Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


“რუსეთს სეპარატისტები იურიდიულად არ უღიარებია?” – “რეზონანსი” მკითხველს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ჯონი ხეცურიანის მოსაზრებას აცნობს.

ხეცურიანი განმარტავს, რომ ვინაიდან რუსეთის კონსტიტუცია საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს რუსეთის სამართლებრივი სისტემის შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რაც ნიშნავს მათ უპირატეს ძალას სხვა აქტებთან მიმართებაში და რომ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის აღიარებით რუსეთმა თავისი კონსტიტუციური კანონებიც დაარღვია და ამდენად ამ აღიარებას არ აქვს იურიდიული ძალა. ამავე პუბლიკაციაში წარმოდგენილია ექსპერტ მამუკა არეშიძის მოსაზრებაც: “ქართული მხარე იურიდიული თვალსაზრისით კარგად უნდა იყოს მომზადებული ამ სივრცეში საბრძოლველად. რუსეთის მხარეს პირდაპირ უნდა უთხრას, ვიცით, რომ ეს დოკუმენტი უკანონოა. დანარჩენი უკვე კულუარული მოლაპარაკებების თემაა. როდესაც დასავლელ იურისტებს ვესაუბრეთ ამის თაობაზე, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა”, - აცხადებს მამუკა არეშიძე. პაატა ზაქარეიშვილი კი თვლის, რომ არა აქვს მნიშვნელობა აღიარების იურიდიულ მხარეს, მას პოლიტიკური ძალა აქვს.

“ალიას” კორესპონდენტი ტრადიციონალისტთა ლიდერ აკაკი ასათიანს ესაუბრა: “ახლა ისეთი დროა, აფხაზეთის შემოერთებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, რომ აფხაზეთის რუსეთს არ შეუერთდეს. მერე, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, ღმერთი ჩვენკენ იქნება”, - ამბობს ასათიანი და დასძენს: “ღვთის წყალობით, ასპარეზზე გამოჩნდა ევროპა, რომელიც სამხედრო შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთსა და ამერიკაზე ბევრად უფრო სუსტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სუსტი ევროპა რუსეთთან ურთიერტობისას უფრო ავტორიტეტულია და ნაკლებად გამაღიზიანებელი, ვიდრე ამერიკა. ამრიკისა და რუსის ბაქი-ბუქმა, კავკასიონზე წითელი ხაზია გავლებულიო, რუსეთი ვერ შეაჩერა”, - ინტერვიუ აკაკი ასათიანთან “ალიაში” იბეჭდება.

“24 საათი”, ეკა კვესიტაძე: “ამ ომმა უამრავი ადამიანის ცხოვრებასთან ერთად ის ილუზორული რეალობაც დაანგრია, რომ დაკარგულ ტერიტორიებს რამდენიმე წელში დავიბრუნებდით, თუ მშვიდობით არა, ერთი სპეცოპერაციით მაინც; რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას ვერ გაბედავდა და ასე შემდეგ. დღეს ზუსტად ვიცით, რა რეალობის წინაშეც ვდგავართ და რაც უნდა ძნელი იყოს სწორედ ამ რეალობაშ მოგვწევს სახელმწიფოს შენება. ეს სახელმწიფო კი, ნატოსთან ერთად, თუ ნატოს გარეშე, მაინც უნდა აშენდეს”, - წერს “24 საათის” ავტორი.

“საქართველოს რესპუბლიკას” მოსაზრებებს უზიარებს ადამიანის უფლებათა ექსპერტი, პროფესორი ბიძინა სავანელი. ინტერვიუს დასასრულს ის გამოსავალზე ამბობს: “დღეს, როდესაც ერის არსებობა საფრთხეშია, გადაუდებლად აუცილებელია: ძირითადი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დროებით უნდა შეაჩერონ პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება და არასამთავრობო ორგანიზაციების ერზე ორიენტირებულ ლიდერებთან და ექსპერტებთან ერთად მიუსხდნენ მრგვალ მაგიდას და სასწრაფოდ შეიმუშაონ საქართველოს გადარჩენის ტაქტიკა და მოქმედების გეგმა”, - ბიძინა სავანელის აზრი გახლავთ ეს. “საქართველოს რესპუბლიკაში” დღეს ორი გვერდი ეთმობა “დემოკრატიის განვითარების ფონდის” პრეზიდენტ ნინო ბურჯანაძის ცნობილ 43 შეკითხვასა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მათზე პრესის საშუალებით გაცემულ პასუხებს.

დღევანდელ გაზეთებშიც არის საუბარი 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე. “ახალ თაობას” ამის თაობაზე კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი – პაატა ზაქარეიშვილი ეუბნება, რომ მიტინგი 7 ნოემბერს აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მაგრამ ის იმავე დღეს უნდა დასრულდეს: “ჩვენი ხელისუფლება კარგად ვერასოდეს ვერ იმუშავებს, გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლება არის ავადმყოფი და უუნარო. ხელისუფლებას საშუალება არ უნდა მივცეთ, პასუხისმგებლობა აკიდოს სხვას, თორემ ამაშიც ქულებს დაიწერს. ამიტომაც, მიტინგები უნდა იყოს ზომიერი, გონიერი და უსაფრთხო, რათა ქვეყანა არ დაზარალდეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ნოემბერ-დეკემბერში წყდება სახელმწიფოს ბედი. 7 აგვისტოს რაც დაიწყო, ის ჯერ არ დამთავრებულა, სამწუხაროდ. ომი დასრულდა, თორემ დიპლომატია ჯერ არ დასრულებულა”, - ამბობს ზაქარეიშვილი “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG