Accessibility links

logo-print

საქართველოში რუსეთის მოქმედება - განხილვის საგანი ლუქსემბურგსა და ვაშინგტონში


15 ოქტომბერს - ზუსტად იმ დღეს, როცა ჟენევაში გაიმართება მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტზე, ბრუსელში იწყება ევროკავშირის სამიტი.

ამ სამიტზეც იმსჯელებენ რუსეთთან ურთიერთობაზე: საქმე ეხება პარტნიორობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას, რომელიც ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო.

ამჟამად ევროკავშირის წევრებს შორის აზრთა სხვაობას იწვევს რუსეთთან პარტნიორობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლების მიზანშეწონილობა. რამდენად მწვავეა აზრთა სხვაობა, გამოჩნდა დღეს ლუქსემბურგში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ემხრობოდნენ პარტნიორობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლებას, რახან რუსეთმა უკან დახია ჯარები “ბუფერული ზონებიდან”. მაგრამ წინააღმდეგი იყო შეხვედრის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი: [ბილდტის ხმა] “მათ ნაწილობრივ გაიყვანეს ჯარები, პირველ რიგში ბუფერული ზონებიდან, მაგრამ არის ადგილები, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ და რომლებშიც 7 აგვისტომდე არ იყვნენ”.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს და გადადეს გადაწყვეტილების მიღება რუსეთთან მიმართებით პოზიციის შერბილებაზე. ამ საკითხს დაუბრუნდებიან ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 15 ოქტომბერს ბრიუსელში იწყება.

დღეს საქართველოს შეეხო საუბარი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზეც - საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრას. თუმცა, მასზე უმეტესწილად საფინანსო კრიზისზე იმსჯელეს. ბუშმა და ბერლუსკონიმ პირობა დადეს, რომ მიმართავენ ზომებს, რათა გლობალურმა საფინანსო კრიზისმა დიდი ზარალი არ მიაყენოს ეკონომიკას და გაგრძელდეს შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა.

რაც შეეხება საქართველოს, ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ამერიკა და იტალია მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოში კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ერთი აზრი აქვთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორია მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ჩვენ ვმუშაობთ ქართველი ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და დევნილი ოჯახების შინ დაბრუნების ხელშესაწყობად”. ამ განცხადებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა დღეს ვაშინგტონში იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ.

შაბათს ჯორჯ ბუში შეხვდება “დიდი 7”-ის წამყვან ფინანსისტებს გლობალურ კრიზისზე მოსალაპარაკებლად. დღეს ის მიესალმა “გაბედულ” ზომებს, რომელთაც რამდენიმე ქვეყანამ მიმართა კრიზისის წინააღმდეგ.

გაბედულ ზომებს რაც შეეხება - ევროპაში არაერთმა მთავრობამ გააკეთა განცხადებები ბანკების დასახმარებლად მილიარდობით დოლარის გამოყოფის შესახებ, რისი მიზანიც საფინანსო სისტემისადმი ნდობის აღდგენაა. გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა დახმარების დიდ პაკეტს - 650 მილიარდი დოლარის გამოყოფას ბანკებისთვის, მათგან აქციების მიღების სანაცვლოდ და საიმისოდ, რომ ბანკებმა ახალი კრედიტების გაცემა შეძლონ. საფრანგეთში საბანკო სექტორის დახმარების გეგმას 490 მილიარდ დოლარად აფასებენ. ბრიტანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, 37 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (64 მილიარდ დოლარს) შეაშველებენ რამდენიმე წამყვან ბანკს. გუშინ კი ევროზონაში შემავალმა ქვეყნებმა (15-მა ქვეყანამ, რომელშიც ევრო ბრუნავს) პირობა დადეს, რომ კოორდინირებულ ძალივხმევას მიმართავენ საბანკო კრიზისის წინააღმდეგ და არ დაუშვებენ რომელიმე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის გაკოტრებას.

ბაზრების რეაქცია დადებითია. საფონდო ბირჟებზე აზიაში, ევროპასა და აშშ-ში დღეს გაუმჯობესებული მაჩვენებლები აღირიცხა.
XS
SM
MD
LG