Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი აგვისტოს მოვლენების ალტერნატიულ შესწავლას აწარმოებს


აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის პარალელურად, საქართველოში დაფუძნდა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, რომელიც თავისი მუშაობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ასევე მიიჩნევს აგვისტოს მოვლენების ყოველმხრივ შესწავლას.

ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მათი დასკვნები საზოგადოებისათვის გაცილებით უფრო ადრე გახდება ცნობილი. საპარლამენტო კომისიის მუშაობისგან ექსპერტთა კლუბის მუშაობა იმითაც განსხვავდება, რომ იქ შეკითხვებს კი არ სვამენ ხელისუფლების მისამართით, არამედ თავად იძლევიან პასუხს მთავარ შეკითხვაზე, თუ რამ მიიყვანა ქვეყანა აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებამდე.

ცნობილი ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ექსპერტთა კლუბში ეკონომიკის მიმართულებაზე მუშაობს. პარასკევს, 17 ოქტომბერს, კლუბის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი მოხსენებაც სწორედ ეკონომიკის საკითხებს მიეძღვნება. ცნობილია თემის სახელწოდება: ”საქართველოს ეკონომიკა ომამდე და ომის შემდეგ”. როგორც გია ხუხაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ექსპერტთა კლუბი, აგვისტოს მოვლენების წინა ისტორიის, მისი განვითარებისა და შემდგომი პროცესების კვლევის ფარგლებში, მოისმენს მოხსენებებს აგრეთვე სხვა მიმართულებითაც:

[გია ხუხაშვილი] ”დავყავით სფეროებად: ეს არის ეკონომიკა, ეს არის ჰუმანიტარული და სოციალური პრობლემები, ეს გახლავთ საკუთრივ სამხედრო თემატიკა, საგარეო პოლიტიკა, რეგიონალური პოლიტიკა, ზოგადად კავკასიის პრობლემატიკა. ასე რომ, ყველა მიმართულებაზე, ჩვენი აზრით, ის პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც საზოგადოებისათვის კარგად არიან ცნობილნი.”

ექსპერტთა კლუბი ოფიციალურად 15 ოქტომბერს დაფუძნდა. თუმცა კლუბის წევრებმა დაფუძნებამდე მოახერხეს შეკრება და დღის წესრიგის განსაზღვრა. ექსპერტთა კლუბში ყველა მოხსენება წაკითხული იქნება საჯაროდ. არ იქნება არავითარი დახურული სხდომა, რადგან, პარლამენტის დროებითი კომისიისგან განსხვავებით, ექსპერტთა კლუბის წევრები არ აპირებენ მთავრობის წევრების მოწვევას და მათთვის შეკითხვების დასმას. როგორც ექსპერტთა კლუბის წევრმა, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ექსპერტთა ჯგუფს ვერ ექნება საგამოძიებო კომისიის პრეტენზია:

[ლაშა ტუღუში] ”მას, ბუნებრივია, გარკვეული კითხვებიც გააჩნია. მაგრამ ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმში არ ვმუშაობთ და მერე არ ვაკეთებთ დასკვნებს. ჩვენ გარკვეულ მოსაზრებებს შევიმუშავებთ, რომელთა საფუძველი არსებობს, გადამუშავდება და შემდგომ მიიღებს დასკვნის ფორმას.”(სტილი დაცულია)

ექსპერტთა კლუბი, მართალია, 10 კაცისაგან შედგება, მაგრამ მისი კარები ღიაა ყველა დამოუკიდებელი ექსპერტისათვის, გარდა პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისა. ასეთი ჯგუფის მუშაობამ უნდა უზრუნველყოს ექსპერტთა კლუბის მაქსიმალური მიუკერძოებლობა. თუმცა, როგორც გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლუბის წევრები აბსოლუტურად დაცლილები არიან მოტივაციისაგან.

[გია ხუხაშვილი] ” ნუ, ბუნებრივია, ადამიანებს შეიძლება გააჩნდეთ პოზიცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც კლუბში არიან, მათ იცნობს საზოგადოება და ისინი დადებენ, მე ვფიქრობ, ისეთ პროდუქტს, რომელიც იქნება ობიექტური.” (სტილი დაცულია)

ექსპერტთა კლუბის წევრები აპირებენ გვერდი აუარონ ყბადაღებულ შეკითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი 7 აგვისტოს. ახლად შექმნილი ორგანიზაციისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა პროცესები უძღოდა წინ აგვისტოს მოვლენებს, რა იყო მისი შედეგი და როგორ განვითარდება მოვლენები. შესაბამისად, ექსპერტთა კლუბი აპირებს შესთავაზოს საზოგადოებას გარკვეული რეკომენდაციებიც ვითარებიდან გამოსასვლელად. თუმცა, როგორც კლუბის წევრმა, ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, შესაძლებელია დაისვას ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან წინასწარი დასკვნები სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებზე მიუთითებს:

[გია ხუხაშვილი] ”ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გვერდიდან შევხედოთ პროცესებს, მაგრამ აქ, გარკვეულწილად, მაინც იქნება კრიტიკა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა. ანუ მე ასე ვფიქრობ, რომ საბოლოო დასკვნაში მოსაზრებები წავა იმ მიმართულებით, რომ, რაღა თქმა უნდა, აგრესორი არის რუსეთი, მათ მიერ იყო დაგებული ხაფანგი. მაგრამ აქვე იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლება, მთლიანად ჩვენი სახელმწიფო, ამ, რუსეთის მიერ საკმაოდ კარგად, ოსტატურად დაგებულ, ხაფანგში.”

ექსპერტთა კლუბის წევრები ვარაუდობენ, რომ შეჯერებული დასკვნა მზად უკვე ნოემბრის ბოლოსთვის იქნება. ამასთან, კლუბის წევრები არ განიხილავენ კონკურენტებად აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას. როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, დროებითი კომისიის დასკვნაც და ექსპერტთა კლუბის შეფასებაც ხელს შეუწყობს იმ საფრთხეების მოხსნას, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.
XS
SM
MD
LG