Accessibility links

logo-print

რუსეთისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორები დიალოგის დაწყებას ცდილობენ


ომისა და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები

ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ დიალოგის დაწყებას, სამხედრო დაპირისპირების შედეგების ლიკვიდაციასა და ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსკოვსა და თბილისს შორის გამართული ტელეხიდი, რომელსაც 16 ოქტომბერს საერთაშორისო პრეს-ცენტრმა „რია ნოვოსტიმ“ უმასპინძლა.

რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, რუსი და ქართველი ექსპერტები პირველად 29 სექტემბერს შეიკრიბნენ ბაქოში, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრისა და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის ნაციონალური კომიტეტის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე. კონფერენციის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ დიალოგს და ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევას. რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის თანამშრომელმა ოლგა კოსტინამ ტელეხიდის მსვლელობის დროსაც გაამახვილა ყურადღება დევნილების პრობლემებზე:

[ოლგა კოსტინას ხმა] „მეტი აქტიურობა გვმართებს. დიალოგით, რომელიც ბაქოში დაიწყო, გვაქვს შანსი ვაჩვენოთ პოლიტიკოსებს, რომ, მათგან განსხვავებით, შეიძლება ყველაფერი გამოგვივიდეს. მეტიც. მეჩვენება, რომ ერთობლივი ძალისხმევით დევნილების დაბრუნებასაც შევძლებთ. ამ საქმით, ანუ დევნილი ადამიანების დაბრუნებით, სპეციალისტების ერთობლივი ჯგუფები უშუალოდ ადგილებზე დაკავდებიან, უსაფრთხოების გარანტია კი ჩვენი ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებებისაგან უნდა მივიღოთ. სხვანაირად, ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, არაფერი გამოვა.“

ოლგა კოსტინას მსგავად, ერთობლივი ჯგუფების ეფექტურობაში ეჭვი არ ეპარებათ ტელეხიდის სხვა მონაწილეებსაც, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ერთობლივი ჯგუფების შემადგენლობა. ვალენტინ გეფტერის, რუსეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორის, მოსაზრება ასეთია:

[ვალენტინ გეფტერის ხმა] „ვფიქრობ, პირველ რიგში, ადგილზე დარჩენილ თემთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს საკუთარი სახლებიდან განდევნილი მოსახლეობაც. ასევე ერთობლივი ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას უნდა იღებდნენ საქართველოს, რუსეთის და, შესაძლოა, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები. უნდა შევადგინოთ გზამკვლევები კონკრეტული რაიონების მიხედვით და დავიწყოთ ყველაზე მწვავე პრობლემის გადაჭრით. ვგულისხმობ ქართულ ანკლავებს, რომლებიც თითქმის სრულადაა გადამწვარი. დავიწყოთ ამ ადგილებიდან დევნილი ადამიანების დაბრუნებით. შეიძლება ვინმემ თქვას, ძველმა დევნილებმა რა დააშავეს, ისინი, რა, მეორე ხარისხოვანი ადამიანები არიანო? ცხადია, არა. უბრალოდ, ახალი პრობლემების მოგვარების მეტი შანსია.“

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ქართველი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგი არც ცნობილი რუსი ჟურნალისტი და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი მაქსიმ შევჩენკოა, თუმცა, მისი თქმით, დევნილებს შექმნილი რეალობისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევთ:

[მაქსიმ შევჩენკოს ხმა] „უნდა ვიმსჯელოთ რეალურ სტატუს-კვოზე, ანუ ანგარიშგასაწევია ამ მომენტისათვის შექმნილი მდგომარეობა და არა რეალობაზე ჩვენი ჰიპოთეტური შეხედულება, ისევე როგორც გრძნობა, რომელიც ამა თუ იმ საკითხების განხილვისას გვახრჩობს.“

საქმე ისაა, რომ მაქსიმ შევჩენკომ რუსულ მედიაში ორიოდე კვირის წინა განაცხადა, შესაძლოა, ქართველ დევნილებს შინ დასაბრუნებლად სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების აღება დასჭირდეთო. ამ და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს მხრიდან ტელეხიდში მონაწილე ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ეჭვმა შეიპყრო:

[ლევან გახელაძის ხმა] „ის მინიმალური ოპტიმიზმი, რომლითაც ამ შეხვედრაზე მოვდიოდი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელმა განცხადებამ ნულამდე დაიყვანა. გაზეთმა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა ცირკულარი, რომელიც მილიციის განყოფილებებს ატყობინებს, რომ ცხინვალისა და კოდორის ხეობიდან დევნილმა ადამიანებმა, შესაძლოა, ტერაქტები მოაწყონ მოსკოვში, პეტერბურგსა და სოჭში.“

რუსეთთან პობლემების ერთი ხელის მოსმით გადაჭრას არც მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ მფლობელი ელის, თუმცა მალხაზ გულაშვილი დარწმუნებულია, რომ დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა:

[მალხაზ გულაშვილის ხმა] „ჩვენი მიზანი იყო ამ დიალოგის დაწყება და ის, რომ ეს დიალოგი არ შეწყდეს. თან, ჩვენთან ერთად რუსეთსაც უნდა რომ დევნილები დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. მეორე - უნდა შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობენ. და კიდევ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსული საზოგადოების ინფორმირება“..(სტილი დაცულია)

ტელეხიდის მსვლელობისას გაირკვა, რომ რუსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გულწრფელადაა შეწუხებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანების მძიმე ყოფით და მათი დაბრუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ტელეხიდის კიდევ ერთ მონაწილეს, ცხინვალისა და ნიქოზის არქიეპისკოპოს ესაიას, კარგად ესმის იმ ადამიანების, ვინც ჩადენილი შეცდომის გამოსწორებას ცდილობს:

[არქიეპისკოპოს ესაიას ხმ]ა „ადამიანსა და ქვეყანას, რომელიც უსამართლობას სჩადის, აუცილებლად უკან მოუბრუნდება. ჩვენ ძალიან არ გაგვიხარდება, თუკი რუსეთი თავისი ქმედებებით რაღაც უბედურებას დიატეხს საკუთარ თავზე.“(სტილი დაცულია)



ტელეხიდის მსვლელობისას ითქვა, რომ, სირთულეების მიუხედავად, დიალოგი არ შეწყდება. მართალია, მხარეები თარიღზე არ შეთანხმებულან, მაგრამ ცნობილია, რომ შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.







XS
SM
MD
LG