Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის უმთავრესი გამარჯვება ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაში


გადაწყვეტილებას, რომელიც ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 15 ოქტომბერს გაახმაურა, საქართველო 2 თვის მანძილზე ელოდა.

საუბარია დროებითი ღონისძიების დაწესების მოთხოვნაზე, რაზეც 15 ოქტომბერს საქართველომ დადებითი პასუხი მიიღო. მართალია, ამ ეტაპზე საერთაშორისო სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის ვალდებულება, რუსეთთან ერთად, საქართველოსაც შეახსენა, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები, სადაც ადამიანები ეთნიკური ნიშნით იდევნებიან, რუსეთის კონტროლქვეშ არის, ჰააგის სასამართლოს გაფრთხილების ადრესატი რუსეთი გამოდის. ამასთან, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქართველოს სარჩელის არსებით განხილვას შეუდგება, რაც თბილისში ყველაზე დიდ გამარჯვებად მიიჩნევა.

15 ოქტომბერს ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დიდ გამარჯვებას უწოდებენ თბილისში. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ ჰააგის გადაწყვეტილება შეაფასა არა მხოლოდ როგორც უდიდესი სამართლებრივი, არამედ როგორც უდიდესი პოლიტიკური გამარჯვება:

(ნიკა გვარამიას ხმა) ”რუსეთს დაევალა, თავი შეიკავოს ეთნიკური დისკრიმინაციული მოპყრობისგან ქართველთა მისამართით; თავი შეიკავოს დაფინანსებისგან, დაცვისა და მხარდაჭერისგან იმ სეპარატისტული რეჟიმებისა, რომლებიც ეწევიან ეთნიკურ დისკრიმინაციას; სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობას წარმოადგენს
სეპარატისტული ქმედებები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით... სასამართლომ ასევე რუსეთს დააკისრა, უზრუნველყოს უსაფრთხოება თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება და საკუთრების უფლება იმ რეგიონებში, რომლებიც მის კონტროლქვეშ იმყოფება და ეს პრაქტიკულად უტოლდება დევნილთა დაბრუნების უფლების უზრუნველყოფას; ასევე დაეკისრა რუსეთს, არ შეზღუდოს ჰუმანიტარული დახმარების მიმოსვლა ამ ტერიტორიებზე და თავი შეიკავოს ნებისმიერი იმ ქმედებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.”

დავალებათა ეს ვრცელი ჩამონათვალი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან 15 ოქტომბერს რუსეთმა მართლაც მიიღო; მაგრამ იმავე პრინციპების დაცვისკენ სასამართლომ საქართველოსაც მოუწოდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რუსეთის მხარემ გადაწყვეტილება სათავისოდ გადათარგმნა.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგად სახეს ატარებს და, საქართველოს მხარის სურვილის საწინააღმდეგოდ, მიმართულია არა მხოლოდ რუსეთისკენ, არამედ საქართველოსკენაც. კრემლი კანონმორჩილის ნიღაბს ირგებს. მისი საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ყოველთვის იცავდა საერთაშორისო კონვენციას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე და იმედოვნებს, რომ საქართველოც მკაცრად დაიცავს კონვენციის მოთხოვნებს.

ის ფაქტი, რომ, რუსეთთან ერთად, მითითებები საქართველომაც მიიღო, საქართველოს მხარის მტკიცებით, ჩრდილს სულაც არ აყენებს ჰააგაში მის მიერ მიღწეულ გამარჯვებას. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიდერლანდის სამეფოში მაია ფანჯიკიძის თქმით, ყველა ის მითითება, რომელზეც ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ამახვილებს ყურადღებას, ყველა ლოგიკით, რუსეთის გასაგონად არის ნათქვამი:

(მაია ფანჯიკიძის ხმა) ”სასამართლომ აღნიშნა, რომ არც აფხაზებისა და ოსების მდგომარეობაა დამაკმაყოფილებელი ამწუთას, კონკრეტულად ამ რეგიონებში; სასამართლომ ორივე მხარე გააფრთხილა, მაგრამ,რასაკვირველია, მთავარი ის არის, რომ რუსეთის მხარე იქნა გაფრთხილებული... მოგეხსენებათ, ეს ჩვენს მიერ შეტანილი სარჩელი იყო... კი, ნათქვამია, რომ ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ არ დაირღვეს მათი უფლებები და არ განხორციელდეს ეთნოწმენდა... მაგრამ, ძირითადად, ეს, რასაკვირველია, არის მიმართული რუსეთისკენ. ჩვენ იმ ტერიტორიებზე ვერ შევდივართ, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები იქ კონტროლს ვერ ახორციელებენ... შესაბამისად, თუ იქ რამე ხდება, ხდება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.”

15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ რომ იქნა მიღებული, ამაზე უცხოეთის პრესაც ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, ”ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბუნის” აზრით, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს მწვანე შუქი აუნთო იმ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ეთნიკურ წმენდაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიებზე და მათ მიმდებარე ზონებში.

სწორედ ამ საკითხს ასახელებს 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების უმთავრეს გამარჯვებად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში მაია ფანჯიკიძე, რომელიც ამ პროცესში თბილისსა და ჰააგას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას ასრულებს:

(მაია ფანჯიკიძის ხმა) ”15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ საქართველოს სარჩელი მიიღო წარმოებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება... რასაკვირველია, ეს შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს - შეიძლება რამდენიმე თვე, არ არის გამორიცხული, რამდენიმე წელიც გაგრძელდეს... მაგრამ მთავარი არის ის, რომ სასამართლომ გადაწყვიტა - ეს საქმე შედის მის იურისდიქციაში და მას განიხილავს.”(სტილი დაცულია)

სარჩელით, რომელიც ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ 12 აგვისტოს შევიდა, საქართველო ცდილობს დაამტკიცოს რუსეთის მიერ სეპარატიზმის ხელშეწყობა და ეთნიკური წმენდის განხორციელება 1990 წლიდან დღემდე. თავის მხრივ, რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ეს საქმე გაეროს უმაღლესი სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის. ”ფაინენშელ ტაიმსის” აზრით, 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა იმ მეთვალყურეებისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის მოთხოვნას გაითვალისწინებდა და იტყოდა, რომ ეს კონკრეტული საქმე მის იურისდიქციაში არ შედის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG