Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში - გლობალური საფინანსო კრიზისის ფონზე


ალბათ, იშვიათად თუ გამოუწვევია ისეთი ინტერესი, როგორც წელს, შეკითხვას, თუ ვის მიენიჭებოდა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.

გლობალური საფინანსო კრიზისის ფონზე, მოუთმენლად მოელოდნენ, რა თეორიის მიმდევარს, რა შეხედულებების მქონე ეკონომისტს მიანიჭებდა უპირატესობას შვეციის მეცნიერებათა აკადემია. და აი, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ერგო ამერიკელ მეცნიერს, პოლ კრუგმენს.

55 წლის პოლ კრუგმენი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორია, არაერთი წიგნისა და გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში” სვეტის ავტორი. “კრუგმენის თეორიებმა კარი გაუღო გლობალიზებული ეკონომიკის უკეთ გაგებას” - ამ შეფასებას გამოთქვამს შვეციის მეცნიერებათა სამეფო აკადემია, რომელის გადაწყვეტილებაც ორშაბათს სტოკჰოლმში გამოაცხადა აკადემიის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა გუნარ უკვისტმა.

[უკვისტის ხმა] “შვეციის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადაწყვიტა, “ალფრედ ნობელის ხსოვნისადმი მიძღვნილი, შვეციის ეროვნული ბანკის პრემია ეკონომიკური მეცნიერების დარგში” მიანიჭოს პროფესორ პოლ კრუგმენს - პრინსტონის უნივერსიტეტი, პრინსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები. ციტატა: “სავაჭრო მოდელებისა და ეკონომიკური საქმიანობის ადგილმდებარეობის მისეული ანალიზისთვის”.

კრუგმენის თეორიები, განაგრძობს შვეციის აკადემია, აჩვენებს, როგორ შეიძლება რეგიონები დანაწევრდეს ტექნიკურად მაღალგანვითარებულ, ურბანულ ცენტრებად და ნაკლებად განვითარებულ პერიფერიებად. საქმე ეხება გლობალურ ტენდენციას, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებად ქვეყნებში.

ეკონომიკის დარგში პრემიის ლაურეატის შემრჩევი კომიტეტის წევრის, პროფესორ პეტერ ენგლუნდის განმარტებით:

[ენგლუნდის ხმა] “მთლიანობაში, ვფიქრობ, პოლ კრუგმენი დაკავებულია იმით, რასაც ჩვენ “პოზიტიურ თეორიას” ვუწოდებთ. ის გვეხმარება გავერკვეთ, როგორ ფუნქციონირებს მსოფლიო. ამდენად, უშუალოდ პოლიტიკაზე არ არის ორიენტირებული. მაგრამ მსოფლიოში უკეთ გარკვევით, შეგვიძლია უკეთ გავთვალოთ სხვადასხვა პოლიტიკის შედეგები. ასე რომ, ერთი სფეროა ვაჭრობის სფეროში მოლაპარაკება, რომლისთვისაც, მაგალითად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია - ვაჭრობის ლიბერალიზაციის სხვადასხვა მეთოდების შეფასებისას - როგორც წესი, ახლა კრუგმენის თეორიებს ეყრდნობა”.

იშვიათია, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილი ფიგურა იყოს არა მარტო კოლეგების წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც. პოლ კრუგმენი ასეთი იშვიათი გამონაკლისია. მას იცნობენ, როგორც “ნიუ-იორკ ტაიმსის” პუბლიკაციების ავტორს, სატელევიზიო პროგრამების ხშირ სტუმარსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკის ოპონენტს.

კრუგმენს არაერთხელ გაუკრიტიკებია შეერთებული შტატების საკრედიტო პოლიტიკა. მას ჯერ კიდევ წლების წინ აქვს გამოთქმული პროგნოზი, რომ შიდა ხარჯების მატებას, მასშტაბურ სავაჭრო დეფიციტთან კომბინაციაში, შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს როგორც ამერიკის, ისე გლობალური ეკონომიკისთვის. პროგნოზი, როგორც ამჟამინდელი საფინანსო კრიზისი მიუთითებს, გამართლებულად შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა, ეკონომიკის დარგში ნობელის კომიტეტის წევრი, პროფესორი პეტერ ენგლუნდი აღნიშნავს, რომ პოლ კრუგმენზე არჩევანის შეჩერებას არა აქვს რაიმე კავშირი ამჟამინდელ საფინანსო კრიზისთან.

[ენგლუნდის ხმა] “ის ნამდვილად არ შერჩეულა ამჟამინდელი კრიზისის გათვალისწინებით. პრემიის ლაურეტის შერჩევისას კომიტეტი ასე ვერც იმუშავებდა. ჩვენ, შეიძლება ითქვას, უფრო გრძელვადიანი ჰორიზონტი გვაქვს. ამ პრემიაზე ფიქრი გაცილებით უფრო ადრე დავიწყეთ, ვიდრე კრიზისი გამოიკვეთებოდა. ეს არის პრემია, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, რა არის გლობალიზაცია. მაგრამ უფრო - გლობალიზაცია რეალობაში, საქონლისა და მომსახურების ბრუნვის მხრივ, მაშინ როცა ამჟამინდელმა კრიზისმა ფინანსები მოიცვა. მართალია, კრუგმენს ეს სფეროც აქვს გამოკვლეული, მაგრამ პრემია ამისთვის არ მიგვინიჭებია”.

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია არ მიეკუთვნება ნობელის, ასე ვთქვათ, “ნამდვილ” პრემიებს, რომელთაც საფუძველი ჩაეყარა 1895 წელს, როცა შვედმა მულტიმილიონერმა ალფრედ ნობელმა ანდერძით განსაზღვრა მათთვის თავისი უზარმაზარი ქონების უდიდესი ნაწილის გამოყოფა.

ნობელის პრემიით 1901 წლიდან აჯილდოვებენ ადამიანებს, რომელთაც გამორჩეული დამსახურებები მიუძღვით ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის, მშვიდობის დარგებში. ეკონომიკა ამ სფეროებს მოგვიანებით დაემატა - 1968 წელს. ამ პრემიის ოფიციალური სახელწოდებაა “ალფრედ ნობელის ხსოვნისადმი მიძღვნილი, შვეციის ეროვნული ბანკის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებაში”. მას დაკავშირებული ფულადი ჯილდო 10 მილიონ კრონს, ანუ 1,4 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

პოლ კრუგმენისა და ნობელის პრემიის დანარჩენი ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია, ტრადიციისამებრ, 10 დეკემბერს გაიმართება - ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს.
XS
SM
MD
LG