Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


საქართველოს პრესა კვლავაც ცდილობს, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია 7 ნოემბრისთვის დაგეგმილი აქციის შესახებ.

“ალია” წერს: “იჩქარე ნელა!” – ეს ოპოზიციის ლოზუნგად იქცა, მაგრამ ისინი მაჩანჩალა მოსწავლეებს უფრო დაემსგავსნენ, უსაქმურობაში სული რომ სძვრებათ. ამდენი ხნის მანძილზე, რაც ისინი სააკაშვილის ხელისუფლებას ჩაბჟირებამდე ებრძვიან, არც ერთი ოპოზიციონერისგან არ მოგვისმენია თანმიმდევრული გეგმა, როდის რას აპირებენ და რატომ უნდა მივიდეს ხალხი იმ კონკრეტულ მომენტში მათ მხარდასაჭერად”, - წერს გაზეთი და კონსერვატორ კახა კუკავას ეკითხება მომავალი აქციის შესახებ. კუკავა ამბობს: “გამოსვლების ძირითადი მიზეზი არის უსამართლობა. საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანას მართავს მაფია, კრიმინალი და არა პოლიტიკური ლიდერები. დღესაც ყველა კრიმინალური ლიდერი რჩება ხელისუფლებაში, იცვლებიან ბუტაფორიული სახეებით, მაგრამ ის მაფია, რომლის წინააღმდეგაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა 2 ნოემბერს და შემდეგ 7 ნოემბერს, კვლავ ხელუხლებელია. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას პროტესტის მიზეზი ისევ ისეთი აქვს, რაც შარშან ჰქონდა. ამ ეტაპზე რა მოთხოვნები გაჟღერდება, არ ვიცი. ყოველ წუთს იცვლება პოლიტიკური დინამიკა და ბევრ რამეზეა დამოკიდებული.”

“ჯორჯიან ტაიმსი”, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი: “მე ვეთანხმები ამ აქციების ჩატარებას, თუ ის იქნება ლოზუნგით – ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ. და ეს იქნება არა პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება, არამედ ერთდღიანი აქცია. ამ შემთხვევაში მივალ. თუ იქ შიმშილობები დაიწყება და ვიღაცას მოთხოვნა გაუჩნდება სადღაც შევვარდეთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ეს იქნება უკანონო და, ცხადია, ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.”

“ჯორჯიან ტაიმსი” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან. ის ამბობს: “აგვისტოს მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ შეიარაღებული ძალები აღარ გვყავს. არ იყო საერთო სტრატეგიული ხედვა და ვერ გავიგეთ, რა იყო ხელისუფლების მიზანი, რა სურდა, რომ იმ მოკლე საბრძოლო მონაკვეთში ამისთვის მიეღწია. კონტექსტიდან ასევე მთლიანად იყო ამოვარდნილი საქართველოს დეკლარირებული კურსის - ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის - საკითხი, ნატოში ინტეგრაციით. საბრძოლო ქმედება ჩვენს ინტეგრაციას ნატოში ხელს ვერანაირად შეუწყობდა”, - ამბობს თავდგირიძე. მასთან ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროში ინფორმაციის დაფარვის თემას ეხება: “ეჭვი გვაქვს”, - ამბობს თავდგირიძე, – “ხელისუფლება ამას სპეციალურად აკეთებს, რადგან წასვლას აპირებს და ცდილობს ყველაფერი ისე მოასუფთაოს, რომ ბევრი კუდი არ დარჩეს. როცა წავა, მისი მემკვიდრეების დროს დაისმება შეკითხვა, სად მიდიოდა ამდენი თანხები. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია მილიარდებზე, რომელიც, ეჭვი მაქვს, გამქრალია. სწორედ ამიტომ ხდება სტატისტიკის დაფარვა”, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.

აგვისტოს ომის შეცდომებზე საუბრობს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე. როგორც რამდენიმე დღის წინ, დღესაც ერთსა და იმავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუები ბიწაძესა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან. ბიწაძე “ყველა სიახლის” კორესპონდენტს ეუბნება: “ისე წარიმართა საომარი მოქმედებები, რომ იქ არც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო და არც მოუმზადებელი რეზერვისტები. წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩემი შვილი იქ ყოფილიყო, რადგან ამ ომში მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ებრძოლათ. თუმცა ის პატრიოტული მუხტი, რაც ამ ახალგაზრდებში იყო, დასაფასებელია. ომის დაწყების შემდეგ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით: გაურკვეველი იყო სად მივდიოდით, რას ვაკეთებდით, რა იყო ჩვენი მიზანი, როგორ უნდა გვემოქმედა. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს აფხაზეთის ომის და მსგავსი რამ არ უნდა განმეორებულიყო”, - ამბობს ბადრი ბიწაძე. “ყველა სიახლე” ნინო ბურჯანაძეს ეკითხება: “თქვენი მკაცრი განცხადებების შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს შეუტიეს. მოვლენათა როგორ განვითარებას ელით, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ რამე ბრალდებით თქვენი მეუღლე დააპატიმრონ?”. ბურჯანაძის პასუხი: “არგუმენტირებული ბრალდება, რომლის საფუძველზეც შეიძლება პრეტენზია წაუყენონ, არ არსებობს. მაგრამ თუ ვინმე რამეს მოიგონებს და, სამწუხაროდ, ასეთი პრეცედენტებიც არსებობს, გამორიცხული არაფერია”, – ამბობს ბურჯანაძე.

“ახალი თაობა” კითხულობს: “რატომ არ უმართლებს საქართველოს პრეზიდენტებში?”. ავტორი პუბლიკაციის დასასრულს წერს: “თუ უახლოეს დღეებში ევროკავშირი მოახერხებს ქართველების სამაჩაბლოს სოფლებში დაბრუნებას და რუსი ოკუპანტების გაყვანას ახალგორიდან და კოდორიდან, ეს უკვე დიდი გამარჯვება იქნება. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს (ე.წ. “სამხრეთ ოსეთს”), საქართველო უნდა მოიქცეს სერბიის მსგავსად, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და გარკვეული ეტაპით გადადოს ამ მოუგვარებელი პრობლემის მოგვარება, რათა მთელი ძალების კონცენტრაცია მოახდინოს ეკონომიკის განვითარებასა და სოციალური დონის ამაღლებაზე. სანამ საქართველოს ლიდერისადმი წაყენებულ პირობებში იქნება ტერიტორიების პრობლემის მოგვარების მოთხოვნა, მანამდე ამ ლიდერთა შორის პრიორიტეტი მუდამ ექნება არა პროფესიონალებს, არამედ რევანშისტებს, რომლებიც მიგვიყვანენ ტერიტორიების კიდევ უფრო მეტ შემცირებამდე”, - წერს “ახალი თაობის” კორესპონდენტი.

“რეზონანსი” დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზე რუსთავის მეექვსე საპყრობილეში შესაძლო ამბოხის შესახებ წერს, რომლის მიზეზიც ის იქნება, რომ ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლებას არ აძლევს და, ნაცვლად ყოველდღიური გასეირნებისა, მათ უმრავლესობას მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ უშვებს ჰაერზე. “სახალხო დამცველი ამ ფაქტის თავის მოხსენებაში შეტანას აპირებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის დასმით იმუქრება. თავად მეექვსე საპყრობილის პატიმრები კი ამ დღეებში შიმშილობის გამოცხადებას აპირებენ”, – წერს “რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG