Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კვლავ სთავაზობს ნატოს ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას


საქართველოს ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მზადყოფნას ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში ქართული კონტინგენტი გაგზავნოს.

ამის თაობაზე გასულ კვირაში ბუდაპეშტში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს სამხედრო უწყების ხელმღძვანელმა განაცხადა. ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ქვედანაყოფის გაგზავნას საქართველოს ხელისუფლება განიხილავს როგორც ერთ-ერთ პირობას ალიანსის წევრობის მოსაპოვებლად. თუმცა რუსეთთან ომის გამო საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, ავღანეთში მხოლოდ მცირერიცხოვანი ქვედანაყოფი გაგზავნოს.


ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში საქართველოს სახელით მხოლოდ ერთი სამხედრო ექიმი მონაწილეობს. თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს ხელისუფლება ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში, 250-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებდა. ამ განზრახვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბათუ ქუთელია ჯერ კიდევ აპრილის თვეში ესაუბრა რადიო ”თავისუფლებას”. თანახმად წინასწარი გეგმისა, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობას თბილისმა აპრილის ბუქარესტის სამიტის წინ შესთავაზა, ორ ქართულ სამშვიდობოს ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათო უბანზე უნდა შეესრულებინა სამშვიდობო მისია:

[ბათუ ქუთელია] ”შესაბამისად, რამდენიმე შეთავაზება გაკეთდა. პირველი, ეს არის კონტინგენტი ორი ასეულით - ერთი ფრანგებთან და მეორე ჰოლანდიელებთან. ჰოლანდიელებთან - სამხრეთში, ურუზგანის პროვინციაში, საკმაოდ რთულ ზონაში. გარდა ამისა, არის სპეცდანიშნულების დანაყოფი, რომელიც ამერიკელებთან ერთად წავა. ეს არის დაახლოებით 35-40 ადამიანი. და, გარდა ამისა, იქ არის ერთი სამხედრო ექიმი და ოთხი მზად არის წასასვლელად ლიტველების PRT-ში(მშვიდობის აღდგენის ამოცანა).”(სტილი დაცულია)

თუმცა საქართველო-რუსეთის ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის მონაწილეობის გეგმები საერთაშორისო სამხედრო ასპარეზზე. უშუალოდ 9-11 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფო წესით გამოიყვანა 2000 კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი ერაყიდან. რადიო ”თავისუფლების” ინფორმაციით, ერაყში ამჟამად დარჩენილია მხოლოდ ერთი ოცეული, რომელიც ალ-კუტში, ”დელტას” სამხედრო ბაზაზე, ქართულ შეიარაღებას და აღჭურვილობას ყარაულობს. რაც შეეხება ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს კონტრიბუციას, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი მუჩაიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, საქართველომ 10 ოქტომბერს ბუდაპეშტში, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, კვლავ გაიმეორა თავისი მზადყოფნა. თუმცა, რუსეთთან ომში მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვლილი გაცილებით მოკრძალებული იქნება, ვიდრე იგეგმებოდა.

[გიორგი მუჩაიძე] ”რა თქმა უნდა, თითონ რაოდენობის საკითხიც და ასევე განლაგების დროც გადახედილი იქნება და მიღებული იქნება შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან გვჭირდება დრო და, ამასთან, შესაბამისი საერთაშორისო დახმარებაც, რათა არა მარტო გავაგრძელოთ ეს რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესი, არამედ კიდევ უფრო ავწიოთ ტემპი ამ პროცესის.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობა იმის მაჩვენებელი იქნება, რომ აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყანა მზად არის გლობალური უსაფრთხოებისთვის თავისი წვლილი გაიღოს. ხოლო ვინაიდან ISAF-ის ოპერაცია ნატოსთვის ლამის ყოფნა-არყოფნის საკითხად იქცა, ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში მონაწილეობა, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ვარაუდობს, -შეუჩნეველი არც ალიანსის წევრ ქვეყნებს დარჩებათ.


[არჩილ გეგეშიძე] ”საქართველომ, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს უახლოეს პერსპექტივაში ისევ იბრძოლოს მაპისთვის, უნდა გააგრძელოს ალიანსისადმი საკუთარი ერთგულების დამტკიცება. საქართველოს მხრიდან თავისი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს ნატოს ევროპული ქვეყნებისთვის და, მათ შორის, საფრანგეთისა და გერმანიისათვის, რომელთა ხმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, მაპის მინიჭების თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)

თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის მოახერხებს საქართველო სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებასა და გაგზავნას ავღანეთში. თანაც, როგორც უკვე ითქვა, ქართული ქვედანაყოფი მცირერიცხოვანი იქნება და მის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას საქართველო ალიანსის დაუხმარებლად ვერ შეძლებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG