლოეს პერიოში ვეღარ შეძლებს შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვას. სამხედრო ექსპერტ, გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, საერთოდაც, შესყიდვების საკითხი რადიკალურად არის შესასწავლი და გასაანალიზებელი:

[ამირან სალუქვაძე] ”ამ ეტაპზე, ომის შემდგომ პერიოდში, ჯერჯერობით რაიმე აქტივობები არ არის ხომ მოსალოდნელი - არც რუსეთისგან და არც ჩვენი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, ამ თვეებში. ამიტომ საჭიროა გაანალიზება ყველაფრის: რა მოხდა, რატომ მოხდა? გაანალიზება იმ პროგრამების, რაც იყო განხორციელებული - შესყიდვების პროგრამებს ვგულისმხობ. თუ რამდენად ავითვისეთ ის, რაც გვქონდა; რომელმა ტექნიკამ გაამართლა და რომელმა არ გაამართლა. ამას სერიოზული გაანალიზება სჭირდება.”

თანაც, პირველ ეტაპზე, ვიდრე საქართველო-რუსეთის ომის ექო არ შეწყვეტილა, საქართველოსათვის იარაღის მიყიდვისგან თავს ბევრი ტრადიციული მიმწოდებელი ქვეყანა შეიკავებს - მათ შორის, უკრაინა, სადაც საქართველოსათვის საბრძოლო იარაღისა და ტექნიკის მიყიდვის ისტორია პოლიტიკური სკანდალის მიზეზად იქცა. გარდა ამისა, საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, განაგრძოს განადგურებული ტექნიკის ნაცვლად რუსული საბჭოთა შეიარაღების შესყიდვა თუ ეტაპობრივად გადავიდეს უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე:

[ამირან სალუქვაძე] ”მოგვიწევს მთლიანად გადასვლა დასავლურ მოდელებზე, რადგან ჩვენი ერთადერთი საიმედო მომწოდებელი საბჭოური ტექნიკის და მათი მარაგებისა უკრაინა იყო. მაგრამ გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, შესაძლოა, ეს მოწოდება შეწყდეს და სხვა წყაროები უნდა ვეძებოთ. იგივე საჰაერო თავდაცვის სფეროში არის შესაძლებელი ვითანამშრომლოთ იგივე ევროპულ ქვეყნებთან, ისრაელთან და სხვ.”(სტილი დაცულია)

2008 წლის ბიუჯეტის თანახმად, ყველანაირი შესყიდვის მომსახურებაზე დაახლოებით 800 მილიონი არის განსაზღვრული. თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მილიონი დაიხარჯა აქედან შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაზე, საიდუმლოს გრიფი ადევს. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, საქართველოს 28 ათასიან შეიარაღებულ ძალებს ყოველწლიურად 360 მილიონი ლარი ესაჭიროება. და ამ თანხას ქვეყნის სამხედრო უწყება გაისად უცვლელად მიიღებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG