Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არღვევს თუ არა პარლამენტი კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას?


სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან.

საქმე ეხება „მეწარმეთა შესახებ კანონის “ 53-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საწარმოს აქციათა 95 პროცენტზე მეტის მფლობელს უფლება აქვს დარჩენილი წილი სხვა მფლობელებისაგან ეგრეთ წოდებულ სამართლიან ფასად გამოისყიდოს. საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი შინარსიის სარჩელი 2007 წელსაც განიხილა, თუმცა პარლამენტმა პროცესის წაგებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე იმავე კანონში შეიტანა ცვლილება, რომელიც შინაარსით სასამართლოს მიერ დაწუნებული მუხლისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად არიან.

სახალხო დამცველისა და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლების გარდა, “მეწარმეთა შესახებ კანონის” 53-ე მესამე პრიმა მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ითხოვდა.

[მამაკაცის ხმა] “მაქვს 292 აქცია. შარშან მომივიდა წერილი აქციების ძირითადი მფლობელის ბუბუტეიშვილისაგან, რომელიც, როგორც თვითონ მწერდა, ფლობდა 97 პროცენტს ამ აქციებისას. მიუთითებდა 53–ე მესამე პრიმა მუხლს მეწარმეობის შესახებ, რომ მას ამ კანონის საფუძველზე სურდა და გადაწყვიტა, რომ შეეძინა დანარჩენი აქციები.“ (სტილი დაცულია)

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2007 წლის სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ განაცხადა, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლს, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ანუ დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

[მოსამართლის ხმა] „ამ საოქმო ჩანაწერის ასლები გაეგზავნოთ საქართველოს პარლამენტს და უზენაეს სასამართლოს. ეს საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში...“

თუმცა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ გამოაქვეყნებდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარომომადგენლებმა ოპერატიულად იმოქმედეს, შედეგად, როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თამარ ხიდაშელმა საკუთრების დაცვის პრობლემისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ კონფერენციაზე განაცხადა, მინორიტარი აქციონერების ბედი არ შეცვლილა:

[თამარ ხიდაშელის ხმა] ”საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ათ დღეში პრეზიდენტი შევიდა ახალი ინიციატივით და თითქმის იდენტური მუხლი იქნა მიღებული, რომელიც, შეიძლება ვთქვათ, რომ მცირე წილის მფლობელი აქციონერების უფლებებს რეალურად არ იცავს.“ (სტილი დაცულია)

მეტიც, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ, საკუთრების უფლების გარდა, ირღვევა „მეწარმეთა შესახებ კანონით“ გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, აქციების გამოსყიდვა უნდა მომხდარიყო საბაზრო ღირებულების შესაბამისად:

[სოზარ სუბარის ხმა] „პრაქტიკაში ეს მუშაობდა ძალიან ცუდად, იმიტომ რომ სათანადოს ნაცვლად, გამოსყიდვა დაბალ, საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასში ხდებოდა. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და მოვიგეთ ორივე ნაწილში. პირველი ითქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლების დაცვას და, მეორე, რომ არ იყო განსაზღვრული სამართლიანი ფასი.“ (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტის ინციატივით, პარლამენტმა კანონში უმნიშვნელო ცვლილება შეიტანა, კერძოდ:

[რუსუდან მჭედლიშვილის ხმა] „ერთადერთი ცვლილება იყო ის, რომ მითითებული იყო, რომ თუ ადრე აქციების სავალდებულო მიყიდვის გადაწყვეტილება არ გამოჰქონდა სასამართლოს, ახლანდელი ცვლილებით, ანუ 53 მეოთხე პრიმა მუხლი ითვალისწინებს აქციების გამოსყიდვის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვას, ანუ სასამართლოს გამოაქვს აქციათა მიყიდვის გადაწყვეტილება.“ (სტილი დაცულია)

”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატი რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ჩამატებული მუხლის გასაჩივრებაც გადაწყვიტა, მაგრამ განმწესრიგებელი სხდომის გამართვამდე პარლამენტმა კანონის მიღების თარიღი შეცვალა, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და სახალხო დამცველი ვითარებასთან შეგუებას აპირებენ. სოზარ სუბარი განმარტავს:

[სოზარ სუბარის ხმა] „საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს საკუთრების უფლებას და პირდაპირ ჩამოთვლის, რა შემთხვევებში შეიძლება საკუთრების უფლების შეზღუდვა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გარდაუვალი საზოგადოებრივი საჭიროება, როდესაც შენდება რკინიგზა ან ნავთობსადენი და სხვ. ცხადია, საქმე გვაქვს კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევასთან, რადგანაც არანაირი საზოგადოებრივი საჭიროება არ არის იმაში, რომ ერთმა აქციონერმა გამოისყიდოს დანარჩენი აქციები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავასაჩივრეთ და ახლა მიმდინარეობს ამის განხილვა.“ (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს საკუთრების უფლების შეზღუდვის დაკანონებას. ოპტიმიზმის საფუძველს ასევე იძლევა ის გარემოება, რომ „მეწარმეთა შესახებ კანონის“ ავტორთაგან ახალი მოწვევის პარლამენტში თითქმის აღარავინ დარჩა, ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილის ”დემოკრატიული განვითარების ახალი ტალღა” საკუთრების დაცვასაც ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG