Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაისტატი: უფლებადამცველის პორტრეტი


ჩვენს რადიომსმენელს, ალბათ, ახსოვს ინტერვიუ საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩის” მკვლევარ ანა ნაისტატთან, რომელიც რადიო ”თავისუფლების” ეთერში გასულ კვირაში გავიდა.

ანა ნაისტატი ხელმძღვანელობდა მკვლევართა ჯგუფს, რომელმაც საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ის ზარალი შეისწავლა, რომელიც, კონფლიქტის შედეგად, მშვიდობიან მოქალაქეებს მიადგათ. იმ ინტერვიუს ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ, მისამართზე tavisupleba.org. დღეს კი გთავაზობთ ანა ნაისტატის - დღევანდელ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი უფლებადამცველის - ერთგვარ ”პორტრეტს”. როგორ მოხდა მისი უფლებადამცველად ჩამოყალიბება; რა ამოძრავებს ახალგაზრდა ქალს, როდესაც ის ჩეჩნეთში, კენიაში, ზიმბაბვეში, უზბეკეთში, შრი ლანკასა თუ ნეპალში ადამიანის უფლებებს იცავს; რას ნიშნავს დღევანდელ რუსეთში უფლებადამცველის სტატუსი - ამ და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე მესაუბრა ანა ნაისტატი რამდენიმე დღის წინ პრაღაში:

”ჩემი პორტრეტი ჟურნალისტებს აქამდე არასოდეს გაუკეთებიათ. უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცი რა გამოვა ამ საქმიდან. თუმცა გენდობით და მზად ვარ, რაზეც გნებავთ, იმაზე ვისაუბროთ”, – მითხრა ანა ნაისტატმა ინტერვიუს პირველსავე წუთებში.

ინტერვიუს პრაღის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ კაფეში ვწერდით, წვიმიანი ორშაბათის შუადღეს. ანას განუწყვეტლივ ურეკავდა მობილური ტელეფონი; მე კაფეში ხალხმრავლობა და ხმაური მადარდებდა - არ ვიცოდი რამდენად სუფთად შეძლებდა ჩემი დიქტოფონი ანას ხმის ჩაწერას.


მაგრამ პირველი წუთების დაძაბულობა და დისკომფორტი ძალიან მალე განიმუხტა - მაშინვე, როდესაც ანამ ჩემს პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დაიწყო და ის ფაქტორები გაიხსენა, რომლებმაც მისი უფლებადამცველად ჩამოყალიბება განაპირობა:

”ჩემი კარიერის ისტორიაში გარკვეული როლი ოჯახს მიუძღვის. მე ჩუმად-დისიდენტური ოჯახიდან ვარ. ჩემს მშობლებს დისიდენტურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ არც კომპარტიის წევრები ყოფილან. ის, რაც სახლში მესმოდა, ძალიან განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც სკოლაში მეუბნებოდნენ.”

სანამ პირადად გავიცნობდი, ანა ნაისტატთან რამდენიმე სატელეფონო ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი. რატომღაც ის სხვანაირი წარმომედგინა - ასაკით შედარებით უფროსი და უფრო მკაცრი ბუნების. არადა, პირველი, რასაც ანა ნაისტატის გაცნობისას შეამჩნევთ, მისი ახალგაზრდული ასაკი და გულიანი და ფართო ღიმილია:

”სკოლა 93 წელს დავამთავრე. ამ თვალსაზრისით, მე ”პერესტროიკის” შვილი ვარ. ჩვენ ყველანი ისეთ დროს ვიზრდებოდით, როდესაც ადამიანის უფლებების თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო; ირგვლივ იმდენი რამ ხდებოდა, რომ ძალიან ძნელი იყო გვერდზე გადგომა.”

ანა ნაისტატი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ”ჰიუმან რაიტს უოჩის” სასწრაფო რეაგირების განყოფილებაში მუშაობს. მას და მის კოლეგებს კრიზისულ სიტუაციებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიება და ამაზე მყისიერი რეაგირება ევალებათ.

რუსეთი, კენია, ზიმბაბვე, ჰაიტი, უზბეკეთი, შრი ლანკა, ნეპალი, ისრაელი, ფილიპინები, ავღანეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული სიაა, სადაც ანა ნაისტატმა და მისმა კოლეგებმა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმუშავეს. ბოლო ცხელი წერტილი კი, სადაც ანა სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, ცხინვალის რეგიონი იყო.


თუმცა, როგორც თვითონ ჰყვება, უფლებადამცველად ქცევა მისი ოცნება არ ყოფილა. თავდაპირველად არქიტექტორობას აპირებდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ჟურნალისტობა გადაწყვიტა და 1994 წელს იმ დროის რუსეთის რევოლუციურ მედიას - ”ეხო მოსკვის” მიაკითხა:

”მაშინ ისეთი დრო იყო, როდესაც ნებისმიერ 18 წლის ახალგაზრდას შეეძლო პირდაპირ ქუჩიდან მისულიყო ”ეხო მოსკვიზე” და გამოეცხადებინა: მჯერა თავისუფალი ჟურნალისტიკისა და თქვენთან მინდა მუშაობის დაწყებაო. იქ ზრდილობიანად გკითხავდნენ, რამის გაკეთება თუ იცოდი. პასუხობდი, რომ არა, მაგრამ ამის დიდი სურვილი გქონდა - და ასე იწყებოდა ყველაფერი.”

ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსად, ვინც ადრეული 90-იანი წლების რუსეთში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმ წლებს ანა ნაისტატიც დანანებით იხსენებს. ამბობს, რომ მაშინდელ რუსეთში თავისუფლების ხარისხი და შესაძლებლობების სიუხვე განუმეორებელ განცდას ქმნიდა - განცდას, რომლის არსებობაც დღევანდელი პერსპექტივიდან რთულად დასაჯერებელია:

”გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ცვლილების ახსნა მიჭირს. ის პერიოდი საერთოდ რომ არ ყოფილიყო, მაშინ ის, რაც ახლა ხდება რუსეთში, ალბათ, დიდად არ გამაკვირვებდა. ვიტყოდი, რომ როგორც იყო ყველაფერი, ჯერ ცარიზმის, მერე კი კომუნისტების დროს, ისევე დარჩა: ტოტალიტარული საზოგადოება, ტოტალიტარული ცნობიერება. მაგრამ ის ყველაფერი ხომ კარგად მახსოვს. მე სულ სხვა ქვეყანაში გავიზარდე - იქ, სადაც წითელ მოედანზე მხოლოდ 5 დისიდენტი კი არ მართავდა დემონსტრაციას, არამედ აქციებზე მთელი მოსკოვი, მთელი სანკტ-პეტერბურგი და მთელი ყაზანი იკრიბებოდა ხოლმე. და დემონსტრაციები ძეხვის და პენსიების მოთხოვნით კი არ იმართებოდა, არამედ ეხებოდა თავისუფლებას, დემოკრატიას, რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციას, საჯაროობას. ეს ყველაფერი მახსოვს, თუმცა ყოველი წლის გასვლასთან ერთად სულ უფრო მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს მართლა საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.”

რუსეთში მომხდარი ამ მასშტაბური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტრანსფორმაციის ახსნა, შესაძლოა, მართლაც რთული იყოს, მაგრამ ნაისტატი ზუსტად ასახელებს მომენტს, როდესაც ეს უკუსვლა დაიწყო. მისი თქმით, ჩეჩნეთის მეორე ომი იყო ის გადამწყვეტი მოვლენა, რომელსაც ქვეყანაში უფლებებისა და თავისუფლებების მასშტაბური შეზღუდვა მოჰყვა:

”ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩეჩნეთის პრობლემა და ჩეჩნეთის ირგვლივ რუსეთში მიმდინარე პროცესები რუსეთის შიდაპოლიტიკურ უსიამოვნებად აღიქვეს, იმიტომ რომ ამ პროცესებმა საზოგადოებაზე კოლოსალური გავლენა მოახდინა. მედიაზე მკაცრი ცენზურა სწორედ ამ ომის შემდეგ დაწესდა; პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უსიამოვნებები შეემთხვათ, ჩეჩნეთის საკითხზე მომუშავეები იყვნენ - იქნებოდა ეს ”მემორიალი”, ”რუსეთ-ჩეჩნეთის მეგობრობის საზოგადოება” თუ სხვა.”

ჩეჩნეთში ანა ნაისტატი უკვე წლებია მუშაობს. 2006 წლის ივლისში ბრიტანეთში გამოქვეყნებულ წერილში მან დეტალურად აღწერა ”კადიროვცებიად” ცნობილი რამზან კადიროვის ერთგული დაჯგუფებების მხრიდან ადამიანების გატაცების, წამების და მკვლელობის შემთხვევები და განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ”ნორმალიზაციის” მიღმა უამრავი ადამიანის ტანჯვა იმალებოდა.

ინტერვიუს მსვლელობისას ვერ მოვითმინე და ანა ნაისტატს მოსალოდნელი შეკითხვა დავუსვი - ვკითხე, როგორ უმკლავდება ყოველდღიურ სამუშაოში წამებისა და მკვლელობების შესახებ ისტორიების მოსმენას და დამუშავებას; როგორ ახერხებს ამ დროს ემოციების შეთავსებას პროფესიის მოთხოვნებთან.

მისი თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა მთავარი ემოციაა, რომელიც მის სამუშაოს წარმართავს, თუმცა ის ყოველთვის ცდილობს ეს განცდა პროფესიონალიზმს დაუქვემდებაროს, ემოციები მოთოკოს და მუშაობა გააგრძელოს. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ცხადია, ყველაფერი ასე რაციონალურად და მარტივად არ ხდება. ამას ანაც აღიარებს და იხსენებს შემთხვევას, სადაც მას დროებით ემოციებმა სძლია:

”ამბავი, რომლის შემდეგაც ვიგრძენი, რომ ძალიან მიჭირდა მუშაობა, რომელიმე კონფლიქტურ ზონაში არ მომხდარა. ის რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკსა თუ ნოვოსიბირსკში მოხდა. მაშინ მოსკოვში ვიყავი და ვმონაწილეობდი პროექტში, რომელიც რუსეთის არმიაში ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა. ეს ძალიან მასშტაბური პროექტი იყო - ვიკვლევდით ჯარში ახალწვეულების ძალით წაყვანის შემთხვევებს, იქ მათი ცემისა და ჩაგვრის ფაქტებს და ასე შემდეგ. პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გვიწევდა მოგზაურობა - პეტერბურგიდან ვლადივოსტოკამდე. ვესაუბრებოდით იმ ბიჭების ოჯახებს, რომლებმაც ჯარში დაზიანებები მიიღეს, ინვალიდებად დარჩნენ, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მოკლეს, და ასე შემდეგ. იცით რაშია საქმე?- როდესაც კონფლიქტის ზონაში მუშაობ, იქ მზად ხარ საშინელი ამბების მოსასმენად; ამისათვის სათანადო ემოციური განწყობა გაქვს. აქ კი, წარმოიდგინეთ - ნოემბერია, ჩაჟამებული ქალაქი, რომელსაც ოდნავ ათოვს. ერთ-ერთ უბანში შედიხართ სრულიად ჩვეულებრივ, საბჭოთა სტილის ბინაში. იქ ცინკის კუბო დგას, რომელსაც მშობლები დასტირიან. და აშკარად გრძნობთ, რომ მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ იმის გაგება, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. როდესაც კონფლიქტის დროს დაზარალებულ ოჯახებს ვესაუბრებით, ცხადია, ისინიც საშინლად ტრავმირებულები არიან, მაგრამ რეალობისგან ამგვარი გაუცხოება მათ არ აქვთ. ომია - და როგორც ვიცით, ომში ადამიანები იხოცებიან. აქ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, შენი შვილი კი ომში კი არ დაიღუპა, ან მანქანა კი არ დაეჯახა, არა - ის შენივე ქვეყნის - რუსეთის - არმიამ ცოცხალი წაიყვანა და უკან ცინკის კუბოთი დაგიბრუნა.”

უფლებადამცველის სფეროდან წასვლას ანა ნაისტატი არ აპირებს - თუმცა იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მას პრესტიჟული ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ამერიკელი იურისტების სასერტიფიკატო გამოცდა - ე.წ. ”ბარ ეგზამიც” - ჩაბარებული აქვს, იცის, რომ თავისუფლად შეძლებდა კორპორაციულ სამყაროში ადვოკატის კომფორტული კარიერის გაკეთებას.

ინტერვიუს ბოლოს ანამ თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზეც მიამბო:

”რვა წლის ბიჭი მყავს, დანილი. ჩემთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ფიქრობს, რომ დედა სუპერაგენტი ჰყავს და ეს ამბავი ძალიან მოსწონს. გარკვეული თვალსაზრისით, მას არ გაუმართლა - პატარაობიდანვე, ჯარისკაცობანას როცა თამაშობდა, დედამისი ჟენევის კონვენციებსა და ადამიანის უფლებებზე უყვებოდა ხოლმე. ამდემად, უფლებადამცავ თემატიკაში მას მართლაც ბევრი გაეგება. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მიაჩნია, რომ მე იმ ჯაშუშებზე ფილმების გმირივით ვცხოვრობ, რომლებსაც ტელევიზორში უყურებს.”

ინტერვიუ თითქმის დავასრულეთ - ხალხმრავალი კაფედან უკვე მივდიოდით, როდესაც ანა ნაისტატს ვკითხე, მიაჩნია თუ არა, რომ 32 წლის ასაკში ასეთი დატვირთული პროფესიული, აკადემიური თუ პირადი ბიოგრაფიის ქონა საკმაოდ უჩვეულოა. ანას პასუხი ასეთი იყო:

”იცით, მე ისე გამზარდეს, რომ კარგად ვიცი: საკუთარი თავის მიმართ გარკვეული ირონია ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. მიმაჩნია, რომ ამ დღემდე ძალიან საინტერესო, სავსე და დაძაბული ცხოვრება მქონდა და ამ მხრივ არაფერს ვუჩივი. დიახ, საკმაოდ ადრეული ასაკიდან ძალიან ბევრი და დაძაბული მუშაობა მიწევდა. მაგრამ ეს დიდად არასოდეს მიჭირდა და, ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ დაღლილობას ვგრძნობდე ან დასვენება მინდოდეს. ამ ყველაფერში დიდი როლი ჩემს მშობლემსაც მიუძღვით, რომლებიც ყოველთვის ყველაფერში მეხმარებოდნენ - იქნებოდა ეს სწავლა, მუშაობა, ბავშვის გაზრდა თუ სხვა. ისინი დღესაც ჩემს მთავარ საყრდენს და იმედს წარმოადგენენ.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG